გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ლევან ქემოკლიძე ოლგა ბაბლუანის წინააღმდეგ
18.08.2019

განმცხადებელი : ლევან ქემოკლიძე;
მოპასუხე : ოლგა ბაბლუანი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
გადაწყვეტილება

28 ივლისი 2019 წელი

საქმე N 279
ლევან ქემოკლიძე ოლგა ბაბლუანის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: გიორგი მგელაძე, კამილა მამედოვა, ლიკა ზაკაშვილი, ლაურა გოგოლაძე, გელა მთივლიშვილი, გიორგი სულაძე.

განმცხადებელი: ლევან ქემოკლიძე

მოპასუხე: ოლგა ბაბლუანი

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ლევან ქემოკლიძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში "რა დროს ძილია", დაირღვა ქარტიის 1 და მე-9 პრინციპი. სადავო გადაცემა ეთერში გადაიცა 2019 წლის 20 აპრილს და ეძღვნებოდა ქუთაისს. გადაცემის წამყვანი ოლგა ბაბლუანი განისაზღვრა მოპასუხე ჟურნალისტად.

საქმის განხილვას არ ესწრებოდნენ განმცხადებელი და მოპასუხე ჟურნალისტი, ამასთან, მოპასუხე ჟურნალისტს არც სხვა რაიმე ფორმით წარმოუდგენია თავისი პოზიცია სადავო სიუჟეტთან დაკავშირებით.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის პირველი პრინციპი „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“. განმცხადებლის მიერ სადავო გახდა ჟურნალისტის ფრაზა „დღეს ქუთაისში რიონისპირა სახლების და ბულვარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს“. მისი პოზიციით, აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს.

საბჭოსათვის ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იყო დაედგინა რაიმე ფორმით, მათ შორის დოკუმენტაციის მომზადების კუთხით მაინც თუ მიმდინარეობდა პროგრამა ქუთაისში რიონისპირა სახლების და ბულვარის რეაბილიტაცის მიზნით. აღნიშნული ინფორმაციის მოპოვებისათვის საბჭოს სამდივნომ წერილობით მიმართა ქუთაისის მერიას. 2019 წლის 05 ივნისის N01/13065 წერილით ქუთაისის მერიამ ქარტიის საბჭოს აცნობა რომ:

  1. 1. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 07.05.2019 წ. გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი SPA190002436 - ქ. ქუთაისში ისტორიული საცხოვრებელი უბნის სარეაბილიტაციოდ დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებასა და აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე საამშენებლო სამუშაოებისათვის საავტორო ზედამხედველობის გაწევის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე.
  2. ქ. ქუთაისში ცენტრალური ბაღის-ბულვარის რეაბილიტაციაზე - საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამზადებაზე NAT180012470 ელ. ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულებულია, ასევე დასრულებულია საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა
წარმოდგენილი ინფორმაციიდან ჩანს, რომ ქუთაისში ისტორიული საცხოვრებელი უბნის სარეაბილიტაციოდ უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობს, არამედ დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე ტენდერი გამოცხადდა 2019 წლის 07 მაისს, ანუ გადაცემის ეთერში გასვლის მომენტისათვის [2019 წლის 20 აპრილი] საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე ტენდერიც არ იყო გამოცხადებული.

რაც შეეხება ქუთაისში ცენტრალური ბაღის-ბულვარის რეაბილიტაციას, როგორც მერიამ თავის პასუხში მიუთითა, აღნიშნული სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამზადებაზე გამოცხადებული იყო ტენდერი N NAT180012470. საბჭოს მიერ აღნიშნული ინფორმაცია გადამოწმდა შესყიდვების სააგენტოს ვებსაიტზე tenders.procurement.gov.ge. მიღებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ტენდერი გამოცხადდა 2018 წლის 08 აგვისტოს. ტენდერში გაიმარჯვა შპს “სამართლებრივი ანალიზისა და ექსპერტიზის ცენტრმა”, რომელსაც სამუშაოები უნდა შეესრულებინა 2018 წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით. ამის შემდეგ ხელშეკრულებაში შედიოდა ცვლილებები და ძირითადად ხდებოდა შესრულების ვადის გადაწევა. 2019 წლის 28 ივნისს საერთოდ შეწყდა ხელშეკრულება ისე, რომ მომსახურება არ განხორციელებულა.

საბჭომ დაადგინა, რომ არასწორი იყო ჟურნალისტის ფრაზა, რომ ქუთაისში რიონისპირა სახლების და ბულვარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ შეფასებისას საბჭო ეყრდნობა შემდეგ გარემოებებს:

  1.  ფრაზა „დღეს ქუთაისში რიონისპირა სახლების და ბულვარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს“ მაყურებელს შთაბეჭდილებას უტოვებდა თითქოს სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაში იყო და უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა.
  2. არა თუ აქტიური ფაზა, არანაირი სამშენებლო - სარეაბილიტაციო სამუშაოები იმ დროს არ მიმდინარეობდა. გადაცემის გასვლის მომენტში ქუთაისში ისტორიული საცხოვრებელი უბნის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე ტენდერიც კი არ იყო გამოცხადებული.
  3. ქუთაისში ცენტრალური ბაღის-ბულვარის რეაბილიტაციაზე, კერძოდ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამზადებაზე ტენდერი იყო გამოცხადებული, მაგრამ სამუშაო შესრულებული არ იყო და საქმის განხილვის მომენტისათვის საერთოდ გაუქმებული იყო აღნიშნული ტენდერის შედეგები.

საბჭო ასევე ყურადღებას გაამახვილებს, რომ ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის დაპირება მუდმივად გამოიყენება ადგილობრივი თუ ცენტრალური მთავრობის მიერ როგორც დაპირება მოსახლეობისათვის და ამ საკითხის მიმართ ყურადღება მაღალია, მით უფრო გადაცემაში თავად ქუთაისის მერის, როგორც რესპონდენტის მიერ, აქცენტირებული იყო რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის გეგმა. შესაბამისად, რეალობასთან ასე მკვეთრად შეუსაბამო ინფორმაციის ჟურნალისტის მიერ მაყურებლისათვის მიწოდება წარმოადგენს ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევას.

ქარტიის მე-9 პრინციპის თანახმად, სარედაქციო მასალები მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს მარკეტინგული, სარეკლამო და სპონსორის მიერ დაფინანსებული მასალებისაგან. განმცხადებელი აპელირებდა, რომ ზოგადად გადაცემა მომზადებული იყო ქუთაისის მერიის ფინანასური ხელშეწყობით და გადაცემის მიზანი იყო ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის პოზიტიურად წარმოჩენა, ვინაიდან აღნიშნული გადაცემის დიდი დრო დაეთმო თვითმმართველობის წარმომადგენლების ინტერვიუს, მათთან ვიზიტებს.

ქარტიის საბჭოსათვის ვერ იქნა წარმოდგენილი კონკრეტული მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გადაცემის ფინანსურ მხარდაჭერას ან სხვა რამე სარგებლის გადაცემას, შესაბამისად, ასეთი მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა დიდი დოზით და პოზიტიურად იყო წარმოდგენილი, ქარტიის მე-9 პრინციპის დარღვევა ვერ დადგინდება.

სარეზოლუციო ნაწილი 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1. ოლგა ბაბლუანმა დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.

2. ოლგა ბაბლუანს არ დაურღვევია ქარტიის მე-9 პრინციპი.