გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - რომან გოცირიძე geotimes.ge-ს არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ
15.09.2019

განმცხადებელი : რომან გოცირიძე;
მოპასუხე : ჯეოთაიმსი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 11 პრინციპი;
გადაწყვეტილება

28 ივლისი 2019 წელი

საქმე N 301

რომან გოცირიძე  geotimes.ge-ს არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: გიორგი მგელაძე, კამილა მამედოვა, ლიკა ზაკაშვილი, ლაურა გოგოლაძე, გელა მთივლიშვილი, გიორგი სულაძე.

განმცხადებელი: რომან გოცირიძე

მოპასუხე: ვებ საიტ geotimes.ge-ს არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა პარლამენტის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ რომან გოცირიძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ დაირღვა ქარტიის 1, მე-3, მე-5, მე-7 და მე-11 პრინციპები ვებსაიტზე geotimes.ge 2019 წლის 10 ივნისს განთავსებულ ჟურნალისტურ პროდუქტში, სათაურით „არ შეიძლება ანგელოზივით შვილი მიწაში ჩააწვინო და შენ თეატრალურის სტუდენტებზე ნიჭიერად თამაშობდე! - არ მიკვირს განგებამ რატომ არგუნა ამ კაცს ასეთი განსაცდელი".

სტატიაზე არ იყო მითითებული მისი ავტორის ვინაობა. ქარტიის საბჭოს სამდივნოს მიმართვის მიუხედავად geotimes.ge არ მოუწოდებია ინფორმაცია თუ კონკრეტულად ვინ იყო პასუხისმგებელი აღნიშნულ სიუჟეტზე. ქარტიის საბჭოს საქმის წარმოების წესის 3.4 პუნქტის თანახმად „თუ შეუძლებელია პასუხისმგებელი პირის მოძიება, ქარტიის გადაწყვეტილებაში მოპასუხედ მიეთითება არაიდენტიფიცირებული ავტორი“.

საქმის განხილვას დაესწრო განმცხადებლის წარმომადგენელი, რომელმაც მოხსნა მისი მოთხოვნა ქარტიის მე-3 პრინციპთან დაკავშირებით. მოპასუხე მედია საშუალებიდან ქარტიის მიმართვას არ გამოხმაურებიან, შესაბამისად არ იყო წარმოდგენილი შეპასუხება და არც სხდომაში მიუღია მონაწილეობა მათ წარმომადგენელს.

სამოტივაციო ნაწილი:

ქარტიის პირველი პრინციპი „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“. სადავო სტატიის თანახმად, სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა რომან გოცირიძის კომენტარი, რომელიც მან „რუსთავი 2-ის“ ეთერში ზაზა სარალიძის სტუმრობას მიუძღვნა და მოყვანილი იყო “კომენტარი” სრულად:

„ის რაც გუშინ ზაზა სარალიძის მხრიდან რუსთავი ორის ეთერში ვიხილეთ, იყო სტანდარტული შოუ პროგრამა ! არ შეიძლება ანგელოზივით შვილი მიწაში ჩააწვინო და შენ თეატრალურის სტუდენტებზე ნიჭიერად თამაშობდე! ნაციონალური მოძრაობა მთელი ეს პერიოდი მას მხარში ედგა, თუმცა მისმა შეცდომებმა ნახეთ რაც მოიტანა! არ მიკვირს განგებამ რატომ არგუნა ამ კაცს ასეთი განსაცდელი".

სტატია სრულდებოდა ჟურნალისტის ტექსტით „სად და როდის გააკეთა პარლამენტარმა ეს განცხადება უცნობია, ამას ვერც ერთი წყარო ვერ აზუსტებს“

ქარტიის საბჭოს მიერ მოკვლეული იქნა, რომ ინფორმაცია, თითქოს რომან გოცირიძემ მსგავსი შინაარსის პოსტი დაწერა, გავრცელდა ფეისბუქ გვერდ „სირცხვილის კორიდორის“ მიერ, რომელი გვერდისთვისაც ძირითადად დამახასიათებელია ფოტო/ვიდეო მანიპულაციები, არასწორი ინფორმაციების გავრცელება, ძირითადად ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი პირების მიმართ .

რომან გოცირიძემ როგორც საპარლამენტო ტრიბუნიდან, ასევე საჯარო განცხადებებით და პირადი facebook გვერდით არაერთხელ განაცხადა, რომ აღნიშნული ინფორმაცია იყო ყალბი.

ამ ამბავზე სტატია მოამზადა მედიაკრიტიკის ონლაინ პლატფორმამ Mediachecker.ge, სადაც აღნიშნულია, რომ გაზეთ geotimes.ge მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ქარტიის საბჭოს მიერ დადგენილი იქნა, რომ მსგავსი შინაარსი პოსტი რომან გოცირიძეს არ გამოუქვეყნებია.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი, ვინაიდან მედიასაშუალებამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. მიუხედავად იმისა, რომ მედიასაშუალებას არც ერთი წყარო არ უდასტურებდა ინფორმაციის ნამდვილობას, სათაურში დადასტურებული სახით მაინც გამოიტანა და რომან გოცირიძეს მიაწერა ციტატა, რომელიც დადგინდა, რომ მას საერთოდ არ ეკუთვნოდა. ამასთან სტატიის ტექსტიც ამ ციტატაზე ააგო და თან დაურთო რომან გოცირიძის ფოტო. მხოლოდ ბოლოში მიაწერა, რომ „სად და როდის გააკეთა პარლამენტარმა ეს განცხადება უცნობია, ამას ვერც ერთი წყარო ვერ აზუსტებს“. ამგვარი მითითება არ ათავისუფლებს მედიასაშუალებას ეთიკური პასუხისმგებლობისაგან, რომ საზოგადოებას მიაწოდოს გადამოწმებული ინფორმაცია. თუ ინფორმაცია არ დასტურდებოდა, ვერ ხერხდებოდა მისი გადამოწმება, მაშინ კითხვის ქვეშ დგება თავად ამ ინფორმაციის გავრცელების ღირებულება.

ქარტიის მე-5 პრინციპი „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“. ქარტიის საბჭოსათვის არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება რომ განმცხადებელმა მიმართა მედიასაშუალებას გასწორების მოთხოვნით, შესაბამისად არ დადგინდა ქარტიის მე-5 პრინციპის დარღევა.

ქარტიის მე-7 პრინციპი „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“. განმცხადებელი მე-7 პრინციპის ჭრილში უთითებდა, რომ სადავო ჟურნალისტური პროდუქტით მოხდა რომან გოცირიძის დისკრედიტაცია. ქარტიის საბჭო აღნიშნავს, რომ მე-7 პრინციპი არ ფარავს მხოლოდ დისკრედიტაციის შემთხვევებს, თუ დისკრედიტაციას თან არ სდევს დისკრიმინაცია, სიძულვილის ენა ან სტიგმატიზაცია. შესაბამისად, მე-7 პრინციპის დარღვევა არ დგინდება.

ქარტიის მე-11 პრინციპის „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“. როგორც პირველი პრინციპის ჭრილში მსჯელობისას აღინიშნა, geotimes.ge-ს მიერ გავრცელდა არასწორი, ყალბი ინფორმაცია, შესაბამისად საბჭოს უნდა შეეფასებინა გავრცელების საფუძველი იყო თუ არა განზრახვა. დადგენილია რომ:

  1. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი წყარო არ ადასტურებდა, ვერ ხდებოდა გადამოწმება, მედიასაშუალებამ მაინც გადაწყვიტა ყალბი სტატუსის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, სათაურად, მტკიცებით ფორმაში გამოიტანა ციტატა ყალბი სტატუსიდან.
  2. თავად ყალბი პოსტის შინაარსი იყო იმგვარი, რომ იწვევდა ნეგატიურ დამოკიდებულებას და შეფასებას რომან გოცირიძის მიმართ.
ყოველივე ზემოაღნიშნული ქარტიის საბჭოს აძლევს იმის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ მედიასაშუალებისათვის წინასწარვე ცნობილი იყო ინფორმაციის სიყალბის შესახებ, მაგრამ რომან გოცირიძის დისკრედიტაციის მიზნით მაინც განზრახ გამოაქვეყნა არასწორი ინფორმაცია.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1. Geotimes.ge არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპი.

2. Geotimes.ge არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტს არ დაურღვევია ქარტიის მე-5 და მე-7 პრინციპი.