გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - სოვლაბი სალომე ლაბაძის წინააღმდეგ
17.09.2019

განმცხადებელი : სოვლაბი;
მოპასუხე : სალომე ლაბაძე;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი;
გადაწყვეტილება

28 ივლისი 2019 წელი

საქმე N 298 

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია სალომე ლაბაძის წინააღდეგ
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: გიორგი მგელაძე, კამილა მამედოვა, ლიკა ზაკაშვილი, ლაურა გოგოლაძე, გელა მთივლიშვილი, გიორგი სულაძე.

განმცხადებელი: საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია

მოპასუხე: სალომე ლაბაძე

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ [სოვლაბი], რომელიც მიიჩნევდა, რომ ტელეკომპანია „მაესტროზე“ 2019 წლის 12 ივნისს [21:17 სთ] გასულ სიუჟეტში “ოკუპანტი მეთაურის მემორიალური დაფა თბილისში” დაირღვა ქარტიის 1, მე-5 და მე-11 პრინციპი. სადავო სიუჟეტის ავტორი და შესაბამისად მოპასუხე ჟურნალისტი - სალომე ლაბაძე.

ტელეკომპანია „მაესტროსათვის“ სადავო განცხადების გაგზავნის შემდეგ საბჭოს გამოუხმაურა ჟურნალისტი თიკა ბაშარული, რომელმაც თავდაპირველად აიღო პასუხისმგებლობა სადავო სიუჟეტთან დაკავშირებით. საქმის განხილვის დროს დადგინდა, რომ სადავო სიუჟეტი საღამოს ეთერში გასვლამდე ასევე გამოყენებული იყო გადაცემაში „მაესტროელები“, რომლის პროდიუსერიც იყო თიკა ბაშარული. აღნიშნულ გადაცემაში კი ასევე იყო მოწვეული სოვლაბის წარმომადგენელი ირაკლი ხვადაგიანი და შესაბამისად გადაცემა „მაესტროელების“ მიმართ განმცხადებელს არ ჰქონდა პრეტენზია და სადავოს ხდიდა მხოლოდ სიუჟეტს. შესაბამისად თიკა ბაშარული აღარ იქნა განხილული როგორც მოპასუხე ჟურნალისტი. თავად სიუჟეტის უშუალო ავტორს, სალომე ლაბაძეს, შეპასუხება არ წარმოუდგენია და არც სხდომის მუშაობაში მიუღია მონაწილეობა.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის პირველი პრინციპი „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სადავო სიუჟეტი ეხებოდა ქ. თბილისში, ნიკო ნიკოლაძის N7-ში, საბჭოთა რუსეთის IX არმიის ყოფილი სარდლის, - მიხეილ ლევანდოვსკის საინფორმაციო ნიშნის განთავსებას.

სადავო სიუჟეტის თანახმად:

  1.  „გაივლის დრო და ამ რეჟიმის [იგულისხმება საბჭოთა კავშირი] ერთ - ერთ შემოქმედს [მიხეილ ლევანდოვსკს] მემორიალურ დაფას გაუხსნის“.
  2. მიხეილ ლევანდოვსკი 1921 წლის 25 თებერვალს ქართველ იუნკრებს ებრძოდა.
  3. სიუჟეტში რესპონდენტები ეწინააღმდეგებიან „მემორიალური დაფის“ განთავსებას, თავად ჟურნალისტიც რამდენჯერმე ახსენებს, რომ მიხეილ ლევანდოვსკს “მემორიალური დაფა” “მიუძღვნეს”.
  4. რესპონდენტის, ისტორიკოს დიმიტრი შველიძის თქმით, ასეთი დაფის გახსნით რეჟიმის შემოქმედი მიხეილ ლევანდოვსკი, ამავე რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლებს გაუთანაბრდა. ის ასევე დასძენს, რომ „გმირობა ჩაიდინა მანდ საბჭოთა რუსეთისთვის, მაგრამ საქართველო მან დაიპყრო“. 

სიუჟეტი ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავდა, კერძოდ მიხეილ ლევანდოვსკი 1921 წლის 25 თებერვალს ქართველ იუნკრებს არ ებრძოდა, ვინაიდან იგი მეთაურობდა IX და არა XI წითელ არმიას, გარდა ამისა, ქარტიის საბჭო ყურადღებას გაამახვილებს იმაზე თუ რა აქცენტებით მომზადდა სიუჟეტი და რა ინფორმაციას აწვდიდა მაყურებელს.

როგორც აღინიშნა, სიუჟეტში ხაზგასმულია, რომ მიხეილ ლევანდოვსკს „მიუძღვნეს“ „მემორიალური დაფა“, ამ სიტყვების გამოყენებით მაყურებელს შთაბეჭდილება რჩება, რომ დაფა გაიხსნა საქართველოს წინაშე ლევანდოვსკის დამსახურების სანაცვლოდ. ამ ხაზს აძლიერებს რესპონდენტ დიმიტრი შველიძის ფრაზა, როდესაც ის ამბობს, რომ „მიხეილ ლევანდოვსკი, ამავე რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლებს გაუთანაბრდა“. „გმირობა ჩაიდინა მანდ საბჭოთა რუსეთისთვის, მაგრამ საქართველო მან დაიპყრო“. სიუჟეტის თანახმად, დაფის განთავსებით ერთ კონტექსტში განიხილება დიდი რეპრესიის ყველა მსხვერპლი, მიუხედავად იმისა, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა ამა თუ იმ მსხვერპლს სიცოცხლეში საქართველოს მიმართ.

ქარტიის საბჭომ დაადგინა, რომ მიხეილ ლევანდოვსკისთვის მემორიალური დაფა არ გახსნილა. “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიისა” და “უკანასკნელი მისამართი საქართველოს” ორგანიზებით ქვეყნის მასშტაბით დიდი ტერორის მსხვერპლთა უკანასკნელ მისამართებზე საინფორმაციო ნიშნებს ათავსებენ . სწორედ ამ მიზნით და ამ პროქტის ფარგლებში განთავსდა მიხეილ ლევანდოვსკის ნიშანი ქ. თბილისში, ნიკო ნიკოლაძის N7-ში. ავტორების თქმით, თავად პროექტის მიზანია, „აჩვენოს მასობრივი ტერორის მასშტაბი და მონიშნოს უკვალოდ გამქრალ მსხვერპლთა სახელები“. ამასთან, “უკანასკნელი მისამართი - საქართველო” არის საერთაშორისო ქსელის პარტნიორი [ჩეხეთი, გერმანია, რუსეთი, უკრაინა, მოლდოვა, რუმინეთი და აშ] და ასეთივე პროექტი ამ ქვეყნებშიც ხორციელდება. დეტალურად პროექტის მიზნების და რაობის შესახებ საუბარია “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარის, ირაკლი ხვადაგიანის ბლოგ პოსტში უკანასკნელი მისამართი - საქართველო.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, სიუჟეტი არ შეიცავს მეორე მხარის, პროექტის ორგანიზატორის, კომენტარს, რომელიც განმარტავდა, რომ არ იხსნებოდა მემორიალური დაფა. საინფორმაციო ნიშნის განთავსება კი მიზნად ისახავდა ინფორმაციის მიწოდებას და არ ნიშნავდა რაიმე პატივის მიგებას. შესაბამისად, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი, სიუჟეტიდან მაყურებელმა მიიღო არასწორი და შეცდომაში შემყვანი ფაქტები პროექტ „უკანასკნელი მისამართი - საქართველო“ შესახებ, რომელსაც ამავე სახელწოდების ორგანიზაცია ახორციელებს.

ქარტიის მე-5 პრინციპი: „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“. დადასტურებული ფაქტია, რომ განმცხადებლის პრეტენზიის შესახებ ქარტიის საბჭოს სამდივნოს მეშვეობით ცნობილი იყო მედია საშუალებისათვის, მაგრამ განცხადების განხილვის მომენტშიც სადავო სიუჟეტი სოციალურ ქსელში იძებნებოდა თავდაპირველი სახით, შესწორების გარეშე ისე, რომ არ ჩანდა მეორე მხარის, პროექტის ავტორთა პოზიცია. შესაბამისად დაირღვა ქარტიის მე-5 პრინციპი.

რაც შეეხება ქარტიის მე-11 პრინციპს, რომლის თანახმად, „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“. ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ განზრახვას ადგილი არ ჰქონია და არასწორი ინფორმაცია გავრცელდა პროექტის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობის და ჟურნალისტის მიერ გადაუმოწმებლობის გამო.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1. სალომე ლაბაძემ დაარღვია ქარტიის პირველი და მე-5 პრინციპი.

2. სალომე ლაბაძეს არ დაურღვევია ქარტიის მე-11 პრინციპი.