17.09.2019
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 8 პრინციპი; 10 პრინციპი;
განმცხადებელი : პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის;
მოპასუხე : გიორგი ხუხია;
29 მაისი 2019 წელი
საქმე N 288
პარტნიორობა ადამიანის
უფლებებისათვის გიორგი ხუხიას წინააღმდეგ
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: გიორგი მგელაძე, კამილა მამედოვა, ლიკა ზაკაშვილი, ლაურა გოგოლაძე, გელა მთივლიშვილი.
განმცხადებელი: პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის
მოპასუხე: გიორგი ხუხია
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“. განმცხადებელი სადავოდ ხდიდა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში 2019 წლის 22 მაისს გასულ სიუჟეტს „16 წლის დედამ 7 თვის შვილი ძილში გაგუდა და სხვა მამაკაცთან ერთად სახლიდან გაიქცა“. სიუჟეტის ავტორი და შესაბამისად მოპასუხე ჟურნალისტი - გიორგი ხუხია. სიუჟეტი ეხებოდა 7 თვის ბავშვის მკვლელობის ფაქტს, მკვლელობის ბრალდებით დააკავეს ბავშვის დედა, რომელიც თავადაც არასრულწლოვანი იყო. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ დაირღვა ქარტიის პირველი, მე-7, მე-8 და მე-10 პრინციპი.
განცხადების განხილვის თავისებურება: ქარტის საბჭოს საქმის წარმოების წესის 4.4 პუნქტის თანახმად „გამონაკლის შემთხვევებში, თუ საბჭო თვლის რომ წარმოდგენილი განცხადება და სადავო ჟურნალისტური პროდუქტი საკმარისია გადაწყვეტილების მისაღებად, შესაძლებელია გადაწყვეტილება მიღებული იქნას მხარეთა მონაწილეობის გარეშე, მათ შორის მხარეთაგან დამატებითი ინფორმაციის/განმარტების გამოთხოვის გარეშე“. განცხადება საბჭოს მიერ განხილული იქნა აღნიშნული გამონაკლისის ფარგლებში, ვინაიდან ჩათვალა, რომ წარმოდგენილი განცხადება და სადავო ჟურნალისტური პროდუქტი საკმარისი იყო გადაწყვეტილების მისაღებად.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის პირველი პრინციპი „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“. სადავო სიუჟეტში, რომელიც 7 თვის ბავშვის მკვლელობას ეხებოდა, გარდაცვლილი ბავშვის მამა მკვლელობაში ბრალს სდებდა თავის ცოლს, ბავშვის არასრულწლოვან დედას. იგი პოლიციამ ამავე ბრალდებით დააკავა. სადავო სიუჟეტში ამბავი გაშუქდა მხოლოდ ერთი მხარის, გარდაცვლილი ბავშვის მამის ნათესავების და მეზობლების მიერ მიწოდებულ სხვადასხვა სახის დაუდასტურებელ ინფორმაციასა და ინტერვიუებზე დაყრდნობით. ისინი ამბობდნენ, რომ არასრულწლოვანმა დედამ შვილი მოკლა და მერე სახლიდან გაიქცა, ხოლო ის ღამე სხვა მამაკაცთან ერთად გაატარა, ხაზს უსვამდნენ, რომ ოჯახში კონფლიქტი არ ჰქონდათ. მათივე თქმით, დედამ შვილის მკვლელობა აღიარა.
სიუჟეტში ასევე დადასტურებული ფაქტის სახით მითითებულია, რომ ბავშვი დედამ „გაგუდა“. არც ერთი ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია არ იყო გადამოწმებული, ბრალდებულის ნათესავთან ან/და ადვოკატთან, და არც ჟურნალისტის მცდელობა ჩანდა, რომ გადაემოწმებინა. ქარტიის საბჭო მიუთითებს, რომ ეთიკური ვალდებულების დასაცავად, საზოგადოებისთვის ზუსტი ინფორმაციის მისაწოდებლად , საჭიროა ერთი მხარის მიერ მიწოდებული ინფორმაცია გადამოწმდეს ყველა შესაძლო სხვა წყაროსთან/რესპონდენტთან. აღნიშნული მოთხოვნის დაუცველობის საფუძველზე საბჭო მიიჩნევს, რომ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.
ქარტიის მე-7 პრინციპი „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“.
განმცხადებელი მიუთითებდა რომ სიუჟეტში ხაზი გაესვა არასრულწლოვანი დედის გენდერულ როლს, დედობას, სქესს, „განხილულია, თუ როგორი ცუდი დედა და ცოლი იყო ბრალდებული, რაც მიმართულია გენდერული ნიშნით ქალის სტიგმატიზებისკენ“. ქარტიის საბჭო ამ შემთხვევაში არ მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა მშობლის როლის გამორჩევას გენდერული ნიშნით. ნებისმიერი მშობლის, სქესის მიუხედევად, შვილის სავარაუდო მკვლელობის შემთხვევაში შესაძლებელია სხვადასხვა პირის მიერ ხაზგასმული ან/და გახსენებული იქნას მისი, როგორც მშობლის ქცევა და როლი, თავის მხრივ ჟურნალისტი თავად აქცენტს არ აკეთებს ამ გენდერულ როლზე.
ქარტიის მე-10 პრინციპის თანახმად „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი“.
სიუჟეტში რესპონდენტებზე დაყრდნობით ჟურნალისტი საუბრობს იმაზე, რომ მკვლელობის ჩადენის შემდეგ ბრალდებული სხვა მამაკაცთან ერთად სახლიდან გაიქცა, რომელიც ბრალდებულმა საავადმყოფოში ოპერაციის დროს გაიცნო. ამ გადაუმოწმებელი, დაუზუსტებელი ინფორმაციის მიმართ არ არსებობდა საჯარო ინტერესი, ემსახურებოდა მხოლოდ საზოგადოების სუბიექტური ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას და ამძაფრებდა ნეგატიურ განწყობებს მკვლელობაში ბრალდებული დედის მიმართ. შესაბამისად, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ინფორმაციის გავრცელებით დაირღვა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, რადგან მის გავრცელებას არ ჰქონდა ლეგიტიმური საფუძველი [განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი].
ვინაიდან ამ შემთხვევაში ამბავი ეხებოდა არასრულწლოვანს და მოხდა მის პირად ცხოვრებაში გაუმართლებლად შეჭრა და არასრულწლოვნის სავარაუდო სექსუალური კავშირების/ ურთიერთობების შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდა, ამით დაირღვა ქარტიის მე-8 პრინციპიც: „ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება“.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
1. გიორგი ხუხიამ დაარღვია ქარტიის პირველი, მე-8 და მე-10 პრინციპი.
2. გიორგი ხუხიას არ დაურღვევია ქარტიის მე-7 პრინციპი.