გადაწყვეტილებების ძიება

ასოციაცია ,,ჰერა-XXI" მაგდა ანიკაშვილის, თორნიკე კვერენჩხილაძის, ირაკლი მაისურაძის და თეო მჭედლიძის წინააღმდეგ
01.10.2019

განმცხადებელი : ასოციაცია ,,ჰერა-XXI";
მოპასუხე : მაგდა ანიკაშვილი, თორნიკე კვარანჩხილაძე, ირაკლი მაისურაძე, თეო მჭედლიძე;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი; 7 პრინციპი;
გადაწყვეტილება
10 ივლისი 2019 წელი

საქმე N 277

ასოციაცია ,,ჰერა-XXI" მაგდა ანიკაშვილის, თორნიკე კვერენჩხილაძის, ირაკლი მაისურაძის და თეო მჭედლიძის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: გიორგი მგელაძე, კამილა მამედოვა, ლიკა ზაკაშვილი, გელა მთივლიშვილი, გიორგი სულაძე.

განმცხადებელი: ასოციაცია ,,ჰერა-XXI"

მოპასუხე: მაგდა ანიკაშვილი, თორნიკე კვერენჩხილაძე, ირაკლი მაისურაძე, თეო მჭედლიძე

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ასოციაცია ,,ჰერა-XXI"-მა, რომელიც მიიჩნევდა, რომ ტელეკომპანია „მაესტროზე“, გადაცემა ,,მაესტროელების" 2019 წლის 3 აპრილის გადაცემაში დაირღვა ქარტიის პირველი, მე-3, მე-5 და მე-7 პრინციპი. გადაცემის თემა იყო აბორტი, სათაურით „აბორტი როგორც განაჩენი“. მოპასუხეებად განისაზღვრნენ გადაცემის წამყვანები მაგდა ანიკაშვილი, თორნიკე კვერენჩხილაძე, ირაკლი მაისურაძე და სიუჟეტის ავტორი თეო მჭედლიძე.

განცხადების განხილვას დაესწრნენ განმცხადებლის წარმომადგენლები, მოპასუხე ჟურნალისტებს შეპასუხება არ წარმოუდგენიათ და არც სხდომაში მიუღიათ მონაწილეობა. განმცხადებელმა სხდომის მიმდინარეობისას მოხსნა მისი მოთხოვნა ქარტიის მე-3 პრინციპთან დაკავშირებით.

სამოტივაციო ნაწილი 

ქარტიის პირველი პრინციპი „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“. ქარტიის საბჭო აღნიშნავს, რა თქმა უნდა შესაძლებელია გადაცემა მიეძღვნას აბორტის საკითხს, გაშუქდეს მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა პოზიციები, მედიცინის სპეციალისტების შეფასებები, მაგრამ სიუჟეტი თავად ჟურნალისტების მხრიდან არ უნდა ატარებდეს მანიპულაციურ ხასიათს და გამოყენებული ტერმინებით, კადრებით, შეფასებებით არ უნდა ხდებოდეს მაყურებელზე ზემოქმედება, თავად ჟურნალისტის პოზიციის გამოკვეთა. ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში აბორტის თემატიკა გაშუქდა ცალსახად ნეგატიურად, იმ აქცენტით, რომ აბორტი ანტისოციალური მოვლენაა. მაგალითად:

  1. სიუჟეტის სათაური „აბორტი, როგორც განაჩენი“, მიანიშნებს ჟურნალისტის განწყობაზე და შეფასებაზე, რომ აბორტი უფრო მეტად გაიგივებულია დანაშაულთან, ვიდრე სტანდარტულ სამედიცინო ოპერაციასთან.
  2. გადაცემის ქუდში გამოყენებულია კადრები რომელიც ასახავს ემბრიონის გულის ფეთქვას, ახალ დაბადებულ ბავშვებს, მათ ტირილს, რითაც მძაფრდება განწყობა, რომ აბორტი ამას „კლავს“.
  3. გადაცემაში ჟურნალისტი ასევე უთითებს, რომ აბორტზე გადაწყვეტილებას იღებენ „მშობლები“. ამ ტერმინის გამოყენებით ჟურნალისტი ემხრობა იმ აზრს, რომ 12 კვირამდე ემბრიონი უკვე „შვილია“ და ლოგიკურად გამოდის, რომ აბორტით ხდება „შვილის“ მკვლელობა მაშინ, როცა აბორტთან დაკავშირებული დისკუსიის ძირითადი ხაზი გადის სწორდ იმაზე, რომ 12 კვირამდე ემბრიონი არ უნდა ჩაითვალოს ცოცხალ არსებად, ბავშვად, შვილად. ტერმინ „მშობლის“ გამოყენება ჟურნალისტის მიერ უკვე ხაზს უსვამს მის დამოკიდებულებას აბორტის მიმართ.
  4. გადაცემა ასევე შეიცავს რეპორტაჟს აბორტის თემაზე, სადაც გამოყენებულია კადრები, რომელიც ასახავს პათოლოგიის გამო დედის სხეულიდან გამოდევნილ ემბრიონებს, რომლებიც ცალსახად 12 კვირაზე მეტის არიან, ჩამოყალიბებული აქვთ სხეულის კიდურები და ა.შ. ეს კადრები არავითარ კავშირში არ არის აბორტთან, არის მხოლოდ სასწავლო მასალა, და აქვს მხოლოდ ემოციური დატვირთვა და აძლიერებს ნეგატიურ დამოკიდებულებას აბორტის მიმართ. არასწორი აქცენტი გრძელდება როცა ჟურნალისტი რესპონდენტის, ექიმ გივი მაყაშვილის, პერიფრაზს გვთავაზობს „ამ ნიმუშმა [იგულისხმება პათოლოგიის გამო, დედის სხეულიდან გამოდევნილი 12 კვირაზე მეტი ხნის ემბრიონი] ბევრი სიცოცხლე გადაარჩინა“, ფრაზა რამდენიმე კუთხით არის პრობლემური, თუ საუბარი პათოლოგიის გამო გამოდევნილ ემბრიონზეა, რა კავშირი აქვს მას სიცოცხლის გადარჩენასთან და მეორე, - კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ჟურნალისტის უნებლიე თუ გაზრახ მცდელობას, რომ მსგავსი კადრებით იმოქმედოს იმ ადამიანებზე, რომლებმაც მიიღეს ან უნდა მიიღონ გადაწყვეტილება აბორტის შესახებ.
  5. შეუსაბამოა ქუჩის გამოკითხვაც, როცა გამვლელებს ეკითხებიან, საიდან იწყება ადამიანის სიცოცხლე. მაშინ როცა საუბარია სამედიცინო/ქირურგიულ ჩარევაზე - აბორტზე, ამ დროს ქუჩაში გამვლელების შეფასება იმის შესახებ თუ რა არის სიცოცხლე და როდის იწყება ის, არარელევანტურია და მხოლოდ დამატებითი საზოგადოებრივი წნეხის შექმნას ემსახურება.
  6. სიუჟეტში ნაჩვენებია ანიმაცია, როგორც აბორტის მოდელირება. კერძოდ, კადრებში ჩანს საშვილოსნოში სრულად ჩამოყალიბებული ემბრიონი, ამ დროს საშვილოსნოში ხდება სამედიცინო იარაღით შეღწევა და ემბრიონისათვის ჯერ ფეხის, შემდეგ კი „სხეულის სხვა ნაწილების მოგლეჯვა“. როცა საუბარია აბორტზე, ანუ 12 თვემდე ემბრიონის საშვილოსნოდან გამოდევნაზე, აღნიშნული ანიმაცია პირდაპირ არასწორი ფაქტების ამსახველია, ვინაიდან კანონით დაშვებულ პერიოდამდე აბორტის დროს ემბრიონი ასეთი სახით განვითარებული არ არის, შესაბამისად ანიმაციას შეცდომაში შეყავს საზოგადოება და უჩენს არასწორ წარმოდგენას აბორტის დროს ემბრიონის მდგომარეობის და აბორტის შესახებ.
  7. აბორტი, რესპონდენტ გივი მაყაშვილის მიერ შეფასებულია როგორც ქალისათვის ცალსახად საზიანო და ამის დასადასტურებლად ჩამოთვლის იმ შესაძლო გართულებებს, რაც შეიძლება თან სდევდეს არა მხოლოდ აბორტს, არამედ ნებისმიერ ქირურგიულ ჩარევას. თუ ქირურგიული ჩარევა არაპროფესიონალის ან არასათანადო გარემოში კეთდება. შესაბამისად, არასწორია მტკიცება, რომ აბორტი ყველა შემთხვევაში და ცალსახად აზიანებს ქალის ორგანიზმს, მით უფრო რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შეფასებით, შესაბამისი გაიდლაინებით მომზადებული აბორტი ითვლება ერთ - ერთ ყველაზე უსაფრთხო სამედიცინო პროცედურად. რესპონდენტი უფრო მძიმე სურათებსაც ხატავს და უთითებს, რომ ქალი შეიძლება უშვილოდ დარჩეს. ცალსახაა, რომ რესპონდენტი განეკუთვნება აბორტის მოწინააღმდეგეთა რიგებს, ამის საპირისპიროდ არ ჩანს ჟურნალისტის მცდელობა, რომ აბორტის სამედიცინო რაობის და შედეგების შესახებ განმარტება მიეღო სხვა პროფესიონალისგან, რომელიც აპრიორი არ არის აბორტის საწინააღმდეგოდ განწყობილი.
  8. გადაცემაში ასევე შესაძლებლობა მიეცა რესპონდენტ დიმიტრი ლორთქიფანიძეს, გაეჟღერებინა არასწორი ინფორმაცია რომ ზიგოტა [განაყოფიერებული კვერცხუჯრედი], არის სიცოცხლე და ლორთქიფანიძის აზრით, მისი ხელყოფა არის უმწეოს ხელყოფა, ზიგოტის „მკვლელობა“ არის მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ანუ „უმწეოს“ მკვლელობა. 

ქარტიის საბჭოს შეფასებით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს აქვს ერთ - ერთი ყველაზე პროგრესული კანონმდებლობა აბორტის კუთხით, როგორც არასამთავრობო, ისე სახელმწიფო სექტორი ზრუნავს აბორტის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე, მსგავსი არასწორი და მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელებით ირღვევა ქარტიის პირველი პრინციპი.

ქარტიის მე-5 პრინციპი: „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“. ქარტიის საბჭოს განმცხადებელმა წარმოუდგინა მტკიცებულება, რომ სიუჟეტის მიმართ მისი პრეტენზიების შესახებ აცნობა სახალხო დამცველს, თავის მხრივ სახალხო დამცველმა აღნიშნულის შესახებ აცნობა მაესტროს და ასევე დადასტურებულია რომ ტელეკომპანიამ მიიღო ეს შეტყობინება. მიუხედავად ამისა ტელეკომპანიის მიერ არ მომხდარა რეაგირება გადაცემაში არსებულ უზუსტობებზე სიუჟეტი უცვლელი სახით დღესაც იძებნება, შესაბამისად დაირღვა ქარტიის მე-5 პრინციპი და არ მომხდარა შესწორება.

მე-7 პრინციპი “ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ გადაცემაში გამოყენებული ტერმინებით და შეფასებებით მოხდა იმ ქალების დისკრიმინაცია და სტიგმატიზება, რომლებმაც ჩაიტარეს ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა - აბორტი. მაგალითად, სიუჟეტის სათაური „აბორტი როგორ განაჩენი“ ატარებს აბსოლუტურად ნეგატიურ კონტექსტს და ქმნის ნეგატიურ განწყობებს ქალების მიმართ, რომლებმაც გაიკეთეს აბორტი, რომ მათ თითქოს „[სასიკვდილო] განაჩენი გამოუტანეს“ სხვა პირს. როგორც პირველ პრინციპზე მსჯელობისას აღინიშნა, შესაძლებელია გადაცემა მიეძღვნას აბორტის საკითხს, გაშუქდეს მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა პოზიციები, მედიცინის სპეციალისტების შეფასებები, მაგრამ როცა სათაური ძირითად ხაზს უსვამს გადაცემის აქცენტს და მიგნებებს და სათაურად მითითებულია „განაჩენი“, ეს ცალსახად დისკრიმინაციულია იმ ქალების მიმართ, რომლებმა ჩაიტარეს აბორტი.

თემის ამგვარად გაშუქება და დასათაურება აძლიერებს სტიგმას, რომ ასეთი ქმედება „მკვლელობაა“ და ემსახურება მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას. საქართველოში მართლაც აბორტის მაღალი მაჩვენებელია, განსაკუთრებით სელექციური აბორტის. ამ დროს მნიშვნელოვანია ქალების გაკიცხვის ნაცვლად მიაწოდონ ინფორმაცია თუ როგორ არ მივიდნენ აბორტამდე.

სტიგმის გაძლიერებას ასევე ემსახურება ჟურნალისტის ფრაზა, რომ აბორტზე გადაწყვეტილებას იღებენ „მშობლები“. ამის საპირისპიროდ აბორტი არის ქირურგიული ოპერაცია, რომლის ჩატარებაზეც გადაწყვეტილება ლოგიკურად ბუნებრივად უნდა მიიღოს მხოლოდ პაციენტმა - ქალმა. იმაზე ხაზგასმა, რომ ეს არის „მშობლების“ გადაწყვეტილება და გადაწყვეტილება მხოლოდ ქალის მიერ არ მიიღება, აძლიერებს ქალის დისკრიმინაციულ მდგომარეობას საზოგადოებაში, რომ მას თავად, პარტნიორის თანხმობის გარეშე არ შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება მისი სხეულზე სამედიცინო ჩარევის შესახებ მაშინ, როცა ქვეყანაში მოქმედებს კანონი, რომელის თანახმად 12 კვირამდე აბორტი არის სამედიცინო პროცედურა და ქალს აძლევს არჩევანის უფლებას როგორ მართოს თავისი შვილოსნობა

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1. მაგდა ანიკაშვილმა, თორნიკე კვერენჩხილაძემ, ირაკლი მაისურაძემ და თეო მჭედლიძემ დაარღვიეს ქარტიის პირველი, მე-5 და მე-7 პრინციპი.