გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - თამარ კაპანაძე ირაკლი ჩიხლაძის წინააღმდეგ
03.11.2019

განმცხადებელი : თამარ კაპანაძე;
მოპასუხე : ირაკლი ჩიხლაძე;
დარღვეული პრინციპები : 7 პრინციპი;
გადაწყვეტილება

22 სექტემბერი 2019 წელი

საქმე N 304 

თამარ კაპანაძე ირაკლი ჩიხლაძის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: მაია მერკვილაძე, ირმა ზოიძე, ლაურა გოგოლაძე, ლიკა ზაკაშვილი, გელა მთივლიშვილი.

განმცხადებელი: თამარ კაპანაძე

მოპასუხე: ირაკლი ჩიხლაძე

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა თამარ კაპანაძემ, რომელიც მიიჩნევდა რომ 2019 წლის 4 ივლისს, 21:20 საათზე, ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში, პოლიტიკური თოქშოუ, „პირისპირში“, დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი. განმცხადებელი სადაოდ ხდიდა თოქშოუს წამყვანის, ირაკლი ჩიხლაძის ინტერვიუს პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერთან ირმა ინაშვილთან.

განცხადების განხილვას დაესწრო განმცხადებელი, მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის მეშვიდე პრინციპი "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით". გადაცემის თემა იყო ქალაქ თბილისში, 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენები, კერძოდ პარლამენტის წინ გამართული საპროტესტო აქცია, რომელიც შეაფასა ერთ - ერთმა რესპონდენტმა, პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა. რესპონდენტს მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა აქციის მიმართ, რომელიც მოჰყვა საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის, გავრილოვის გამოსვლას. აქციას ირმა ინაშვილი უწოდებს „გეი რევოლუციას“, რომ აქციის ორგანიზატორები არიან ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო და მათ უწოდებს „გეი რევოლუციონერებს“. რესპონდენტი ასე აღნიშნავს რომ „ვარდების რევოლუციონერები [იგულისხმება ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს წევრები] იყვნენ მაგრამ იმის შემდეგ ეტყობა ბრჭყალებში პროგრესს მიაღწიეს და დღეს 16 წლის მერე გეი რევოლუციონერები გახდნენ“.

ქარტიის საბჭომ თავის გადაწყვეტილებაში საქმეზე „პლატფორმა „არა ფობიას“ POSTV არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ“ აღნიშნა, რომ ოპონენტის დისკრედიტაციის მცდელობა LGBTQI პირებთან დაკავშირების გზით დისკრიმინაციულია. ცნობილი ფაქტია, რომ ირმა ინაშვილი განსაკუთრებით კრიტიკულია "ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" მიმართ და განსახილველ შემთხვევაში ცდილობს, ისინი დააკავშიროს LGBTQI აქტივიზმთან. მისი მოტივაცია ამ შემთხვევაში არის ის, რომ გაზარდოს ამ პარტიების მიმართ ნეგატიური განწყობები საზოგადოებაში. შესაბამისად, ჰომოსექსუალობის აღმნიშვნელ სიტყვას იყენებს როგორც შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ ტერმინს. ირმა ინაშვილი ასევე ირონიულად უთითებს „პროგრესზე“, როცა საუბრობს გეი რევოლუციონერებზე და გულისხმობს, რომ გეი აქტივისტად ყოფნა არა პროგრესი, არამედ პროგრესის საპირისპირო მოვლენაა. თავის მხრივ, ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის LGBTQI პირებთან დაკავშირება ზრდის დისკრიმინაციის ალბათობას, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტიის ნეგატიურმა რეიტინგმა ასევე ასახვა ჰპოვოს LGBTQI პირებზე და გამოიწვიოს მათ მიმართ დამატებით აგრესია.

რესპონდენტის მსგავს დისკრიმინაციულ და ჰომოფობიურ დამოკიდებულებებს არ მოჰყოლია წამყვანის რეაქცია, განმარტება. რა თქმა უნდა, რესპონდენტის აზრი არ უნდა დამახინჯდეს და დაიკარგოს კონტექსტი, და სტუმარი თუ საჯარო პირია საზოგადოებას უფლება აქვს, იცოდეს მისი დისკრიმინაციული განცხადებები, დამოკიდებულებები, მაგრამ როგორც საქმეში ააიპ ,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ მაკა რაზმაძის წინააღმდეგ საბჭომ აღნიშნა „თუ განცხადება [იგულისხმება დისკრიმინაციული/სიძულვილის ენის შემცველი განცხადება] კეთდება პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტმა მაშინვე ცხადად უნდა დააფიქსიროს, რომ დისკრიმინაციული ტერმინოლოგია/დამოკიდებულება არის მიუღებელი როგორც მისთვის, ისე მედიასაშუალებისათვის“. აღნიშნული წესის გაუთვალისწინებლობის გამო ჟურნალისტმა ხელი შეუწყო დისკრიმინაციის წახალისებას და დაარღვია მე-7 პრინციპი.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1. ირაკლი ჩიხლაძემ დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი.