03.11.2019
განმცხადებელი : ხათუნა კირკიტაძე;
მოპასუხე : ქრისტინა ქარჩხაძე;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი;
14 ოქტომბერი 2019 წელი
საქმე N 303
ხათუნა კირკიტაძე ქრისტინა
ქარჩხაძის წინააღმდეგ
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: ირმა ზოიძე, ლაურა გოგოლაძე, ლიკა ზაკაშვილი, გელა მთივლიშვილი, გიორგი სულაძე, გიორგი მგელაძე, კამილა მამედოვა.
განმცხადებელი: ხათუნა კირკიტაძე
მოპასუხე: ქრისტინა ქარჩხაძე
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხათუნა კირკიტაძემ, რომელიც მიიჩნევდა რომ ვებ-საიტზე topnews.com.ge გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით "ბაღდათში კომისიების თავმჯდომარეებს ხელფასი გაუზარდეს 1700 ლარამდე, მერე ვერ გაამზადეს ეს დოკუმენტი და დააკლეს ხელფასები“ დაირღვა ქარტიის 1, მე-3, მე-5, მე-10 და მე-11 პრინციპი. მოპასუხედ განისაზღვრა topnews.com.ge რედაქტორი ქრისტინე ქარჩხაძე.
სხდომის მიმდინარეობისას საბჭოს კითხვებს განმცხადებელმა უპასუხა სატელეფონო კავშირის მეშვეობით და მოხსნა მისი მოთხოვნა ქარტიის მე-10 პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით. ქრისტინე ქარჩხაძემ შეპასუხება წარმოადგინა წერილობითი სახით და ასევე ტელეფონით უპასუხა საბჭოს კითხვებს.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის პირველი პრინციპის მიხედვით „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“. სადავო სტატიაში მითითებულია რომ "ბაღდათში კომისიების თავმჯდომარეებს ხელფასი გაუზარდეს 1700 ლარამდე, მერე ვერ გაამზადეს ეს დოკუმენტი და დააკლეს ხელფასი“, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში თანამშრომლები იშვიათად დადიან და მათი ფუნქცია-მოვალეობები გაურკვეველია, ასევე გაურკვეველია სად და როგორ, რა მიზნობრიობით იხარჯება თანხები. სტატიაში დასახელებულია კონკრეტული პირებიც, მაგალითად მერის თანაშემწე დავით დოგრაშვილი, რომელიც, სტატიის თანახმად, არავის უნახავს სამსახურში. ბაღების გაერთიანების გამგე - თამილა ფაიქიძე, რომელმაც, ასევე სტატიაში მითითებული ინფორმაციის მიხედვით, „პიონერთა სახლში კონდიციონერი მოხსნა და თვითონ დაიმონტაჟა“, რომ საკუთარ კაბინეტში 700 ლარიანი მზეგაუმტარი ფარდები ჩამოკიდა. აღსანიშნავია რომ ჟურნალისტს ყველა ამ ინფორმაციას აწვდის ერთი კონფიდენციალური წყარო.
სტატიის ბოლოს აღნიშნულია, რომ „ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში მათი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს აბსურდს უწოდებენ“. მოპასუხე ჟურნალისტმა ასევე შეპასუხებაში აღნიშნა, რომ „ჩვენ ყოველთვის ვუკავშირდებით მეორე და საჭიროების შემთხვევაში მესამე მხარესაც საპასუხო კომენტარისთვის, თუმცა ერთი თუ ორი შემთხვევის გარდა, ბაღდათის მერიის პრესსამსახურის პასუხი იყო: აბსურდულ ბრალდებებზე კომენტარს არ ვაკეთებთო. სამაგიეროდ, იპოვეს გამოსავალი და უჩივიან მედიასაშუალებას“.
საბჭოს შეფასებით, სტატიიდან თითქოს იკვეთებოდა რომ ამავე სტატიაში მითითებულ ბრალდებებთან დაკავშირებით ჟურნალისტი დაუკავშირდა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიას/საკრებულოს და მათ განაცხადეს რომ ბრალდებები იყო აბსურდული. მაგრამ შეპასუხების გაცნობის შემდეგ გადაჭრით არ დგინდება, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოხდა დაკავშირება თუ არა.
რომც დავუშვათ, რომ ჟურნალისტი დაუკავშირდა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს საზოგადოების სამსახურს და მათი პასუხი „ბრალდებები აბსურდულია“ მიუთითა, მხოლოდ ეს მითითება ვერ უზრუნველყოფს ეთიკური პრინციპის დაცვას რომ ჟურნალისტმა „პატივი უნდა სცეს“ საზოგადოების უფლებას მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ჟურნალისტს ყველა ღონე უნდა ეხმარა კონფიდენციალური წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმებისათვის, მაგალითად ოფიციალური წესით გამოეთხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, მართლა იყო თუ არა რაიმე სახის დოკუმენტი ხელფასების გაზრდის შესახებ გამოცემული, დაკავშირებოდა სტატიაში უშუალოდ მითითებულ პირებს - დავით დოგრაშვილს და თამილა ფაიქიძეს, გამოეთხოვა ინფორმაცია კომისიების საქმიანობის ან სამივლინებო ხარჯების შესახებ. საქმეში დიმიტრი ქუმსიშვილი ელისო კილაძის წინააღმდეგ საბჭომ აღნიშნა, რომ „ეთიკური ჟურნალისტიკის ერთ - ერთი მთავარი პრინციპია პატივისცემა აუდიტორიის უფლებისათვის, რომ მიიღოს სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია. როდესაც ჟურნალისტი მუშაობს სავარაუდო კორუფციის გამოვლენაზე, მას შეიძლება არ ჰქონდეს ოფიციალური ინფორმაცია და დაეყრდნოს კონფიდენციალურ წყაროს, მაგრამ ეს არ ათავისუფლებს ვალდებულებისაგან, რომ ყველა ღონე იხმაროს ინფორმაციის ღია წყაროებთან გადასამოწმებლად. ხოლო თუ ვერ ხერხდება ინფორმაციის გადამოწმება, ამის შესახებ ცალსახად უნდა აცნობოს აუდიტორიას“. ასევე, კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციის გავრცელებას [როცა ვერ დგინდება რა სტატუსი აქვს ან რა ინფორმაციაზე მიუწვდება ხელი კონფიდენციალურ წყაროს] ნდობის ნაკლები ხარისხი აქვს და კიდევ უფრო მნიშნელოვანია ინფორმაციის გადამოწმება.
საბჭოს პრაქტიკის თანახმად, ბალანსი მხოლოდ ფორმალურად არ უნდა იყოს დაცული. ჟურნალისტმა ინფორმაციის გადასამოწმებლად უნდა მიმართოს რელევანტურ პირს, მას, ვინც შეიძლება დეტალები იცოდეს. ამასთან, შესაძლოა წყარო კონფიდენციალური იყოს, მაგრამ აუცილებელია მითითება ყველა იმ დეტალის [თანამდებობა, ორგანიზაცია, დეპარტამენტი და აშ] რისი გამჟღავნების შესაძლებლობა არსებობს, რათა დაარწმუნოს აუდიტორია, რომ წყარო რეალური და რელევანტურია. განსახილველ შემთხვევაში საბჭო მიიჩნევს, რომ კონფიდენციალური წყაროს მიერ მოწოებული ინფორმაციის გადასამოწმებლად ჟურნალისტმა ყველა გზას არ მიმართა, ცალსახად არ მიუთითა, რომ ინფორმაცია გადაუმოწმებელია და სცადა მხოლოდ ფორმალური ბალანსის დაცვა, რითიც არ სცა პატივი საზოგადოების უფლებას, მიიღოს გადამოწმებული ინფორმაცია, შესაბამისად, დაარღვია პირველი პრინციპი.
ქარტიის მე-3 პრინციპის თანახმად „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია“. განმცხადებელი აპელირებდა რომ მისი აზრით სტატიაში მითითებული კონფიდენციალური წყარო საერთოდ არ არსებობდა. საბჭოს მიერ ვერ იქნა დადგენილი წყაროს არ არსებობის ფაქტი, ხოლო ის გარემოება რომ შეიძლება წყარო არასწორ ინფორმაციას ავრცელებდა, რომლის გადამოწმებაც ჯეროვნად არ მოხდა, ამის შესახებ საბჭომ იმსჯელა პირველი პრინციპის ჭრილში.
ქარტიის მე-5 პრინციპის თანახმად „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“. დადასტურებული ფაქტია, რომ მოპასუხე ჟურნალისტმა იცოდა განმცხადებლის პრეტენზიების შესახებ, ასევე დადგინდა, რომ ჟურნალისტის მიერ ხდებოდა გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება და მიუხედავად ამისა სტატიის შესწორება არ მომხდარა, რაც იწვევს ქარტიის მე-5 პრინციპის დარღვევას.
ქარტიის მე-11 პრინციპი „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“. განმცხადებელი უთითებდა, რომ, მისი აზრით, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას ადასტურებდა შემდეგი გარემოებები
1. ბაღდათის მუნიციპალიტეტმა topnews.com.ge არ გაუფორმა ხელშეკრულება მომსახურებაზე და ამით უკმაყოფილება იყო მსგავსი სტატიის დაწერის მიზეზი
2. განმცხადებელმა წარმოადგინა topnews.com.ge მიერ ბაღდათის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებით მომზადებული სხვა კრიტიკული სტატიები.
პირველ არგუმენტთან დაკავშირებით საბჭოს არა აქვს საკმარისი მტკიცებულებები [მოპასუხემ საერთოდ უარყო ის ფაქტი, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტს სთხოვა მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება], დაედასტურებინა რომ ხელშეკრულების არ გაფორმება იყო მიზეზი. რაც შეეხება სხვა კრიტიკულ სტატიებს, რომელიც ასევე განმცხადებლის პოზიციით არასწორ ინფორმაციას შეიცავდა, ლოგიკურია, რომ მედიასაშუალება, რომელიც აქცენტირებულია რეგიონის ამბებზე, პერიოდულად გამოაქვეყნებს კრიტიკულ სტატიებს ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ. ნებისმიერ ასეთ შემთხვევაზე, თუ განმცხადებელი თვლის, რომ ინფორმაცია იყო არასწორი და არ არის გასული ხანდაზმულობის ვადა, შეუძლია მომართოს საბჭოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
1. ქრისტინ ქარჩხაძემ დაარღვია ქარტიის პირველი და მე-5 პრინციპი.
2. ქრისტინა ქარჩხაძეს არ დაურღვევია ქარტიის მე-3 და მე-11 პრინციპი.