გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ანა არგანაშვილი სოფო შაიშმელაშვილის წინააღმდეგ
03.11.2019

განმცხადებელი : ანა არგანაშვილი;
მოპასუხე : სოფო შაიშმელაშვილი;
დარღვეული პრინციპები : 7 პრინციპი; 8 პრინციპი;
გადაწყვეტილება

22 სექტემბერი 2019 წელი

საქმე N 285

ანა არგანაშვილი სოფო შაიშმელაშვილის წინააღმდეგ


საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: მაია მერკვილაძე, ირმა ზოიძე, ლაურა გოგოლაძე, ლიკა ზაკაშვილი, გელა მთივლიშვილი

განმცხადებელი: ანა არგანაშვილი

მოპასუხე: სოფო შაიშმელაშვილი

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ანა არგანაშვილმა, რომელიც მიიჩნევდა რომ "რადიოვიზიის“ ჟურნალისტის, სოფო შაიშმელაშვილის მიერ მომზადებულ სიუჟეტში სათაურით „კანონდამრღვევი არასრულწლოვნები", დაირღვა ქარტიის მე-7 და მე-8 პრინციპი. სადავო სიუჟეტი ეხებოდა ბათუმში მცხოვრებ არასრულწლოვნებს, რომლებიც, სიუჟეტის თანახმად, აგრესიულად და ხშირად კანონის დარღვევით ითხოვენ მოწყალებას/სარგებელს.

განცხადების განხილვას დაესწრო განმცხადებლის წარმომადგენელი, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტმა შეპასუხება წარმოადგინა წერილობითი სახით.

ქარტიის მე-8 პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება“. სადავო სიუჟეტში მითითებულია რომ ბათუმში, კონკრეტულ, ტურისტებისათვის პოპულარულ ადგილებში, არასრულწლოვნები ხშირად ძალის და აგრესიის გამოყენებით გამვლელებს აიძულებენ რომ მათზე მოწყალება გაიღონ. სიუჟეტში არასრულწლოვნები ნეგატიურად არიან გაშუქებული, ჟურნალისტი მათ მოიხსენიებს როგორც „კანონდამრღვევები“, მათი ქმედება შეფასებულია როგორც „იახტკლუბის აწიოკება“, ჟურნალისტი დადასტურებული სახით აცხადებს რომ მათი ქმედებები სხვა პირების საქმიანობას ზიანს აყენებს, არიან „შურისმაძიებლები“ და ამ ყველაფრის პარალელურად ნაჩვენებია არასრუწლოვნების სახეები, ანუ ისინი იდენტიფიცირებულნი არიან. საბჭო აღნიშნავს რომ არასრულწლოვნები მათი ასაკიდან გამომდინარე საზოგადოების მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან და მათ შესახებ ინფორმაციის მომზადება განსაკუთრებულ სიფრთხილეს და დაკვირვებას მოითხოვს, რათა ჟურნალისტურმა პროდუქტმა არ გამოიწვიოს არასრულწლოვანთა ინტერესების შელახვა ან მათი მომავლისათვის საფრთხის შექმნა. ჟურნალისტური პროდუქტი არ უნდა იწვევდეს არასრულწლოვნის სტიგმატიზებას ან/და დისკრიმინაციის საფრთხეს.

სიუჟეტი ასევე უნდა შეფასდეს შორეული პერსპექტივიდანაც, მას შემდეგ რაც სიუჟეტში მონაწილე მიაღწევს სრულწლოვანების ასაკს, რამდენად იქნება მისთვის მისაღები სიუჟეტის ასეთი სახით არსებობა/მომზადება ან სიუჟეტთან მისი ასოცირება. თავად სიუჟეტშივე ჩანს, რომ არასრულწლოვანს არ სურს მის შესახებ მომზადებული ვიდეოს გასაჯაროება და სთხოვს ჟურნალისტს რომ წაშალოს ვიდეო. შესაბამისად არასრულწლოვნების [რომელთაც საკუთარ ქმედებებზე, ასაკიდან და შეზღუდული ქმედუნარიანობიდან გამომდინარე კანონიც კი ვერ აკისრებს პასუხისმგებლობას] ქმედებების მოხსენიება/შეფასება როგორც „კანონდარღვევა“, „შურისძიება“, „აწიოკება“ ეწინააღმდეგება ბავშვთა საკითხების გაშუქების ეთიკურ პრინციპებს. ბავშვებთან მიმართებით ცალკე ეთიკური პრინციპის არსებობის ერთ - ერთი მიზანი სწორედ ისიც არის, რომ ვინაიდან ბავშვები თავიანთ ქმედებებს ვერ აცნობიერებენ ზრდასრულების მსგავსად, მათი შეფასებები და ჟურნალისტური პროდუქტები მათზე განსაკუთრებით მაღალი სტანდარტით უნდა მომზადდეს.

ამასთან აღსანიშნავია რომ პრობლემა ცალმხრივად გაშუქდა, აქცენტი გაკეთდა ტურისტებისათვის და ბიზნესისათვის არსებულ პრობლემებზე, სიუჟეტი აქცენტირებულია და ჟურნალისტი წუხს იმაზე რომ არასრულწლოვნებს ჩადენილ სავარაუდო დანაშულზე პასუხისმგებლობა არ/ვერ დაეკისრებათ, ვინაიდან ასეთი მცირე ასაკის ბავშვებზე კანონი არ ვრცელდება. დიდი დრო ეთმობა იმაზე მსჯელობას როგორ შეიძლება მათ პასუხისმგებლობა დაეკისროთ, ეს მაშინ როცა საერთოდ უგულვებელყოფილია ზოგადი პრობლემა, რატომ უწევთ არასრულწლოვანებს ქუჩაში მოწყალების თხოვნა, რას აკეთებს სახელმწიფო იმისათვის რომ ისინი დაუბრუნდნენ ცხოვრების უფრო მისაღებ გარემოებებს, არ არის ჩაწერილი სოციალური მომსახურების სააგენტო, რომლის პირდაპირი მოვალეობა მსგავს ფაქტებზე რეაგირებაა. ანუ არასრულწლოვნებზე მომზადდა სიუჟეტი, სადაც იდენტიფიცირებული ბავშვები ცალსახად ნეგატიურად, აგრესიის გამომწვევ პირებად არიან აღწერილი და ყურადღების მიღმაა დარჩენილი ის გარემოებები, რომელიც იწვევს მათ ასეთ ქცევას და მხოლოდ დამნაშავეებად, მოძალადეებად, შურისმაძიებლად არიან აღწერილნი, რაც ასევე იწვევს ქარტიის მე-8 პრინციპის დარღვევას.

ქარტიის მე-7 პრინციპი "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით". სიუჟეტის დასასრულისას ჟურნალისტი აღნიშნავს რომ „ამ არასრულწლოვნების ზუსტ წარმომავლობას ვერ ვაკონკრეტებთ, ისინი სხვადასხვა ეროვნების არიან, მათ ხშირად ბოშებს ეძახიან, თუმცა ჩემი სიუჟეტის გმირები უნიკალური კულტურის მქონე ბოშათა შთამომავლები ნამდვილად არ არიან“. ქარტიის საბჭო აღნიშნავს რომ ეთნიკურ წარმომავლობაზე მსჯელობა იწვევს დისკრიმინაციას ეთნიკური ნიშნით, ეთნიკური წარმოშობა ან „უნიკალური კულტურა“ არ განსაზღვრავს ანტისოციალურ ქმედებებს, ჟურნალისტის მიერ უნიკალურ კულტურაზე მითითება კი იმას ნიშნავს რომ ჟურნალისტი ამა თუ იმ ეთნიკური ჯგუფის კულტურის ისტორიით განსაზღვრავს და კულტურის ისტორიას უკავშირებს ამ ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელების მიერ ანტისოციალური ქცევის სავარაუდო ჩადენას ან არ ჩადენას. ქარტიის მიერ შემუშავებული „კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელო წესების“ თანახმად, „დაუშვებელია ეთნიკური, რელიგიური ან სხვა სახის იდენტობის დაკავშირება დანაშაულთან, ან მისი იდენტობის ხსენება, თუკი ის პირდაპირ არ უკავშირდება დანაშაულის მოტივს“. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპიც. სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1. სოფო შაიშმელაშვილმა დაარღვია ქარტიის მე-7 და მე-8 პრინციპი.

საქმის მასალები: