გადაწყვეტილებების ძიება

მალხაზ მაჩალიკაშვილი მირიან ბოქოლიშვილის წინააღმდეგ
11.01.2020

განმცხადებელი : მალხაზ მაჩალიკაშვილი;
მოპასუხე : მირიან ბოქოლიშვილი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;

14 ოქტომბერი 2019 წელი

საქმე N 307

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: ირმა ზოიძე, ლაურა გოგოლაძე, ლიკა ზაკაშვილი, გელა მთივლიშვილი, გიორგი სულაძე, გიორგი მგელაძე, კამილა მამედოვა.

განმცხადებელი: მალხაზ მაჩალიკაშვილი

მოპასუხე: მირიან ბოქოლიშვილი

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა მალხაზ მაჩალიკაშვილმა, რომელიც მიიჩნევდა რომ primetime.ge ზე გამოქვეყნებულ სტატიაში „ვინ გახსნა თემირლან მაჩალიკაშვილის სახელობის წყარო ბანგლადეშში - ორგანიზაციის ხელმძღვანელს ინტერპოლი ეძებს“ დაირღვა ქარტიის პირველი, მე-7 და მე-11 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა primetime.ge რედაქტორი მირიან ბოქოლიშვილი.

საქმის განხილვას დაესწრნენ განმცხადებლის წარმომადგენლები. მოპასუხე ჟურნალისტმა შეპასუხება წერილობითი სახით წარმოადგინა.

სამოტივაციო ნაწილი:

ქარტიის პირველი პრინციპის მიხედვით „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“. სტატიაში მითითებულია რომ:

  1. ბანგლადეშის დასახლება ბალუხალიში თემირლან მაჩალიკაშვილის სახელობის წყარო გაიხსნა.
  2. სახელობითი წყარო ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ „The living heart association for relief and education” [შემგომ „ჰუმანიტარური ორგანიზაცია“] გახსნა.
  3. სტატიის თანახმად ჟურნალისტი დაინტერესდა რა საერთო აქვს ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე მყოფ დასახლება ბალუხალის და ზემოხსენებულ ჰუმანიტარულ ორგანიზაციას თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებასთან.
  4. სტატიაში მითითებულია რომ ჟურნალისტმა მოიძია ინფორმაცია [„გავრცელებული ცნობებით“], რომლის თანახმად ჰუმანიტარული ორგანიზაცია ქველმოქმედების საფარქვეშ რეალურად ტერორიზმის დაფინანსებას ეწევა. ამ მოსაზრების მხარდასაჭერად კი მოჰყავს შემდეგი ფაქტები:  [4.1]  ჰუმანიტარულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს ისრაილ ახმედნაბიევი, [იგივე აბუ უმარ სასითლინსკი].      [4.2]  2013 წელს გავლენიანმა ამერიკულმა ორგანიზაცია „ჯეიმსთაუნის კვლევისა და ანალიზის ფონდმა“ გამოაქვეყნა რეპორტი, სადაც აღწერილი იყო, თუ რას შეიძლებოდა მოეხდინა გარდამტეხი გავლენა ბოსტონის ცნობილი ტერაქტის შემოქმედის, ტამერლან ცარნაევის რადიკალიზაციაში. რეპორტის თანახმად ტერაქტამდე ცოტა ხნით ადრე, კერძოდ 2012 წელს ცარნაევი იმყოფებოდა მახაჩკალაში, სადაც სალიფატურ მეჩეთში ესწრებოდა სწორედ ისრაილ ახმედნაბიევის ლექციას.  [4.3]  წყაროებზე დაყრდნობით ჟურნალისტი უთითებს, რომ [ა] ისრაილ ახმედნაბიევს, ახლო ურთიერთობა ჰქონდა „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენიან ლიდერ თარხან ბათირაშვილთან და უშუალოდ აფინანსებდა მის დაჯგუფებას „ჯეიშ ალ მუჰაჯირონ ვალ ანსარის“ [ბ] 2011 წელს ახმედნაბიევი ზუსტად იმ დროს ჩამოვიდა საქართველოში, როდესაც აქ აჰმედ ჩატაევი იმყოფებოდა. მან ქვეყანა იმავე წლის 1–ელ მაისს, სწორედ აჰმედ ჩატაევთან ერთად დატოვა. [გ] ჩეჩნურ დიასპორაში ასევე იხსენებენ ისრაილ ახმედნაბიევის შეხვედრას სოფელ ჯოყოლოს ყოფილ იმამთან, აიუფ ბორჩაშვილთან, რომელსაც 2016 წელს ტერორიზმის ბრალდებით თბილისის საქალაქო სასამართლომ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.  [4.4]  ბოლო სამი წლის განმავლობაში ისრაილ ახმედნაბიევი აფრიკის რესპუბლიკა ნიგერიაში ცხოვრობს. ჟურნალისტი ასევე ხაზს უსვამს რომ „ამ ქვეყანაში [იგულისხმებ ნიგერია] მოქმედებს თავისი სისასტიკით გამორჩეული ტერორისტული ორგანიზაცია „ბოკო ჰარამი“, რომელსაც ერთგულების ფიცი აქვს მიცემული „ისლამური სახელმწიფოსთვის“.
  5. 2018 წელს მოსკოვში, ჩეჩნეთში, დაღესტანსა და ინგუშეთში მასშტაბური ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ჩატარდა, სადაც ასევე ახმედნაბიევის სახელმა გაიჟღერა და ახმედნაბიევს რუსეთი ინტერპოლით ეძებს როგორც ტერორიზმში ბრალდებულს.
  6. სტატიაში მოყვანილია რია ნოვოსტის სტატია, რომ ახმედნაბიევმა ჰუმანიტარული ორგანიზაციის საფარქვეშ ტერორიზმის დაფინანსების ქსელი შექმნა.

სტატიის ბოლოს მიმოხილულია თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე და მკითხველისათვის ძირითად მიწოდებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პოზიცია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები თემირლან მაჩალიკაშვილის ტერორიზმში ბრალდებულ პირებთან კავშირზე მიუთითებს.

საბოლოო ჯამში სადავო სტატიის ძირითადი ხაზი შემდეგ ლოგიკურ კავშირს გვთავაზობს: თემირლან მაჩალიკაშვილს, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პოზიციით კავშირი ჰქონდა ტერორიზმთან, სახელობითი წყარო გაუხსნა ორგანიზაციამ, რომელიც და რომლის ხელმძღვანელიც [ისრაილ ახმედნაბიევი] ასევე ტერორიზმთან კავშირში არის მხილებული. ამით თითქოს მყარდება სახელმწიფო ბრალდების მტკიცება რომ თემირლან მაჩალიკაშვილს ტერორისტებთან ჰქონდა კავშირი. საბჭოს თავის შეფასების მართებულობაში არწმუნებს სტატიის ის ნაწილიც სადაც ჟურნალისტი სვამს კითხვას და ხაზს უსვამს: „როგორ გავიდა მალხაზ მაჩალიკაშვილი იმ ორგანიზაციის კვალზე, რომლის ხელმძღვანელის მიმართ ტერორიზმის დაფინანსებისა და გავლენიან ტერორისტებთან კავშირის ბრალდებით საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული? მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლები მის ოჯახს თავად დაუკავშირდნენ და ბანგლადეშში თემირლანის წყაროს გახსნისთვის ნებართვა ითხოვეს. “ამ ლოგიკით, გამოდის, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე ჰუმანიტარული საქმიანობის ეგიდით მოქმედი ორგანიზაციისთვის სულ ერთი არ არის, რადგან სახელობით წყაროებს, როგორც წესი, შემთხვევით ადამიანებს არ უხსნიან. და რაში მდგომარეობს ამ ორგანიზაციისთვის თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის მნიშვნელობა?“

საბჭომ განხილვისას დაადგინა, რომ სადავო სტატიაში მთელი რიგი უზუსტობებია ისრაილ ახმედნაბიევზე.

მაგალითად სტატიაში მითითებულია რომ ისრაილ ახმედნაბიევი აფრიკის რესპუბლიკა ნიგერიაში ცხოვრობს. ნიგერიაში ცხოვრებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჟურნალისტი და ხაზს უსვამს რომ ეს ის ქვეყანაა სადაც ტერორისტული ორგანიზაცია „ბოკო ჰარამი“ მოქმედებებს და ამით თითქოს კიდევ ერთი არგუმენტი მოჰყავს ახმედნაბიევის ტერორიზმთან კავშირის დასამატკიცებლად. როგორც საბჭომ დაადგინა და ეს მოპასუხე ჟურნალისტმაც აღიარა, ახმედნაბიევი არა ნიგერიაში, არამედ ცხოვრობს სხვა აფრიკულ ქვეყანაში - ნიგერში.

სტატიაში მითითებულია რომ „ჯეიმსთაუნის კვლევისა და ანალიზის ფონდმა“ გამოაქვეყნა რეპორტი, სადაც აღწერილი იყო რომ შესაძლოა ბოსტონის ცნობილი ტერაქტის შემოქმედის, ტამერლან ცარნაევის რადიკალიზაციაში წვლილი შეიტანა ისრაილ ახმედნაბიევმა. მტკიცებულებების შესწავლის შედეგად საბჭომ დაადგინა რომ სახეზე იყო არა რეპორტი, არამედ მაირბექ ვაჩაგაევის საავტორო სტატია. მკითხველის თვალში კი ტერმინი „რეპორტი“ უფრო მეტ ნდობას იწვევს წყაროს მიმართ, ვიდრე კონკრეტული პირის პერსონალური მოსაზრება, ასევე სტატიაში „რეპორტის“ ავტორად „ჯეიმსთაუნის კვლევისა და ანალიზის ფონდია“ მითითებული, რაც ასევე არასწორი ფაქტია. მეტიც, ე.წ. „რეპორტში“ რეალურად კი საავტორო სტატიაში, მტკიცებით ფორმაში არ არის მითითებული რომ ბოსტონის ცნობილი ტერაქტის შემოქმედის, ტამერლან ცარნაევის რადიკალიზაციაში წვლილი შეიტანა ისრაილ ახმედნაბიევმა, არამედ საუბარია რომ ეს ჰიპოთეზაა, მტკიცებულებების გარეშე [but there is no evidence thus far confirming such a hypothesis.] და ამ ჰიპოთეზის საწინააღმდეგო არგუმენტებიც კი არის მოყვანილი. სადაო სტატიაში კი ისე არის ეს ინფორმაცია გადმოცემული რომ თითქოს ე.წ. „რეპორტი“ ადასტურებს ახმედნაბიევის გავლენას ბოსტონის ტერაქტის ავტორზე და არა არის ნახსენები საწინააღმდეგო არგუმენტები.

ზემოაღნიშნული არასწორი ინფორმაციის გარდა, ჟურნალისტმა ყველა ღონე არ იხმარა რათა სრულყოფილი ინფორმაცია მოეძიებინა ისრაელ ახმედნაბიევის ორგანიზაციის შესახებ. მაგალითად:  

  1. სადავო სტატიაში მითითებულია რომ საქველმოქმედო ორგანიზაციამ თემირლან მაჩალიკაშვილის სახელზე წყარო გახსნა. ერთის მხრივ მთელი სტატია მიმართულია იმ ხაზის გასაძლიერებლად რომ ეს ორგანიზაცია და მისი ხელძღვანელი ტერორისტებთან კავშირში შეიძლება იყოს, ხაზგასმულია რომ რადგან სახელობით წყაროებს, როგორც წესი, შემთხვევით ადამიანებს არ უხსნიან, მაგრამ ჟურნალისტი არ ახსენებს იმ ინფორმაციას რომ რეალურად ნებისმიერ პირს, რომელიც მიმართავს ამ ორგანიზაციას და გარკვეულ თანხას გადაიხდის, შეუძლია გახსნას თავის სახელობის წყარო იმ ქვეყნებში, სადაც ეს ორგანიზაცია მოღვაწეობს. აღნიშნული გარემოება დადასტურდა საბჭოს მიერ საქველმოქმედო ორგანიზაციის ვებ გვერდის შესწავლის შედეგად. ანუ ჟურნალისტის მტკიცება რომ სახელობითი წყაროს გახსნას რამე განსაკუთრებული კავშირები სჭირდება, არასწორია. საბჭოს არა აქვს მტკიცებულებები იმის დასადგენად რომ ეს ინფორმაცია იცოდა ჟურნალისტმა და განზრახ მიჩქმალა, ამ შემთხვევაში საბჭო მიიჩნევს რომ ჟურნალისტმა არ გადაამოწმა ინფორმაცია.
  2. ორგანიზაციას, რომელიც სადავო სტატიის მიხედვით ტერორიზმის დაფინანსებაშია ბრალდებული, საბანკო ანგარიშები აქვს ინგლისურ ბანკში [Lloyds Bank], ეს კიდევ ამცირებს იმ ბრალდებების ვალიდურობას, რომ ორგანიზაცია ტერორისტებს აფინანსებს.
  3. ჟურნალისტს არ შეუსწავლია იმ ორგანიზაციის ვებ გვერდი რომელსაც ბრალს სდებს ტერორიზმის დაფინანსებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მისთვის ცნობილი გახდებოდა ის გარემოებები რომლის შესახებაც საუბარი იყო პირველ და მეორე გარემოებებში.
  4. ჟურნალისტი არ დაკავშირებია და როგორც განაცხადა არც მცდელობა ჰქონია რომ დაკავშირებოდა ისრაელ ახმედნაბიევს, რომელსაც ბრალს სდებდა ტერორიზმთან კავშირში და რომლის გვერდი სოციალური ქსელში ხელმისაწვდომია და აქტიურია.
აღსანიშნავია რომ დამატებითი ინფორმაციისათვის ჟურნალისტი არ დაკავშირებია არც მალხაზ მაჩალიკაშვილს და სტატიაში გამოიყენა მხოლოდ მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ საჯაროდ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კომენტარები. მაშინ როცა ჟურნალისტი ასეთ მოცულობით და ინფორმაციულ სტატიას ამზადებს, სადაც ძირითადი აქცენტი იმაზეა რომ მოხდეს თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავშირება ტერორისტულ ორგანიზაციასთან, იგი ვალდებული იყო კონკრეტული კითხვებით დაკავშირებოდა მალხაზ მაჩალიკაშვილს და მიეღო მისი კომენტარები.

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, და იმის გათვალისწინებით რომ რიგი ინფორმაცია არასწორია, ხოლო რიგ შემთხვევაში არასრული/გადაუმოწმებელი ინფორმაციის მიწოდება ხდება მკითხველისათვის, სტატია მანიპულაციურია და არ უზრუნველყოფს მკითხველისთვის ზუსტი და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას.

ქარტიის მე-7 პრინციპის მიხედვით “ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”. განმცხადებელი მიუთითებდა რომ ხდებოდა დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით, ვინაიდან სტატიაში მითითებული ყველა პირი იყო ეთნიკურად ჩეჩენი. ქარტიის საბჭო აღნიშნავს რომ ამ შემთხვევაში ვერ ხედავს დისკრიმინაციის ნიშნებს. სტატიაში რამდენჯერმე არის ნახსენები ჩეჩენი ეროვნების პირები, და არის მათი ტერორიზმთან კავშირში მინიშნებებზე საუბარი, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში ხაზგასმული არ არის მათი ეთნიკური წარმომავლობა. ეთნიკური ტერმინი „ჩეჩენი“ სტატიაში სულ 3 ჯერ არის გამოყენებული, აქედან ერთხელ სხვა ტერიტორიულ ერთეულებთან [დაღესტანი, ინგუშეთი] ერთად, ხოლო ორჯერ როგორც წყაროს წარმომავლობა [„პრაიმტაიმმა“ ჩეჩნურ დიასპორაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, ჩეჩნურ დიასპორაში ასევე იხსენებენ]. სტატიაში არის საუბარი ახმადანაბიევის და სხვა ჩეჩენი ეროვნების პირის ტერორიზმთან კავშირზე, რომელი კავშირების სისწორეზეც საბჭომ უკვე იმსჯელა პირველი პრინციპის კუთხით. მეორეს მხრივ ეს გარემოება ავტომატურად არ იწვევს ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას. განსახილველ შემთხვევაში შესაძლებელია გამოკვეთილიყო დისკრიმინაციის ნიშნები თუ აქცენტირებული ან ხაზგასმული იქნებოდა ამა თუ იმ პირის ეთნიკური წარმომავლობა.

ქარტიის მე-11 პრინციპი „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“. მე-11 პრინციპის ჭრილში განმცხადებლის ძირითადი არგუმენტაცია მიმართული იყო „ჯეიმსთაუნის კვლევისა და ანალიზის ფონდის“ ე.წ. „რეპორტზე“. კერძოდ, განმცხადებელი აპელირებდა რომ „რეპორტში“ არ იყო დადასტურებული სახით იმაზე მითითება რომ ბოსტონის ცნობილი ტერაქტის შემოქმედის, ტამერლან ცარნაევის რადიკალიზაციაში წვლილი შეიტანა ისრაილ ახმედნაბიევმა და იმის გათვალისწინებით, რომ „რეპორტს“ იცნობდა ჟურნალისტი მაინც მტკიცებით ფორმაში განაცხადა რომ ცარნაევი იყო ახმედნაბიევის გავლენის ქვეშ, ეს განზრახვაზე მიუთითებს - აღნიშნავდა განმცხადებელი.

საბჭო ამ შემთხვევაში ვერ გაიზიარებს განმცხადებლის პოზიციას შემდეგი არგუმენტაციით:

  1. თავად სტატიაში მტკიცებით ფორმაში არ იყო მითითებული რომ ცარნაევის რადიკალიზაციაში წვლილი მიუძღოდა ახმედნაბიევს. ციტატა „აღწერილი [იგულისხმება „რეპორტი“] იყო, თუ რას შეიძლებოდა მოეხდინა გარდამტეხი გავლენა ბოსტონის ცნობილი ტერაქტის შემოქმედის, ტამერლან ცარნაევის რადიკალიზაციაში. „ჯეიმსთაუნის ფონდის“ ინფორმაციით, ტერაქტამდე ცოტა ხნით ადრე, კერძოდ 2012 წელს ცარნაევი იმყოფებოდა მახაჩკალაში, სადაც კოტროვის სალიფატურ მეჩეთში ესწრებოდა აბუ უმარ სასიტლინსკის ლექციას“. სტატიის ამ ნაწილთან დაკავშირებით საბჭოს მთავარი შენიშვნა იყო ის რომ ჟურნალისტმა არ ახსენა თავად „რეპორტში“ მითითებული საწინააღმდეგო პოზიციაც, რაზეც პირველი პრინციპის ჭრილში იმსჯელა.
  2. თავად ეს ნაწილი [„რეპორტი“] არ არის სტატიის მთავარი ხაზი, არამედ ერთ - ერთი დამატებითი გარემოებაა, და ამ გარემოების არასრულყოფილად გადმოცემა არ არის იმის საფუძველი, საბჭომ მიიჩნიოს რომ ჟურნალისტი გაზრახ ავრცელებდა არასწორ ინფორმაციას. საბჭოს შთაბეჭდილება რჩება რომ პირველი პრინციპის დარღვევა გამოიწვია ჟურნალისტის მიერ ინფორმაციის გადაუმოწმებლობამ, არასრულყოფილად მოძიებამ.
სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. მირიან ბოქოლიშვილმა დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
  2. მირიან ბოქოლიშვილს არ დაურღვევია ქარტიის მე-7 და მე-11 პრინციპი.