გადაწყვეტილებების ძიება

პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის დავით დვალიშვილის წინააღმდეგ
12.01.2020

განმცხადებელი : პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის;
მოპასუხე : დავით დვალიშვილი;
დარღვეული პრინციპები : 10 პრინციპი;

20 დეკემბერი 2019 წელი

საქმე N  341 

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: ირმა ზოიძე, ლაურა გოგოლაძე, გიორგი სულაძე, გელა მთივლიშვილი, კამილა მამედოვა.

განმცხადებელი: პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის

მოპასუხე: დავით დვალიშვილი


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა პლატფორმამ ახალი შესაძლებლობებისთვის, რომელიც მიიჩნევდა რომ 23 ნოემბერს, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გადაცემა კურიერში დავით დვალიშვილის ავტორობით გასულ სიუჟეტში დაირღვა ქარტიის მე-10 პრინციპი.

საქმის განხილვას არ დასწრებია განმცხადებელი და მოპასუხე ჟურნალისტი, რომელსაც არც საპასუხო პოზიცია წარმოუდგენია.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის მეათე პრინციპის მიხედვით “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი”. სადავო სიუჟეტი ეხებოდა საქართველოს ერთ - ერთ სოფელში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალზე სავარაუდოდ სექსუალურ ძალადობას. აღნიშნულ ძალადობაში, სავარუდო მსხვერპლის დედა ბრალს სდებდა მეზობელს და ასევე გამოთქვამდა წუხილს რომ ამ ამბავს სამართალდამცავი ორგანოებისაგან სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია.

სადავო სიუჟეტში სრულად იყო იდენტიფიცირებული სავარაუდო ძალადობაში დადანაშაულებული პირი და სავარაუდო მსხვერპლი. სიუჟეტში რესპონდენტი საუბრობს სავარაუდო სექსუალური ძალადობის დეტალებზე. რა თქმა საზოგადოებრივი ინტერესის საგანია თუ სავარაუდო დანაშაულზე არ ხდება სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური რეაგირება, მაგრამ ჟურნალისტს თავი უნდა შეეკავებინა სავარაუდო მოძალადის, მსხვერპლის ან სხვა დეტალების გასაჯაროებისაგან, მითუმეტეს, რომ სავარაუდო მოძალადეს არც ბრალი აქვს წაყენებული და არც გამამტყუნებელი განაჩენი აქვს სასამართლოს გამოტანილი, რომ მან რეალურად იძალადა მეზობელზე. სიუჟეტიდან ასევე ცნობილი ხდება სავარაუდო მსხვერპლის ჯანმრთელობის მდგომარების [რომ ის შშმ პირია] შესახებ, ეს უკანასკნელი გარემოება ეთიკური ვალდებულებების დარღევად შეიძლება იქნას მიჩნეული განსახილველ შემთხვევაში, რადგან შშმ პირის სრული იდენტიფიცირება მოხდა. საზოგადოება ამ დეტალებით არ იღებს ისეთ ინფორმაციას რომელიც მის ობიექტურ ინტერესს ემსახურება, საბჭოს მიერ ჩამოყალიბებული პრაქტიკით, საზოგადოებრივ ინტერესად არ შეიძლება ჩაითვალოს ცნობისმოყვარეობა და საზოგადოების სუბიექტური სურვილი, იცოდეს ამა თუ იმ ამბის, მითუფრო, პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტის შესახებ. სხვა პირის პირადი ცხოვრება საზოგადოების ობიექტური ინტერესის საგანი შეიძლება იყოს თუ ინფორმაცია ეხება მნიშვნელოვან სოციალურ თუ პოლიტიკურ მოვლენას. ქარტიის საბჭოს მოსაზრებით განსაკუთრებით სიფრთხილე მართებს ჟურნალისტს ისეთი ინფორმაციის გავრცელებისას რომელიც სავარუდო დამნაშავედ, მით უფრო სექსუალურ მოძალადედ „აცხადებს“ პირს ან უთითებს სექსუალური ძალადობის მსხვერპლზე. საბჭო მიიჩნევს რომ სავარაუდო მოძალადის, მსხვერპლის ან სხვა დეტალების მიმართ არ არსებობდა საზოგადოებრივი ინტერესი და მათი გასაჯაროებით დაირღვა ქარტიის მე-10 პრინციპი.

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. დავით დვალიშვილმა დაარღვია ქარტიის მე-10 პრინციპი.