გადაწყვეტილებების ძიება

სს "ფრანს ავტო" გიორგი ნონიაშვილის წინააღმდეგ.
10.02.2020

განმცხადებელი : სს "ფრანს ავტო";
მოპასუხე : გიორგი ნონიაშვილი;
დარღვეული პრინციპები : არ დარღვეულა;
11 იანვარი 2020 წელი

საქმე N - 337 

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: ლაურა გოგოლაძე, გიორგი სულაძე, ლიკა ზაკაშვილი, კამილა მამედოვა, მაია მერკვილაძე

განმცხადებელი: სს "ფრანს ავტო"

მოპასუხე: გიორგი ნონიაშვილი


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა სს "ფრანს ავტომ", რომელიც მიიჩნევდა რომ ფეისბუქ გვერდ „ფლანგვის დეტექტორის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით დაირღვა ქარტიის პირველი, მე-3 და მე-5 პრინციპი. „ფლანგვის დეტექტორი“ თავის თავს აღწერს როგორც „ინოვაციური მედიაპროექტი“, შესაბამისად მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ჩაითვლა მედია პროდუქტად და მასზე იმსჯელა ქარტიის საბჭომ.

საქმის განხილვის თავისებურებები: 2019 წლის 20 დეკემბერს საბჭოს წევრებმა მოუსმინეს განმცხადებლის წარმომადგენელს და მოპასუხე მხარეს, რომელთა პოზიცია საქმის მასალებთან ერთად გაგზავნილი იქნა საბჭოს სხვა წევრებისათვის და გადაწყვეტილება მიღებული იქნა საბჭოს წევრების მიერ პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის პირველი პრინციპი ”ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“. 2019 წლის 11 ნოემბერს „ფლანგვის დეტექტორმა“ გამოაქვეყნა შემდეგი ინფორმაცია „მხოლოდ 2019 წლის ივლის-აგვისტოში მთავრობამ 2 ტენდერით 18 მილიონი ლარის ავტომანქანები შეისყიდა. გამარჯვებული კომპანიის, სს “ფრანს ავტოს” დამფუძნებელი სპორტის ყოფილი მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის ძმა, ავთანდილია. ფრანს ავტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით გოგორიშვილია, რომელიც ტარიელ ხეჩიკაშვილის დაფუძნებული “იბერია ბიზნეს ჯგუფის” დირექტორია. ფრანს ავტოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე გოგორიშვილმა ტარიელ ხეჩიკაშილი 2015 წელს ჩაანაცვლა“. განმცხადებელი სადავოდ ხდიდა შემდეგ ნაწილს: „გამარჯვებული კომპანიის, სს “ფრანს ავტოს” დამფუძნებელი სპორტის ყოფილი მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის ძმა, ავთანდილია “ და მიუთითებდა რომ სპორტის ყოფილი მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის ძმა არ არის სს “ფრანს ავტოს” დაფუძნებული და ამაზე ხაზგასმა ტოვებს შთაბეჭდილებას რომ თითქოს სს „ფრანს ავტო“ ტენდერებს სწორედ ამის გამო იგებს.

საბჭოს მიერ დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

  1. სადავო ინფორმაციის გამოქვეყნებისას სს „ფრანს ავტოს“ [ს/ნ 236098165] პარტნიორები [აქციონერები] იყვნენ სს „იმედი“ [საფრანგეთი] – 85.15 % და შპს „იბერია იბერია ბიზნეს ჯგუფი“ - 14.85 %.
  2. 2013 წლის 02 თებერვალს განხორციელდა რეორგანიზაცია და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ფრანს ავტო“ გარდაიქმნა სააქციო საზოგადოება „ფრანს ავტოდ“. 
  3. 2012 წლის 02 აგვისტომდე შპს „ფრანს ავტოს“ საფირმო სახელწოდება იყო შპს „მიცუბიში მოტორს ჯორჯია“.
  4. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანხმად საფირმო სახელწოდების და ორგანიზაციულ - სამართლებრივი ფორმის ცვლილების მიუხედევად სს „ფრანს ავტო“ წარმოადგენს შპს „ფრანს ავტოს“ და შპს „მიცუბიში მოტორს ჯორჯიას“ სამართალმემკვიდრეს. საიდენტიფიკაციო კოდიც უცვლელი დარჩა - 236098165.
  5. საჯარო რეესტრში დაცული ინფორმაციის თანახმად შპს „მიცუბიში მოტორს ჯორჯია“ დაფუძნებული იქნა 5 პირის მიერ, რომელთაგან ერთ - ერთი დამფუძნებელი იყო ავთანდილ ხეჩიკაშვილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ზუსტ ინფორმაციას წარმოადგენს რომ შპს „მიცუბიში მოტორს ჯორჯიას“ და შესაბამისად სს „ფრანს ავტოს“ დამფუძნებელი იყო სპორტის ყოფილი მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის ძმა - ავთანდილ ხეჩიკაშვილი. აქვე აღსანიშნავია რომ სს „ფრანს ავტოს“ ბენეფიციარ მესაკუთრედ დღემდე რჩება სპორტის ყოფილი მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი. კერძოდ: სს „ფრანს ავტოს“ პარტნიორია შპს „იბერია ბიზნეს ჯგუფი“ ს/ნ 204975376, თავის მხრივ შპს „იბერია ბიზნეს ჯგუფის“ პარტნიორია შპს „აი-ბი-ჯი ჰოლდინგს“ ს/ნ 402063217, ხოლო შპს „აი-ბი-ჯი ჰოლდინგის“ 24 % წილის მფლობელია - ტარიელ ხეჩიკაშვილი. შესაბამისად ასევე გამართლებულია ვარაუდი რომ სს „ფრანს ავტოს“ წარმატებული კომერციული საქმიანობა ტარიელ ხეჩიკაშვილის ინტერესებში შედის.

მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს რომ ქარტიის პირველი, მე-3  [ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია] და მე-5 [მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება] პრინციპების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.


სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე: 

  1. გიორგი ნონიაშვილის არ დაურღვევია ქარტიის პირველი, მე-3 და მე-5 პრინციპი.

                                                                             


                                                         საბჭოს წევრის ლაურა გოგოლაძის განსხვავებული აზრი


საბჭოს წევრი ლაურა გოგოლაძე არ დაეთანხმა ქარტიის საბჭოს უმრავლესობის გადაწყვეტილებას და მიიჩნია რომ სადავო მედია პროდუქტიდან შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს ავთანდილ ხეჩიკაშვილი დღესაც არის სს „ფრანს ავტოს“ პარტნიორი [წილის მფლობელი] და ასეთი მასალების მომზადების დროს სიზუსტე აბსოლუტურად უნდა იყოს დაცული.