გადაწყვეტილებების ძიება

მანანა გურგენიძე euronews.ge -ს არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ
10.02.2020

განმცხადებელი : მანანა გურგენიძე;
მოპასუხე : euronews.ge არაიდენტიფიციცირებული ჟურნალისტი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 10 პრინციპი;

11 იანვარი 2020 წელი

საქმე N - 339 

საბჭოს თავმჯდომარე:  ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: ლაურა გოგოლაძე, გიორგი სულაძე, ლიკა ზაკაშვილი, კამილა მამედოვა, მაია მერკვილაძე

განმცხადებელი: მანანა გურგენიძე

მოპასუხე: euronews.ge არაიდენტიფიციცირებული ჟურნალისტი


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა მანანა გურგენიძემ, რომელიც მიიჩნევდა რომ euronews.ge ზე გამოქვეყნებულ სტატიაში ,,საქართველოდან სტამბულში სამკურნალოდ გაგზავნილი ლეიკემიით დაავადებული პაციენტი მოატყუეს” დაირღვა ქარტიის 1,3,4,10,11 პრინციპი.


euronews.ge მიერ გამოქვეყნებულ სტატიაზე მითითებული არ იყო ავტორი ჟურნალისტი, საბჭოს სამდივნომ მიმართა მედიასაშუალებას, რომ ეცნობებინა სადავო სტატიაზე პასუხისმგებელი პირი, მაგრამ საბჭოსათვის არ იქნა აღნიშნული ინფორმაცია მოწოდებული და ვერ მოხდა კონკრეტული პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება. ასეთ შემთხვევაში ქარტიის საქმის წარმოების წესის [პუნქტი 3.4] თანახმად, „თუ შეუძლებელია პასუხისმგებელი პირის მოძიება, ეს არ აფერხებს განცხადების განხილვას და ქარტიის გადაწყვეტილებაში მოპასუხედ მიეთითება არაიდენტიფიცირებული ავტორი/ჟურნალისტი“.

საქმის განხილვის თავისებურებები: 2019 წლის 20 დეკემბერს საბჭოს წევრებმა მოუსმინეს განმცხადებელს, რომლის პოზიცია საქმის მასალებთან ერთად გაგზავნილი იქნა საბჭოს სხვა წევრებისათვის და გადაწყვეტილება მიღებული იქნა საბჭოს წევრების მიერ პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.

მოპასუხე ჟურნალისტს/მედია საშუალებას საპასუხო პოზიცია არ წარმოუდგენია.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის პირველი პრინციპი ”ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“. სადავო სტატია წარმოადგენდა მოქალაქე მერაბ ღოღობერიძის ფეისბუქ პოსტის გავრცელებას, სადაც ის აღნიშნავდა რომ:

,,მიმართვა საქართველოს მთავრობას ასევე, სტამბულში მცხოვრებ ქართველებს ძალიან გთხოვთ, იქნებ გაუწიოთ დახმარება ჩვენს თანამოქალაქეს, ჯონი ჯიჯავაძეს, რომელიც ამ დრომდე ქ. სტამბულში სამედიცინო ცენტრში ,,მედიპოლ სადა” -ში იმყოფება. ლეიკემით დაავადებული პაციენტია, რომელსაც გადაუდებელი ოპერაციული მკურნალობა სჭირდება. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო და სოლიდარობის ფონდი დაფინანსებით გაგზავნილი იქნა აღნიშნულ კლინიკაში, მაგრამ ოჯახის გადმოცემით, ამ დრომდე მოტყუებულნი არიან 3 დღის განმავლობაში იმყოფება სავადმყოფოში. აღმოჩდა რომ გადარიცხვა არ არის განხორციელებული რის გამო პაციანტეს არ უტარდება ოპერაცია. პს.აქვე ჩემი ინფორმაციით ჩვენი სხვა თანამოქალაქეები იმყოფებიან აღნიშნულ კლინიკაში სადაც ერთ კვირაზე მეტია ისინიც ანალოგიურ პრობლემებში არიან. გთხოვთ იქნებ დაინტერესდეთ აღნიშნული საკითხით.!”

განმცხადებელი აპელირებდა რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს, რომ ეს იყო მცდელობა რათა „ჩირქი მოსცხონ როგორც ჯანდაცვის სამინისტროსა და სოლიდარობის ფონდს, ასევე დიდწილად მედიპოლ მეგა საავადმყოფოს, მის იმიჯს და საქმიან რეპუტაციას“.

ქარტიის საბჭომ იხელმძღვანელა პრაქტიკით, რომელიც დადგენილი იქნა საქმეში „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ლილუ მიროტაძის წინააღმდეგ“ [2018 წელი].

„როგორც საერთაშორისო, ისე ქარტიის პრაქტიკა, ჟურნალისტურ პროდუქტად აკვალიფიცირებს მედია საშუალების მიერ გავრცელებულ, გარკვეული ფაქტების ან მოსაზრებების შემცველ ნებისმიერ ინფორმაციას. თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში ყველას აქვს უფლება და საშუალება, საჯაროდ გაავრცელოს ფაქტი ან მოსაზრება, მედიის ფუნქცია კი მხოლოდ ინფორმაციის კოპირება და გავრცელება არ არის, რაც ნებისმიერ პირს შეუძლია, არამედ მედია სწორედ იმით გამოირჩევა ყველა სხვა ნებისმიერი პირისაგან, რომ იგი ხაზს უსვამს საკუთარ თავს როგორც ინფორმაციის გამავრცელებელ საშუალებას, ასეთად აღიქმება საზოგადოების მიერ და არსებობს მოლოდინი, რომ იგი პატივს სცემს საზოგადოების უფლებას მიიღოს სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია, ასრულებს სხვა ეთიკურ ვალდებულებებს [არასრულწლოვნის ინტერესების დაცვა, დისკრიმინაციის თავიდან არიდება ა.შ]. სწორედ მედია საშუალებას ევალება დაიცვას საერთაშორისოდ აღიარებული ეთიკური ჟურნალისტიკის სტანდარტები”.

აღნიშნული განმარტების და იმის გათვალისწინებით, რომ მედია საშუალების მიერ გავრცელდა მხოლოდ ერთი წყაროს/მხარის პოზიცია, არ გადამოწმებულა მერაბ ღოღობერიძის სტატუსში მითითებული ინფორმაციის სისწორე, ჟურნალისტი არ ეცადა, რომ დაკავშირებოდა და კომენტარი მიეღო მის მიერ გავრცელებული ინფორმაციაში დასახელებული სხვადასხვა უწყებებიდან და პირებიდან, სახეზეა საზოგადოების უფლების - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია - უპატივცემულობა და შესაბამისად ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა.


ქარტიის მე-3 და მე-4 პრინციპის თანახმად „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია“, „ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს“. თავდაპირველად განმცხადებლი განცხადებაში აღნიშნავდა, რომ როგორც მისთვის ცნობილი იყო მერაბ ღოღობერიძეს საერთოდ არ გამოუქვეყნებია მსგავსი შინაარსის ფეისბუქ პოსტი და შესაბამისად მიიჩნევდა ქარტიის მე-3 და მე-4 პრინციპს დარღვეულად. მტკიცებულებად წარმოდგენილი იყო მერაბ ღოღობერიძის სხვა ფეისბუქ პოსტი, სადაც იგი უარყოფა მის მიერ ჯონი ჯიჯავაძის მკურნალობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. შემდგომ, სხდომის მიმდინარეობისას, საბჭო დამატებით დაუკავშირდა განმცხადებელ მანანა გურგენიძეს, სადაც განმცხადებელმა აღნიშნა რომ როგორც მან მოგვიანებით დააზუსტა მერაბ ღოღობერიძეს მართლაც ჰქონდა გამოქვეყნებული ის პოსტი, რომელიც გაავრცელა euronews.ge -მ, ხოლო შემდეგ მერაბ ღოღობერიძემ წაშალა ეს პოსტი, როგორც არასწორი და შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია.

აღნიშნულიდან გამომდინარე დასტურდება რომ დროის რაღაც მონაკვეთში მართლაც არსებობდა მერაბ ღოღობერიძის საჯაროდ გამოქვეყნებული პოსტი [წყარო], რომელიც გამოიყენა მედია საშუალებამ. შესაბამისად არ დარღვეულა ქარტიის მესამე და მეოთხე პრინციპი. რაც შეეხება იმას, რომ ამ პოსტით არასწორი ინფორმაცია შესაძლოა ვრცელდებოდა, ამაზე საბჭომ იმსჯელა ქარტიის პირველი პრინციპის ჭრილში.


ქარტიის მეათე პრინციპის მიხედვით “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი”. როგორც აღინიშნა მედია საშუალების მიერ გავრცელდა ინფორმაცია სადაც იდენტიფიცირებული იყო კონკრეტული არასრულწლოვანი პირი, ჯონი ჯიჯავაძე და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ის ფაქტი რომ შესაძლოა კონკრეტული პირი შეიძლება გახდა არასათანადო ყურადღების ან მოპყრობის მსხვერპლი რა თქმა უნდა საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, მაგრამ არ არის ობიექტური ინტერესი კონკრეტულად ამ პირის ან მისი დიაგნოზის გასაჯაროების შესახებ. პირის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ცალსახად პირადი ცხოვრების ამსახველი და სენსიტიური ინფორმაციაა. განხილულ შემთხვევაში ქარტიის საბჭომ ჩათვალა, რომ პირის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებით, ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის მე-10 პრინციპი.

ქარტიის მე-11 პრინციპი „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“. ქარტიის საბჭოს აზრით ამ შემთხვევაში მე-11 პრინციპის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, არამედ ჟურნალისტმა არ გადაამოწმა ერთი წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია და არ იკვეთება წინასწარ შეცნობილი განზრახვა, რომ გაევრცელებინა არასწორი ინფორმაცია.


სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე: .

  1. euronews.ge არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი და მე-10 პრინციპი.
  2. euronews.ge არაიდენტიფიცირებულ ჟურნალისტს არ დაურღვევია ქარტიის მე-3, მე-4 და მე-11 პრინციპი.