გადაწყვეტილებების ძიება

ანონიმური განმცხადებელი რუსთავი 2 -ის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ
21.03.2020

განმცხადებელი : ანონიმური განმცხადებელი;
მოპასუხე : რუსთავი 2 -ის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი;
დარღვეული პრინციპები : 7 პრინციპი; 10 პრინციპი;
25 იანვარი 2020 წელი

საქმე N - 342

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: ირმა ზოიძე, მაია მერკვილაძე, ზვიად ქორიძე, გელა მთივლიშვილი, ნათია ზოიძე, ნინა ხელაძე

განმცხადებელი: ანონიმური განმცხადებელი

მოპასუხე: რუსთავი 2 -ის არაიდენტიფიციცირებული ჟურნალისტი


აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა პირმა, რომელიც მიიჩნევდა რომ 2019 წლის 20 ნოემბერს, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 -ის იუმორისტულ გადაცემაში „გვიანი show - ფარული კამერა“, დაირღვა ქარტიის მე-7 და მე-10 პრინციპი.

საბჭოს სამდივნომ მიმართა მედიასაშუალებას, რომ ეცნობებინა სადავო პროდუქტზე პასუხისმგებელი პირი, მაგრამ საბჭომ ვერ მიიღო აღნიშნული ინფორმაცია და ვერ მოხდა კონკრეტული პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება. ქარტიის საქმის წარმოების წესის [პუნქტი 3.4] თანახმად, „თუ შეუძლებელია პასუხისმგებელი პირის მოძიება, ეს არ აფერხებს განცხადების განხილვას და ქარტიის გადაწყვეტილებაში მოპასუხედ მიეთითება არაიდენტიფიცირებული ავტორი/ჟურნალისტი“.

საქმის განხილვის თავისებურებები:

განმცხადებლის მოთხოვნით და მის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის საფუძველზე, საბჭოს გადაწყვეტილებით, განმცხადებლის ვინაობა დარჩა ანონიმური.


განცხადებაში სადავო იყო იუმორისტული გადაცემა. ქარტიის საბჭოს მიაჩნია, რომ არის ქარტიის პრინციპები რომლებიც ასევე ვრცელდება იუმორისტულ გადაცემებზეც. მაგალითად, საქმეში „საინფორმაციო ცენტრების ქსელი ჟურნალისტების ვანო ჯავახიშვილის და ცოტნე გეგეჭკორის წინააღმდეგ [2015 წელი]“ ქარტიის საბჭომ იუმორისტულ გადაცემაში დაადგინა მე-11 პრინციპის [პლაგიატი] დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში საბჭო მიიჩნევს, რომ მე-7 [დისკრიმინაცია] და მე-10 [პირადი ცხოვრება] განეკუთვნება ისეთი ეთიკური მოთხოვნების კატეგორიას, რომელთა დაცვა ნებისმიერი ტიპის ჟურნალისტურ პროდუქტში არის სავალდებულო.

მოპასუხე ჟურნალისტს/მედია საშუალებას საპასუხო პოზიცია არ წარმოუდგენია.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის მეშვიდე პრინციპი „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“.

სადავო გადაცემის აღწერა და წინაპირობები: 2019 წლის ნოემბრის დასაწყისში თბილისში გაიმართა ფილმის “Then we danced” პრემიერა, რომელსაც თან ახლდა ჰომოფობიური ჯგუფების ძალადობრივი პროტესტი. აღნიშნული პროტესტის ერთ - ერთი ლიდერი იყო ლევან ვასაძე, რომელიც თავის ჰომოფობიური პოზიციების კომბლით დაცვასთან ასოცირდება.

სადავო გადაცემა ჩაწერილია ე.წ. „ფარული კამერის“ ფორმატით: მსახიობი, რომელსაც ხელში კომბალი უჭირავს, აჩერებს ქუჩაში გამვლელებს და შთაბეჭდილებას ქმნის, რომ იგი მიეკუთვნება ლევან ვასაძის და სხვა ჰომოფობ პირთა წრეს. სხვადასხვა ტიპის კითხვებით ხაზს უსვამს „მის“ ჰომოფობიურ განწყობებს და იყენებს ფრაზებს, მაგალითად: „ქმარს არასდროს არ უნდა ერქვას ცოლი“, და ამ კითხვებით „ამოწმებს“ გამვლელების განწყობებს და დამოკიდებულებებს LGBTQI პირების მიმართ. მეტიც, მსახიობი პოზიციონირებს რომ მზად არის ცემოს ის პირები, რომლებიც ესწრებოდნენ ფილმის „Then we danced“ ჩვენებას, შთაბეჭდილებას ქმნის რომ აქვს სატელეფონო კონტაქტი ვინმე ლევანთან (რომელიც მოქალაქეების და მაყურებლისთვის ასოცირდება ჰომოფობი პირების ლიდერთან ლევან ვასაძესთან), და მას აწვდის ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომლებიც შეიძლება არიან LGBTQI თემის წარმომადგნელები, ან მათ მიმართ არიან ლოიალურად განწყობილნი. ამით, იუმორისტული გადაცემის მსახიობი კომბლით ხელში და სატელეფონო საუბრის იმიტაციით ქუჩაში გამვლელ მოქალქეებს უქმნის განცდას, რომ მათ ემუქრებათ საფრთხე ჰომოფობიური ჯგუფებისგან და ზოგი მათგანი იძულებულია თავიც დაიცვას.

ზოგადად გადაცემა და მსახიობის დიალოგი გამვლელებთან პროვოცირებას უკეთებს „რესპონდენტების“ მიერ ჰომოფობიური პოზიციების, სიძულვილის ენის გამოვლენას და თავადაც იყენებს სიძულვილის ენას და მუქარას LGBTQI პირების მიმართ.

საბჭო მიიჩნევს რომ გადაცემით ხდება ჰომოფობიური განწყობების წახალისება და სიძულვილის ენის გამოყენება LGBTQI პირების მისამართით. საბჭომ საქმეში „ბექა გაბადაძე თეა ადეიშვილის წინააღმდეგ“ [2017 წელი] აღნიშნა რომ:

„მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ არ გაამძაფროს დისკრიმინაცია, არამედ საზოგადოებაში არსებული ირაციონალური შიშების და ზიზღის წინააღმდეგ საინფორმაციო პროაქტიული ქმედებები განახორციელოს“, ანუ, ჟურნალისტმა არა თუ ხელი არ უნდა შეუწყოს დისკრიმინაციის გაღრმავებას, არამედ პირიქით, ყველა ღონე უნდა იხმაროს დისკრიმინაციის თავიდან აცილების მიზნით“.

საბჭოს პოზიციით, სადავო გადაცემამ წაახალისა დისკრიმინაცია LGBTQI პირების მიმართ, გამოიყენა სიძულვილის ენა და მეტიც, თავადაც ახდენდა სიძულვილის ენის გამოყენებისა და დისკრიმინაციის პროვოცირებას, რაც წარმოადგენს ქარტიის მე-7 პრინციპის დარღვევას.


ქარტიის მე-10 პრინციპი „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი“.

როგორც აღინიშნა, სადავო გადაცემა სამაუწყებლო კომპანიამ ჩაწერა საზოგადოებრივ, საჯარო სივრცეში. ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად საბჭო ხაზს უსვამს, რომ საჯარო სივრცეში გადაღება არ საჭიროებს რაიმე სახის ნებართვას და ნებისმიერი პირი შეიძლება მოხვდეს ვიდეო თუ ფოტოგადაღების ობიექტივში. წარმოდგენილ შემთხვევაში იუმორისტული გადაცემის ავტორები და მისი წამყვანი ხელოვნურად ქმნიდნენ ჰომოფობიურ გარემოს, რომელშიც ხვდებოდნენ შერჩეული მოქალაქეები. მოქალაქეებს არ ჰქონდათ განცდა, რომ მათ იწერდნენ და არც ჩაწერის შემდეგ შეატყობინეს, რომ ეს იყო სიმულაცია - იუმორისტული გადაცემის ფარული ჩაწერა. შესაბამისად, მათ არ მიუღიათ გადაწყვეტილება, მათივე ქცევა და კომენტარები გამოყენებულიყო გადაცემაში. ეს მხოლოდ ეთერში გასვლის შემდეგ აღმოაჩინეს. აღსანიშნავია ისიც, რომ გადაცემის გასვლის შემდეგ ზოგი რესპონდენტი საზოგადოების მხრიდან ბულინგის და ჰომოფობიური შეტევის მსხვერპლიც გახდა. შესაბამისად საბჭო მიიჩნევს, რომ თუ საჯარო სივრცეში ხდება პირის მიზანმიმართულად ჟურნალისტური პროდუქტის „პერსონაჟად“ ქცევა [ისე რომ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი], ამ ვიდეო კადრების გამოყენებისათვის საჭიროა პირის თანხმობა, წინაააღმდეგ შემთხვევაში, როგორც განსახილველ საქმეში, საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა პატივი არ სცა ადამიანის პირად ცხოვრებას.

სარეზოლუციო ნაწილი 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი-2”-ის არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის მე-7 და მე-10 პრინციპი.