გადაწყვეტილებების ძიება

ვასილ სოფრომაძე Faktpress.com, Fact2.ge და MINS.GE არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტების წინააღმდეგ
15.04.2020

განმცხადებელი : ვასილ სოფრომაძე;
მოპასუხე : Faktpress.com, Fact2.ge და MINS.GE არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტები;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი; გადაწყვეტილება ვერ მიიღო;

31 მარტი 2020 წელი

საქმე N - 362, 363, 364

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: ირმა ზოიძე, მაია მერკვილაძე, გელა მთივლიშვილი, ნათია ზოიძე, ნინა ხელაძე, ზვიად ქორიძე, ლიკა ზაკაშვილი.

განმცხადებელი: ვასილ სოფრომაძე

მოპასუხე: Faktpress.com, Fact2.ge და MINS.GE არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტები


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა სუპერმარკეტების ქსელ “FRESCO” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ვასილ სოფრომაძემ, რომელიც მიიჩნევდა რომ ქვემოთ მითითებულ სტატიებში დაირღვა ქარტიის პირველი და მე-5 პრინციპი:

  1. Faktpress.com, 2020 წლის 17 მარტი, “თუკი ხალხი ვერ იგებს რატომ გაიზარდა წიწიბურის და კარტოფილის ფასი მიზერული 29,7%-ით – იმსახურებს კი ეს საზოგადოება ნათელ მომავალს? – ვასილ სოფრომაძე”.
  2. Fact2.ge, 2020 წლის 17 მარტი ,,თქვე უსაქმურობო, ვისაც მიზეზად მოგყავთ ეს ვირუსი იმისთვის, რომ სამსახურში არ იაროთ - ვასილ სოფრომაძის შეურაცხმყოფელი მიმართვა საზოგადოება?! ‘’
  3. MINS.GE 2020 წლის 18 მარტი, „თუკი ხალხი ვერ იგებს რატომ გაიზარდა წიწიბურის და კარტოფილის ფასი მიზერული 29,7%-ით – იმსახურებს კი ეს საზოგადოება ნათელ მომავალს? – ვასილ სოფრომაძე“

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება მიღებული იქნა საბჭოს წევრების მიერ პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.

მოპასუხე მედია საშუალებების მიერ გამოქვეყნებულ სტატიებზე მითითებული არ იყო ავტორი ჟურნალისტი, საბჭოს სამდივნომ მიმართა მედიასაშუალებებს, რომ ეცნობებინათ პასუხისმგებელი პირი, მაგრამ საბჭოს ეს ინფორმაცია არ მიაწოდეს და ვერ მოხდა კონკრეტული პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება. ასეთ შემთხვევაში ქარტიის საქმის წარმოების წესის [პუნქტი 3.4] თანახმად, „თუ შეუძლებელია პასუხისმგებელი პირის მოძიება, ეს არ აფერხებს განცხადების განხილვას და ქარტიის გადაწყვეტილებაში მოპასუხედ მიეთითება არაიდენტიფიცირებული ავტორი/ჟურნალისტი“.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის პირველი პრინციპი „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“. სამივე მედია საშუალების მიერ გამოქვეყნდა ზუსტად ერთი და იმავე შინაარსის სტატია. კერძოდ, სტატიების თანახმად: „სუპერმარკეტების ქსელი “ფრესკოს” დამფუძნებელი, ვასილ სოფრომაძე, მარკეტის მიერ ბოლო დღეებში პროდუქტზე ფასების მატების გამო ხალხის მიერ გამოთქმულ კრიტიკას და უკმაყოფილებას სოციალურ ქსელში პასუხობს“ და შემდგომ მოყვანილი იყო თითქოსდა ვასილ სოფრომაძის პოზიცია, მათ შორის შემდეგი ფრაზები: „ბიზნესი ქალი არაა – როგორც გინდა, ისე მოექცე!“, „გადაწყვეტილება ეკუთვნის მის უდიდებულესობა თავისუფალ ბაზარს, სამეწარმეო სულსა და კაცობრიობის განვითარების უმაღლეს ფაზას – კაპიტალიზმს.“ „მაშინ, როდესაც მძვინვარებს ამოუცნობ ლაბორატორიებში შობილი ბინძური ვირუსი,“ „იმსახურებს კი ეს საზოგადოება ნათელ მომავალს?“ „უსკაგლაზების მოგონილი ვირუსის შიშით სახლებში გამოიკეტეთ?“


განმცხადებელი უარყოფდა აღნიშნული „პასუხის“ ავთენტურობას. ქარტიის საბჭომ შეისწავლა სამივე სტატია, არც ერთ მათგანში არ იყო მითითებული წყარო ან/და მტკიცებულება, მცირე მინიშნებაც კი, რომ ეს ფრაზები ნამდვილად ვასილ სოფრომაძეს ეკუთვნოდა. სად გააკეთა განცხადება, როდის და რა ფორმით, ამ კითხვებს არც ერთი სტატია პასუხს არ სცემს. ასევე სტატიებში არ ჩანდა ჟურნალისტის მცდელობა რომ დაკავშირებოდა ვასილ სოფრომაძეს და გადაემოწმებინა ნამდვილად მან გააკეთა თუ არა მსგავსი განცხადებები. საბჭო მივიდა დასკვნამდე, რომ ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია და შესაბამისად, დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.


ქარტიის საბჭომ სცადა მედიასაშულებებთან დაკავშირება. შესაძლებელი იყო, მათ ეცნობებინათ საბჭოსათვის ინფორმაციის წყარო. mins.ge საერთოდ არა აქვს მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია, Faktpress.com საბჭოს არ გამოხმაურებია, ხოლო Fact2.ge-მ აღნიშნა, რომ მათ სტატია Faktpress.com-იდან გადმოიტანეს, ისე რომ მისი შინაარსის ნამდვილობა არ გადაუმოწმებიათ.


ქარტიის მე-5 პრინციპის თანახმად „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“. როგორც აღინიშნა, mins.ge საერთოდ არა აქვს მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია და შესაბამისად ვერ დადასტურდა, რომ მან მიიღო შესწორების შესახებ მოთხოვნა განმცხადებლის ან საბჭოს მიერ, შესაბამისად მე-5 პრინციპის დარღვევა არ დადგინდა mins.ge შემთხვევაში.


საბჭოს მიერ კომუნიკაციის დამყარების შემდეგ, Fact2.ge -მ სადავო სტატიას დაამატა შემდეგი ჩანაწერი: „(შენიშვნა 20.03.20) აღნიშნული ნიუსი გავრცელებულია ვებგვერდი Faktpress.com-ის მიერ და მის ნამდვილობაზე Fact2.ge არ აგებს პასუხს“. ქარტიის საბჭომ თავის არა ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის ჩანაწერი, ან/და სხვა მედია საშუალებაზე მითითება არ გამორიცხავს სარედაქციო პასუხისმგებლობას. საქმეში „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ლილუ მიროტაძის წინააღმდეგ (2018 წელი) − საბჭომ მიუთითა რომ:

„როგორც საერთაშორისო, ისე ქარტიის პრაქტიკა ჟურნალისტურ პროდუქტად აკვალიფიცირებს მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ, გარკვეული ფაქტების ან მოსაზრებების შემცველ ნებისმიერ ინფორმაციას. თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში ყველას აქვს უფლება და საშუალება, საჯაროდ გაავრცელოს ფაქტი ან მოსაზრება, მედია სწორედ იმით გამოირჩევა ყველა სხვა ნებისმიერი პირისაგან, რომ იგი ხაზს უსვამს საკუთარ თავს როგორც ინფორმაციის გამავრცელებელ საშუალებას, ასეთად აღიქმება საზოგადოების მიერ და არსებობს მოლოდინი, რომ იგი პატივს სცემს საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია, ასრულებს სხვა ეთიკურ ვალდებულებებს. სწორედ მედიასაშუალებას ევალება დაიცვას საერთაშორისოდ აღიარებული ეთიკური ჟურნალისტიკის სტანდარტები“.


ხოლო საქმეში „საქართველოს უზენაესი სასამართლო მაია ფურცელაძის, marshalpress.ge-ს, digest.pia.ge-ს, exclusivenews.ge-სა და resonancedaily.com-ის არაიდენიტიფიცირებული ჟურნალისტების წინააღმდეგ (2019 წელი) საბჭომ განავითარა შემდეგი მიდგომა: რომ სხვა მედია საშუალებაზე, როგორც წყაროზე მითითება არც ერთ შემთხვევაში არ გამორიცხავს სარედაქციო პასუხისმგებლობას. სხვა მედია საშუალება თავად არის წყარო და ეთიკური ვალდებულებების დაცვის მიზნით გამავრცელებელი მოვალეა გადაამოწმოს წყაროს [მიუხედავად იმისა რომ წყარო თავად მედია საშულებაა] მიერ გავრცელებული ინფორმაცია. უცვლელი სახით მასალის კოპირებით კი გამავრცელებელი იდენტურად არღვევს ეთიკურ ვალდებულებებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, Fact2.ge-მ დაარღვია ქარტიის მე-5 პრინციპი.


რაც შეეხება Faktpress.com-ს, აღნიშნულ მედია საშუალებას როგორც ელ. ფოსტაზე ისე ფეისბუქის გვერდზე გაეგზავნა შეტყობინება, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გადამოწმებული არ იყო. საბჭომ დადასტურებულად არ იცის, მედია საშუალება გაეცნო თუ არა შეტყობინებას. საბჭოს წევრთა ნაწილმა მიიჩნია, რომ შეტყობინების გაგზავნა საკმარისია იმისათვის, რომ საბჭომ იმსჯელოს მე-5 პრინციპის დარღვევაზე, ვინაიდან სახეზეა მცდელობა, რომ მედიასაშუალებისათვის ცნობილი გახდეს მის მიერ დაშვებული შეცდომის შესახებ. საბჭოს წევრთა მეორე ნაწილმა ჩათვალა, რომ აუცილებელი იყო დადასტურებულიყო რომ Faktpress.com შეტყობინება მიიღო. ქარტიის საქმის წარმოების წესის თანახმად: „თუ კონკრეტულ გადაწყვეტილებას [პრინციპის დარღვევა ან არ დარღვევა] მხარი არ დაუჭირა მინიმუმ 5 წევრმა, გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული“.


სარეზოლუციო ნაწილი



ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. Faktpress.com, Fact2.ge და MINS.GE არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტებმა დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი.
  2. Fact2.ge არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის მე-5 პრინციპი.