გადაწყვეტილებების ძიება

ფირუზ ბოლქვაძე ნანა კვაჭაძის წინააღმდეგ
04.06.2020

მოპასუხე : ნანა კვაჭაძე;
დარღვეული პრინციპები : არ დარღვეულა;
30 მაისი 2020 წელი

საქმე N - 380 

სხდომის თავმჯდომარე: ზვიად ქორიძე

საბჭოს წევრები: ირმა ზოიძე, ლიკა ზაკაშვილი, კამილა მამედოვა, მაია მერკვილაძე, გელა მთივლიშვილი

განმცხადებელი: ფირუზ ბოლქვაძე

მოპასუხე: ნანა კვაჭაძე


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ფირუზ ბოლქვაძემ, რომელიც მიიჩნევდა რომ batumelebi.netgazeti.ge-ზე 2020 წლის 19 მაისს გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „მალხაზ რეხვიაშვილი აჭარის ტელევიზიის რედაქტორს ეთიკის ქარტიაში უჩივის“, დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-3, მე-5 და მე-11 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა სტატიის ავტორი ნანა კვაჭაძე.

საქმის განხილვაში მონაწილეობდნენ როგორც განმცხადებელი, ისე მოპასუხე ჟურნალისტი.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭომ მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც გაიმართა აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით. ქარტიის წესდების თანახმად „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვის დახურულ ნაწილში, რაც გულისხმობს გადაწყვეტილების მიღებას, არ მონაწილეობდა საბჭოს წევრი, მაია მერკვილაძე. მისი განმარტებით, მას ჰქონდა ინტერესთა კონფლიქტი აღნიშნულ საქმესთან და თვითაცილების საფუძველზე უარი განაცხადა განხილვაში მონაწილეობაზე.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის პირველი პრინციპი „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ფირუზ ბოლქვაძის წინააღმდეგ განცხადებით მომართა მალხაზ რეხვიაშვილმა. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ნიუსი სათაურით „მალხაზ რეხვიაშვილი მაუწყებლიდან დისკრედიტაციისა და ცილისწამებისთვის გაათავისუფლეს“.

ამ ფაქტის შესახებ ქარტიამ გაავრცელა განცხადება, რომლის საფუძველზე ნანა კვაჭაძემ მოამზადა ჟურნალისტური პროდუქტი - „მალხაზ რეხვიაშვილი აჭარის ტელევიზიის რედაქტორს ეთიკის ქარტიაში უჩივის“, რომელიც გახდა სადავო.

სტატია სრულად იმეორებდა ქარტიის განცხადების ტექსტს, გარდა ერთი ძირითადი მომენტისა. კერძოდ, ნანა კვაჭაძემ სტატიაში მიუთითა, რომ: „სათაურში გამოტანილი წინადადება – „მალხაზ რეხვიაშვილი მაუწყებლიდან დისკრედიტაციისა და ცილისწამებისთვის გაათავისუფლეს“ – ტელევიზიის საკადრო ბაზის განვითარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, ემზარ პაქსაძეს ეკუთვნოდა“.

განმცხადებელი სადავოდ ხდიდა სწორედ ამ წინადადებას და აცხადებდა, რომ იგი „არა რესპონდენტ ემზარ პაქსაძის მოსაზრებაა, არამედ მაუწყებლის ადმინისტრაციის მიერ გამოცემულ ოფიციალურ დოკუმენტში - მალხაზ რეხვიაშვილის გათავისუფლების ბრძანებაში დასახელებული სამსახურიდან დათხოვნის საფუძველია.“

ქარტიის საბჭოს უნდა შეეფასებინა, ჰქონდა თუ არა ჟურნალისტს საფუძველი, აღენიშნა, რომ ფრაზა „მალხაზ რეხვიაშვილი მაუწყებლიდან დისკრედიტაციისა და ცილისწამებისთვის გაათავისუფლეს“ ეკუთვნოდა ემზარ პაქსაძეს.

  1. თავად ფორუზ ბოლქვაძის რედაქტორობით მომზადებული სტატიის, „მალხაზ რეხვიაშვილი მაუწყებლიდან დისკრედიტაციისა და ცილისწამებისთვის გაათავისუფლეს“, ტექტის თანახმად აჭარის ტელევიზიის საკადრო ბაზის განვითარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ემზარ პაქსაძე აჭარის ტელევიზიის სახელით საუბრობს და განმარტავს რომ „მალხაზ რეხვიაშვილი მაუწყებლის დისკრედიტაციისა და ცილისწამების გამო გათავისუფლდა“. 
  2. ფირუზ ბოლქვაძემ დაადასტურა ისიც, რომ აჭარის მაუწყებლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში არ ჩანს, რომ ეს ციტატა მაუწყებლის დირექტორის გამოცემული აქტიდან არის. ამ გარემოებებზე (დისკრედიტაცია და ცილისწამება) სტატაიში საუბრობდა მხოლოდ ემზარ პაქსაძე და ჟურნალისტ ნანა კვაჭაძეს, ლოგიკურად, ჰქონდა საფუძველი, დაყრდნობოდა თავად იმ სტატიას, რომლის რედაქტორიც განმცხადებელი ფირუზ ბოლქვაძეა. 
  3. ფირუზ ბოლქვაძემ ასევე დაადასტურა, რომ შიდა სამსახურეობრივი მოკვლევა აწარმოა სწორედ ემზარ პაქსაძემ. მოკვლევის დასკვნის მიხედვით, მალხაზ რეხვიაშვილის მხრიდან ადგილი ჰქონდა დისკრედიტაციასა და ცილისწანებას, ეს მოსაზრება კი გაიზიარა აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტმა და დაუდო მიზეზად მალხაზ რეხვიაშვილის გათავისუფლებას. 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტ ნანა კვაჭაძეს არ დაურღვევია ქარტიის პირველი პრინციპი როცა მან ფრაზის „მალხაზ რეხვიაშვილი მაუწყებლიდან დისკრედიტაციისა და ცილისწამებისთვის გაათავისუფლეს“ ავტორად ემზარ პაქსაძე მოიხსენია.

განმცხადებელი ასევე აღნიშნავდა რომ „გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელშიც საუბარია ჩემი, როგორც რედაქტორის წინააღმდეგ მალხაზ რეხვიაშვილის მიერ ქარტიაში შეტანილ საჩივარზე, კონკრეტული გარემოება, რომ მე თითქოს დავარღვიე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპები, ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე წარმოჩენილია ფაქტად“. ქარტიის საბჭომ შეისწავლა სადავო სტატია და მასში არსად არ არის დადასტურებული, რომ ფირუზ ბოლქვაძემ დაარღვია ქარტიის პრინციპები, პირიქით, სტატიაში ეწერა, რომ: „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ........ღია სხდომაზე განიხილავს, დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები“.

განმცხადებლის აზრით, ჟურნალისტი ვალდებული იყო გაევრცელებინა არა მხოლოდ ის ფაქტი რომ მალხაზ რეხვიაშვილმა მიმართა ქარტიას, არამედ ფირუზ ბოლქვაძის შეპასუხებაც. ქარტიის საბჭო განმცხადებლის ვერც ამ პოზიციას გაიზიარებს. თავად ჟურნალისტი ავრცელებდა დადასტურებულ ინფორმაციას, რომ მალზახ რეხვიაშვილმა ქარტიას მიმართა, ამასთან რეხვიაშვილის არგუმნეტები მითითებული იყო არა დადასტურებული ფაქტის სახით, არამედ ხაზგასმულია, რომ ეს ერთი მხარის პოზიციაა. აღსანიშნავია რომ ამბის გაშუქება გააგრძელა გამოცემამ და მოამზადა დამატებითი მედია პროდუქტიც „რედაქცია დირექტორის სამსახურში ანუ როგორ გააშუქა აჭარა TV-მ ჟურნალისტის გათავისუფლება“ სადაც უკვე ფირუზ ბოლქვაძის პოზიციაც არის ასახული.


ქარტიის მე-3 პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია.“ საბჭო მიიჩნევს რომ ჟურნალისტს ჰყავდა შესაბამისი წყაროები, ერთის მხრივ, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია და, მეორეს მხრივ, თავად აჭარის ტელევიზიის მიერ მომზადებული მასალა.

ვინაიდან არ დადგინდა ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა, შესაბამისად შესაბამისად მე-5 [„მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“] და მე-11 [„ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები ფაქტის განზრახ დამახინჯება“ ] პრინციპების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:


  1. ნანა კვაჭაძეს არ დაურღვევია ქარტიის 1-ლი, მე-3, მე-5 და მე-11 პრინციპი.

განმცხადებელ ფირუზ ბოლქვაძის პოზიცია ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით