15.09.2020
12 ივლისი 2020 წელისაქმე N - 373
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: გელა მთივლიშვილი, ზვიად ქორიძე, ლიკა ზაკაშვილი, მაია მერკვილაძე, კამილა მამედოვა
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ნორა მუხაშავრიამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2020 წლის 30 აპრილს, ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გასულ სიუჟეტში დაირღვა ქარტიის პირველი, მე-3, მე-4 და მე-10 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა სიუჟეტის ავტორი - ნატო გოგელია.
საქმის განხილვაში დისტანციური საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით მონაწილეობდნენ განმცხადებელი და მოპასუხე ჟურნალისტი.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის პირველი პრინციპი „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“. სადავო სიუჟეტი ეხებოდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტსა და ინდივიდუალურ მეწარმე ნონა მუხაშავრიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომლის თანახმად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ შეისყიდა ფსიქოლოგიური მომსახურება მუნიციპალიტეტის სოციალურად შეჭირვებული მაცხოვრებლებისათვის. სიუჟეტი მაყურებელს აწვდის ინფორმაციას, რომ ოზურგეთის მერიას და ინდივიდუალურ მეწარმე ნორა მუხაშავრიას შორის ხელშეკრულება გაფორმდა 2020 წლის 06 აპრილს. სიუჟეტის თანახმად, ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის ფსიქოლოგიური დახმარების კაბინეტი არ მუშაობდა და მომსახურებაც არ განხორციელებულა. ამის მიუხედავად, მუნიციპალიტეტმა ნორა მუხაშავრიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა აუნაზღაურა.
განმცხადებელი მიიჩნევდა რომ აღნიშნული ინფორმაცია იყო არასწორი, რაც იწვევდა ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევას. ქარტიის საბჭომ სიუჟეტის განხილვისა და გარემოებების გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ ჟურნალისტმა აუდიტორიას ამ ნაწილში სწორი ინფორმაცია მიაწოდა. ნორა მუხაშავრიას 2020 წლის 06 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მომსახურება არ გაუწევია და ისე მიიღო ანაზღაურება. აღსანიშნავია, რომ სიუჟეტში გადმოცემულია ნორა მუხაშავრიას პოზიციაც, რომ მან მომსახურება გაწია წინა წელს, ბიუროკრატიული პრობლემების გამო ვერ მიიღო ანაზღაურება და 2020 წლის 06 აპრილის ხელშეკრულების საფუძველზე სწორედ წინა წელს გაწეული შრომის ანაზღაურება მიიღო. საბჭოს შეფასებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა იმ ხელშეკრულების მიხედვით გადაიხადა თანხა, რომლის საფუძველზეც მომსახურება არ განხორციელებულა.
საბჭომ სიუჟეტში პრობლემურად მიიჩნია სიუჟეტის ის ნაწილი, რომელიც ეხებოდა უშუალოდ ფსიქოლოგიური დახმარების კაბინეტის არსებობას. ოზურგეთის მერიას და ნორა მუხაშავრიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ინდივიდუალური მეწარმის იურიდიული მისამართია - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, ანასეული, მეცნიერების ქუჩა. სიუჟეტის თანახმად, ჟურნალისტი ცდილობს მიაკვლიოს ფსიქოლოგიური დახმარების კაბინეტს და აღნიშნავს, რომ: „ოზურგეთში, კერძოდ კი ანასეულში, მეცნიერების ქუჩაზე ფსიქომომსახურების კაბინეტი უნდა დაგვხვედროდა, თუმცა აქ მხოლოდ საცხოვრებელი სახლი დგას, ბინა, სადაც იმ ინდმეწარმის მშობლები ცხოვრობენ, რომელთანაც მერიამ ხელშეკრულება გააფორმა“, „გავარკვიეთ რომ ამ მისამართზე ფსიქოლოგიური მომსახურების კაბინეტი არც არასდროს ყოფილა“. მხოლოდ ზემოაღნიშნული ინფორმაციით [რომელიც სინამდვილეს შეესაბამება], მაყურებელს შთაბეჭდილება რჩება, რომ ფსიქოლოგიური მომსახურების კაბინეტი საერთოდ არ არსებობდა და არც არასდროს უმუშავია. მეორეს მხრივ, საბჭომ დაადგინა, რომ ჟურნალისტისათვის ცნობილი იყო, კაბინეტი რეალურად ფუნქციონირებდა სხვა მისამართზე. მიუხედავად ამისა, ჟურნალისტმა ეს ინფორმაცია მაყურებელს არ მიაწოდა. საქართველოს კანონმდებლობით აუცილებელი არ არის, რომ მეწარმე სუბიექტი ფაქტობრივ საქმიანობას ახორციელებდეს იმავე მისამართზე რომელიც მისი იურიდიული მისამართია. შესაბამისად მხოლოდ იურიდიულ მისამართზე იმის შემოწმება, არსებობს თუ არა ფსიქოლოგიური მომსახურების კაბინეტი, არ წარმოადგენს ფაქტების გადამოწმების სათანადო ძალისხმევას. ჟურნალისტის მხრიდან ფაქტის მიჩქმალვა, რომ რეალურად კაბინეტი განთავსებული იყო სხვა მისამართზე, არის ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა.
ქარტიის მე-3 პრინციპი „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია“. აღნიშნულ პრინციპთან დაკავშირებით განმცხადებელმა იმავე არგუმენტაციაზე მიუთითა, რომლის საფუძველზეც დადგინდა პირველი პრინციპის დარღვევა, თავის მხრივ საბჭომ განსახილველ სადავო სიუჟეტში ვერ მიაკვლია ისეთ გარემოებებს, რომლებიც დაადასტურებდა ქარტიის მე-3 პრინციპის დარღვევას.
ქარტიის მე-4 პრინციპის თანახმად „ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს“. განმცხადებელი მიუთითებდა - „ჟურნალისტი დამიკავშირდა ტელეფონით, და გაფრთხილების გარეშე, ფარულად მიიღო ინფორმაცია რომელიც გახადა საჯარო“. ქარტიის საბჭო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის არგუმენტაციას. ცალსახაა, ნორა მუხაშავრიამ იცოდა, რომ მას ესაუბრებოდა ჟურნალისტი, ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობასთან დაკავშირებით, შესაბამისად სავსებით მოსალოდნელი და ლოგიკური უნდა ყოფილიყო, რომ ნორა მუხაშავრიას საუბარი იქნებოდა ჩაწერილი და გამოყენებული ჟურნალისტურ პროდუქტში.
მეათე პრინციპი - „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი“. განმცხადებლის არგუმენტაცია: „ძალდატანებით მიიღო ინფორმაცია. ასევე შეიჭრა ჩემი მშობლების საცხოვრებელ სახლში და უნებართვოდ ჩაწერა სიუჟეტი, რომელიც გაასაჯაროა. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, როცა ქვეყანაში არის პანდემია, ჟურნალისტებს და მათ თანმხლებ ორ პირს არ ქონდათ შესაბამისი აღჭურვილობა, პირბადე და ხელთათმანი“. აღნიშნულთან დაკავშირებით მოპასუხე ჟურნალისტმა წარმოადგინა ნორა მუხაშავრიას მშობლებთან ინტერვიუს სრული ვიდეოჩანაწერი, რომლითაც დასტურდება რომ უნებართვო ან „ძალადობრივ“ ჩაწერას ადგილი არ ჰქონია, ასევე ჟურნალისტი იცავდა უსაფრთხოების წესებს.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
- ნატო გოგელიამ დარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
- ნატო გოგელიას არ დაურღვევია ქარტიის მე-3, მე-4 და მე-10 პრინციპი.