გადაწყვეტილებების ძიება

ანი მეზურნიშვილი ია ფარულავას წინააღმდეგ
16.09.2020

განმცხადებელი : ანი მეზურნიშვილი;
მოპასუხე : ია ფარულავა;
დარღვეული პრინციპები : 7 პრინციპი;

09 მაისი 2020 წელი საქმე N - 370


საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: ირმა ზოიძე, ზვიად ქორიძე, ლიკა ზაკაშვილი, კამილა მამედოვა, მაია მერკვილაძე.


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ანი მეზურნიშვილმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში, 2020 წლის 20 აპრილს, გადაცემაში „ფარული კონვერტი“, დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი. გადაცემის წამყვანი და, შესაბამისად, მოპასუხე ჟურნალისტი - ია ფარულავა.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭომ მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იქნა აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვაში მონაწილეობდა მხოლოდ განმცხადებელი, მოპასუხე ჟურნალისტს სხდომაში მონაწილეობა არ მიიღო და არც შეპასუხება წარმოადგინა.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის მეშვიდე პრინციპი: “ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.

გადაცემის სტუმარი იყო სალომე გოგიაშვილი. გადაცემის მსვლელობისას წამყვანი ინტერესდება, თუ რა არის „გათხოვების საიდუმლო“ და როგორ უნდა მოიქცეს ქალი პირველ პაემანზე, რაზეც სალომე გოგიაშვილი პასუხობს: „ყველა ქალს ეგა აქ, კაცი რომ იწყებს პრანჭვას, ერთ სული აქვს რო ჩაგითრიოს და ქალს აქვს რო - დედა ახლა როგორ გავყვებოდი ამას ცოლად, სახლში აქ სტენკას დავდგამდი, ეგ ამბავია სულ, ყველა ქალს ეგ უნდა, ქალს ხომ ეგ აზრი გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ. აბა რომელ ქალს აქვს რომ ახლა მაგრად ვიგულავებ ამ კაცთან და დამთავრდება, ეგ არავის არა აქვს“ „[პირველ პაემანზე] ქალმა არ უნდა ჭამოს“, „და მიირთვას ერთი ფინჯანი ყავა ან ჩაი“, „[ქალმა კაცს თავი არ უნდა მოაჩვენოს] რომ ის ძალიან ძვირიანია“, რესპონდენტი ასევე აღნიშნავს, რომ კაცი „სადა“ ქალს ეძებს, რომ ბიჭები ეძებენ ისეთ ქალებს რომლებმაც საჭმლის გაკეთება იციან.

განმცხადებელი უთითებდა რომ „საქართველოში ქალები ჯერ კიდევ არიან გენდერული სტერეოტიპების მსხვერპლნი. რესპონდენტის განცხადებებმა, შესაძლოა, წაახალისოს დისკრიმინაცია და საზოგადოებას ჩაუნერგოს აზრი, რომ ქალის არსებობის ძირითად მიზანს წარმოადგენს წარმატებული გათხოვება, საჭმლის მომზადების ცოდნა და ასე შემდეგ“.

როგორც საბჭომ განმარტა თავის გადაწყვეტილებაში "იდა ბახტურიძე და სხვები ირაკლი ხრიკაძის, გიორგი მასხარაშვილის, გიორგი ასანიშვილის და ვახო გეგელიას წინააღმდეგ" - „შეიძლება დისკრიმინაცია გამოიხატოს საზოგადოებრივი ჯგუფის მიმართ არსებული სტიგმის გაძლიერებით“.

საბჭოს შეფასებით, გადაცემაში რესპონდენტის მოსაზრებები ქალის როლის [საჭმლის კეთება], სურვილების [მხოლოდ გათხოვება სურთ] და ქცევის წესების [არ უნდა ჭამოს პაემანზე] შესახებ ხელს უწყობს და ამყარებს სტიგმას ქალთა შესახებ. გადაცემაში რესპონდენტის ფრაზებით მხარდაჭერილია გენდერული დისბალანსი, რომ ქალი თავის ქცევებით ვალდებულია მოერგოს მამაკაცის სურვილებს/მოთხოვნებს და მამაკაცის უპირატეს სოციალურ/საზოგადოებრივ როლს უსვამს ხაზს.

როგორც გადაწყვეტილებაში „ანა სუბელიანი მაია ასათიანის წინააღმდეგ“ საბჭომ აღნიშნა, „პირდაპირ ეთერში მოწვეული სტუმრის მიერ გაკეთებულ დისკრიმინაციულ განცხადებებს ჟურნალისტი პირდაპირ ეთერშივე უნდა გაემიჯნოს და დაუპირისპირდეს. თუ ჩანაწერია, მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რომ არა ტოლერანტული გამონათქვამები არ არის ჟურნალისტის პოზიცია“. აღნიშნული განმარტება წამყვან ია ფარულავას აკისრებდა ვალდებულებას, რომ მას ყველა ღონე ეხმარა ქალთა მიმართ სტიგმის გაძლიერების თავიდან ასაცილებლად, იგი ვალდებული იყო გამიჯვნოდა რესპონდენტის პოზიციას, ამის საპირისპიროდ კი ია ფარულავა უაპელაციოდ უსმენდა რესპონდენტს და პირიქით, თავისი კითხვებით და რეპლიკებით პროვოცირებას უკეთებდა სალომე გოგიაშვილის მიერ სტიგმის შემცველი პოზიციების ტირაჟირებას. შესაბამისად, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან წამყვანმა არ უზრუნველყო მისი ეთიკური ვალდებულებების დაცვა მან დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ია ფარულავამ დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი.