16.09.2020
განმცხადებელი : გიორგი გოგეშვილი;
მოპასუხე : თამთა დოლენჯაშვილი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი;
09 მაისი 2020 წელი საქმე N - 367
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: ირმა ზოიძე, ზვიად ქორიძე, ლიკა ზაკაშვილი, კამილა მამედოვა, მაია მერკვილაძე.
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა გიორგი გოგეშვილმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2020 წლის 04 აპრილს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ 21:00-საათიან გამოშვებაში გასულ სიუჟეტში სახელწოდებით „FAKE პირბადეები“ დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-5, და მე-11 პრინციპი. სიუჟეტის ავტორი და, შესაბამისად, მოპასუხე ჟურნალისტი - თამთა დოლენჯაშვილი.
საქმის განხილვის თავისებურებები
გადაწყვეტილება საბჭომ მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იქნა აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
საქმის განხილვაში მონაწილეობდა განმცხადებელი, მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც საპასუხო პოზიცია წარმოუდგენია.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის პირველი პრინციპი „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.
სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ეხებოდა საქართველოში სარეალიზაციოდ არსებული პირბადეების ხარისხს. სიუჟეტში ჟურნალისტი ცდილობს გაარკვიოს, რომელი პირბადეა ყველაზე ეფექტური ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ და ამასთან, სიუჟეტი დასათაურებულია როგორც „FAKE [ყალბი] პირბადეები“.
ჟურნალისტის ტექსტი: „კერავენ [სამკერვალოები] სხვადასხვა ფერის და დიზაინის პროდუქციას და თან ამბობენ რომ ის ვირუსისგან იცავს, იმის მიუხედავად რომ ბოლო კვლევით ასეთი პირბადე არაეფექტურია“. სიუჟეტი „შავ, ბრენდულ“ პირბადეებზე საუბრით გრძელდება, რომელთა რეალიზაციას საქართველოში განმცხადებლის კომპანია ახორციელებს. კომპანიის დირექტორი გიორგი გოგეშვილი ხსნის, რომ მათი პირბადეები დამზადებულია ისეთი ტექნოლოგიით, რომელიც უზრუნველყოფს ვირუსისგან დაცვას და შეესაბამება ტექნოლოგიურ მოთხოვნებს. განმცხადებლის ცნობით, მან ჟურნალისტს წარუდგინა 2020 წლის 30 მარტის „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ მიერ გაცემული წერილი, რომლის თანახმად [წერილი ასევე წარმოუდგინა საბჭოს], პირბადეების გამოყენება შესაძლებელია როგორც სამედიცინო ქსელში ერთჯერადად, ისე საყოფაცხოვრებო პირობებში მრავალჯერადად. ეს ინფორმაცია ჟურნალისტისათვის ცნობილი იყო, მაგრამ ამის მიუხედავად არ მოხვდა სიუჟეტში.
საბჭო მიიჩნევს რომ სიუჟეტში დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი. საქმეში „მამია ფხაკაძე ნოდარ მელაძის და ქეთი ნადიბაიძის წინააღმდეგ“ საბჭომ აღნიშნა, რომ ჟურნალისტურ პროდუქტზე მსჯელობისას მნიშვნელოვანია იგი შეფასდეს ზოგადად სიუჟეტის მიზნის და აქცენტების და საზოგადოებისთვის სიუჟეტის წარდგენის ყველა ასპექტის გათვალისწინებით. სიუჟეტის სათაური - “FAKE პირბადე“ და ჟურნალისტის ტექსტი [„ბოლო კვლევით ასეთი პირბადე არაეფექტურია“] წინასწარ უყალიბებს მოსაზრებას მაყურებელს, რომ ჟურნალისტმა მოახდინა ისეთი პირბადეების იდენტიფიცირება, რომლებიც არაეფექტური და „ყალბია“. ამ წინასწარი განწყობით საუბარი გრძელდება განმცხადებლის კომპანიის მიერ რეალიზებულ „შავ, ბრენდულ“ პირბადეებზე, ჟურნალისტმა ასევე მიჩქმალა ინფორმაცია, რომ პირბადეები „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრმა“ მოიწონა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მაყურებელს რჩება შთაბეჭდილება, რომ სიუჟეტში ნაჩვენები შავი პირბადეებიც არის “FAKE” და არაეფექტური. ამის ცალსახად, ფაქტის სახით თქმის საფუძვლები კი ჟურნალისტს არ ჰქონდა, შესაბამისად, მან დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
ქარტიის მე-5 პრინციპი: „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“, როგორც საბჭომ დაადგინა, განმცხადებელმა მიმართა ჟურნალისტს, სიუჟეტი ისე შესწორებულიყო, რომ მის მიერ წარმოებული პირბადეები არ ყოფილიყო ასოცირებული არაეფექტურ და "ყალბ" პირბადეებთან. მიუხედავად ამისა, ინფორმაცია არ შეუსწორებიათ და ამით დაირღვა ქარტიის მე-5 პრინციპი.
მე-11 პრინციპი „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები ფაქტის განზრახ დამახინჯება“ ქარტიის საბჭომ ვერ გამოკვეთა მოტივი, რის გამოც შესაძლოა განზრახ არასწორი წარმოდგენები შეექმნა ჟურნალისტს შავ პირბადეებზე. საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაუდევარი და უყურადღებო დამოკიდებულება გამოიჩინა ინფორმაციის სწორად გავრცელების მიმართ, რაც იწვევს ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევას, ხოლო მე-11 პრინციპი არ დარღვეულა.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
- თამთა დოლენჯაშვილმა დაარღვია ქარტიის 1-ლი და მე-5 პრინციპი.
- თამთა დოლენჯაშვილის არ დაურღვევია ქარტიის მე-11 პრინციპი.