გადაწყვეტილებების ძიება

თანასწორობის მოძრაობა ვაკა გორგილაძის და რუსა შელიას წინააღმდეგ
16.09.2020

განმცხადებელი : თანასწორობის მოძრაობა;
მოპასუხე : ვაკა გორგილაძე და რუსა შელია;
დარღვეული პრინციპები : 7 პრინციპი;


09 მაისი 2020 წელი საქმე N - 372

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: ირმა ზოიძე, ზვიად ქორიძე, ლიკა ზაკაშვილი, კამილა მამედოვა, მაია მერკვილაძე. 


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა თანასწორობის მოძრაობამ, რომელიც მიიჩნევდა რომ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, 2020 წლის 28 აპრილს გადაცემაში "ღია ეთერი", ამავე გადაცემის წამყვანებმა - ვაკა გორგილაძემ და რუსა შელიამ დაარღვიეს ქარტიის მე-7 პრინციპი.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭომ მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იქნა აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვაში მონაწილეობდა მხოლოდ განმცხადებელი, მოპასუხე ჟურნალისტს სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია და არც შეპასუხება არ წამოუდგენია.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის მე-7 პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“.

განმცხადებლის მოსაზრებით, ქარტიის მე-7 პრინციპი დაირღვა წამყვანის, ვაკა გორგილაძის მონოლოგში, რომელიც კრიტიკული ტონით საუბრობდა ვანო მერაბიშვილზე, ნიკა გვარამიაზე და ლევან ბერძენიშვილზე და აღნიშნავდა, რომ “...მეორე სუბიექტი [ნიკა გვარამია], რომელიც ასევე დაკარგულია, ოღონდ, როგორც ჩანს, გენდერული იდენტობის ძიებაში...”, „მისი გენდერული იდენტობის ძიებაში დაკარგულ მოსაუბრეს [ნიკა გვარამიას] არ გახსენებია…” მონოლოგის ბოლოს, როდესაც წამყვანი უკვე ლევან ბერძენიშვილზე აკეთებს აქცენტს და მას აკრიტიკებს, ნაჩვენებია ლევან ბერძენიშვილის ფოტო, რომელსაც ხელში LGBTIQ თემის დროშა უჭირავს.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ვაკა გორგილაძემ და რუსუდან შელიამ დაარღვიეს ქარტიის მე-7 პრინციპი.

თავდაპირველად აღსანიშნავია, რომ გადაცემა არ ეხებოდა არც LGBTIQ პირებს და არც გენდერული იდენტობის საკითხებს. გადაცემის სადავო ნაწილში ნეგატიურად აფასებდნენ და აკრიტიკებდნენ კონკრეტული პირებს. საქმეში „პლატფორმა „არა ფობიას“ POSTV არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ“ საბჭომ მიუთითა, რომ „საქართველოში ჰომოფობიური განწყობები მაღალია, მაგალითად ერთ-ერთი კვლევის თანახმად, საქართველოში მცხოვრები პირებისათვის LGBTIQ პირი არასასურველი მეზობელია თითქმის ისევე, როგორც კრიმინალი მეზობელი. ჰომოფობიური მოტივებით კრიტიკის ობიექტი გამხდარა არაერთი საჯარო პირი. შესაბამისად, საქართველოში ამა თუ იმ პირის მიერ LGBTIQ თემის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა ან მათთან რაიმე ფორმით დაკავშირება შეიძლება ამ პირის დისკრედიტაციის საფუძველი გახდეს“.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სწორედ ზემოაღნიშნული მოტივი ჰქონდა ჟურნალისტს, როდესაც პირდაპირ და ირიბად მიანიშნებდა ნიკა გვარამიას გენდერულ იდენტობასა და ლევან ბერძენიშვილის LGBTIQ პირებთან ასოცირებაზე.

ქარტიის მე-7 პრინციპის თანახმად, ჟურნალისტმა ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად, სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში კი პირიქით, ჟურნალისტი იდენტობასთან და LGBTIQ თემის მიმართ უკვე არსებული სტიგმის გამოყენებით ცდილობს კონკრეტული ადამიანების დისკრედიტაციას. შესაბამისად, ეს იწვევს LGBTIQ პირების მიმართ ნეგატიური სტიგმის გაძლიერებას, ჰომოფობიური განწყობების გაღვივებას და გავრცელებას.


მართალია, თანაწამყვანი რუსა შელია თავად არ იყო დისკრიმინაციული ფრაზების ავტორი, მაგრამ მან უაპელაციოდ მიიღო ვაკა გორგილაძის ჰომოფობიური პოზიციები, არ მიუთითა ამის შესახებ თანაწამყვანს და ამით დაარღვია ჟურნალისტის პოზიტიური ვალდებულება, რომ თავიდან აიცილოს დისკრიმინაცია და ხელი არ შეუწყოს მათ გავრცელებას. მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ არ გაამძაფროს დისკრიმინაცია, არამედ საზოგადოებაში არსებული ირაციონალური შიშების და ზიზღის წინააღმდეგ საინფორმაციო პროაქტიული ქმედებები განახორციელოს.


სარეზოლუციო ნაწილი



ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ვაკა გორგილაძემ და რუსა შელიამ დაარღვიეს ქარტიის მე-7 პრინციპები.