19.09.2020
10 აპრილი 2020 წელი საქმე N - 361
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: ირმა ზოიძე, გელა მთივლიშვილი, ზვიად ქორიძე, ლიკა ზაკაშვილი, კამილა მამედოვა
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ანა გვალიამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემაში „სხვა ნანუკა“ დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი. კონკრეტულად სადავო იყო 2020 წლის 11 მარტის გადაცემის ის ნაწილი, სადაც ნანუკა ჟორჟოლიანი სტუდიაში ესაუბრება ირანის მოქალაქეს. გადაცემა სოციალურ ქსელში გავრცელდა სათაურით „ვერ არის ეს კარგად" - ბიჭი, რომელსაც გარშემომყოფები ამ ფრაზით ცნობენ“.
საქმის განხილვის თავისებურებები. გადაწყვეტილება საბჭომ მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იქნა აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით. თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
სხდომაში მონაწილება მიიღეს როგორც განმცხადებელმა, ისე მოპასუხე ჟურნალისტმა.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის მეშვიდე პრინციპი „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“.
როგორც აღინიშნა, გადაცემის გმირი იყო ირანის მოქალაქე, რომელიც საქართველოში პოპულარული გახდა ვირუსული ვიდეოთი, იგი არ ემორჩილება საკარანტინო წესებს COVID-19 ვირუსზე შემოწმების დროს და ერთ-ერთი მეთვალყურე სამედიცნო პერსონალიდან მასზე ამბობს „ვერ არის ეს კარგად..“
განმცხადებელი აპელირებდა, რომ სათაური შეიცავდა ღირსების შემლახველ ფრაზას "ვერ არის ეს კარგად" და შემდგომ გადაცემაში მუდმივი ცინიკური და დამცინავი დამოკიდებულება ჰქონდა წამყვანს რესპონდენტის მიმართ, რომლის საილუსტრაციოდ მოიყვანა შემდეგი ფრაზები: "გასვეს და გაჭამეს"; "ის ხომ დავინახეთ, რომ ძალით შეგათრიეს უკან"; "გესმოდათ, ის ქალი რას ამბობდა თქენზე? ესო ვერ არისო, ვერაო"; "მალე ცეკვავენ ვარსკვლავებში შეგაგდებენ"; "თქვენ ბათუმი გეგონათ ბახმარო, მაგრამ არა უშავს"; "შეგიძლიათ ექსკლუზიურად წაიმღეროთ?!" - ყველა აღნიშნული ფრაზით ჟურნალისტი ცდილობდა დაემცირებინა და ღირსება შეელახა რესპონდენტისთვის.
ქარტიის საბჭო აღნიშნავს, რომ შესაძლებელია, წამყვანის დამოკიდებულება სტუმრის მიმართ მესამე პირისთვის არ იყო მისაღები და დამცინავი დამოკიდებულების შთაბეჭდილება რჩებოდა, მაგრამ საბჭომ ვერ გამოკვეთა ამაში დისკრიმინაციის ნიშანი. განმცხადებელი დავობდა რომ მსგავსი დამოკიდებულება გამოწვეული იყო სტუმრის ეთნიკური წარმომავლობით და წამყვანი იმიტომ მიმართავდა მას მსგავსი სიტყვებით/კითხვებით, რომ იგი ირანელი იყო. საბჭო არ იზიარებს განმცხადებლის პოზიციას და აღნიშნავს, რომ მხოლოდ მიუღებელი ლექსიკა და დამცინავი დამოკიდებულება არ წარმოადგენს ქარტიის მე-7 პრინციპით რეგულირებულ სფეროს და ცალსახად უნდა იკვეთებოდეს ნიშანი, რომელიც საფუძვლად დაედო ასეთ დამოკიდებულებას. განმცხადებლის მოყვანილი ფრაზები და ასევე სიუჟეტის სხვა ნაწილებიც არ იძლევა იმის საშუალებას, რომ გადაჭრით გამოიკვეთოს დისკრიმინაციის ნიშანი. საბჭო ასევე არ იზიარებს განმცხადებლის აქცენტს, რომ რესპონდენტისთვის დასმულ კითხვაში - "მიდიხართ ამ ქვეყნიდან თუ რჩებით", წამყვანმა გამოკვეთა ეთნიკური ნიშანი. რესპონდენტი როგორც ცნობილია საქართველოს ესტუმრა ტურისტული მიზნით და, შესაბამისად, ლოგიკურია კითხვა, აპირებს იგი საქართველოში დარჩენას თუ არა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ მე-7 პრინციპი არ დარღვეულა.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
- ნანუკა ჟორჟოლიანს არ დაურღვევია ქარტიის მე-7 პრინციპი.