19.09.2020
განმცხადებელი : ბუდუ რამიშვილი;
მოპასუხე : info9.ge და imedinews.ge არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტები;
დარღვეული პრინციპები : არ დარღვეულა;
14 აპრილი 2020 წელი
საქმე N - 352, 354
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: ირმა ზოიძე, გელა მთივლიშვილი, ზვიად ქორიძე, ლიკა ზაკაშვილი, კამილა მამედოვა
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ბუდუ რამიშვილმა, რომელიც მიიჩნევდა რომ ქვემოთ მითითებულ ჟურნალისტურ პროდუქტებში დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-3, მე-5 და მე-11 პრინციპები.
- Info9.ge, გამოქვეყნების თარიღი 28.02.2020 - „ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან მოქალაქეს თბილისში ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანენ“.
- imedinews.ge, გამოქვეყნების თარიღი 29.02.2020, „ტომ კრუზი ვენეციაში საკარანტინო სივრცეში მოათავსეს“.
საქმის განხილვის თავისებურებები. გადაწყვეტილება საბჭომ მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იქნა აპლიკაცია Zoom მეშვეობით. თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
სხდომა გაიმართა 2020 წლის 10 აპრილს, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება საბჭომ მიიღო 2020 წლის 14 აპრილს. 10 აპრილს გამართულ სხდომაში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ განმცხადებელმა.
სადავო ჟურნალისტურ პროდუქტებზე მითითებული არ იყო ავტორი ჟურნალისტები. საბჭოს სამდივნომ მიმართა მედიასაშუალებებს, რომ ეცნობებინათ პასუხისმგებელი პირი, მაგრამ მათ საბჭოს ეს ინფორმაცია არ მიაწოდეს და ვერ მოხდა კონკრეტული პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება. ასეთ შემთხვევაში ქარტიის საქმის წარმოების წესის [პუნქტი 3.4] თანახმად, „თუ შეუძლებელია პასუხისმგებელი პირის მოძიება, ეს არ აფერხებს განცხადების განხილვას და ქარტიის გადაწყვეტილებაში მოპასუხედ მიეთითება არაიდენტიფიცირებული ავტორი/ჟურნალისტი“.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის პირველი პრინციპი „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.
ორივე მედია საშუალების მიერ გამოქვეყნებული სტატიის ბოლოს მითითებული იყო შემდეგი ფრაზა „მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ“, განმცხადებელი სადავოდ არ ხდიდა თავად სტატიების შინაარსს. იგი პრობლემურად მიიჩნევდა ზემოაღნიშნულ წინადადებას. კერძოდ, განმცხადებლის პოზიციით, თუ მომხმარებელი ჰიპერბმულზე ["ამ ბმულზე ნახეთ"] გადავიდოდა, რეალურად გაეცნობოდა სხვა სტატიას, სათაურით „ჩინეთში კორონავირუსით კიდევ 114 ადამიანი დაიღუპა“. შესაბამისად, განმცხადებელი მიიჩნევდა რომ ამ ფორმით გავრცელდა არასწორი ინფორმაცია და მკითხველმა ვერ მიიღო პასუხი კითხვაზე: „მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა?“.
საბჭომ დაადგინა შემდეგი გარემოებები:
- info9.ge-მ და imedinews.ge-მ გამოაქვეყნა სტატიები, რომელთა ბოლოს მითითებული იყო შემდეგი ფრაზა: „მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.“
- Info9.ge-ს შემთხვევაში ჰიპერბმული საერთოდ არ იყო აქტიური და მისი მეშვეობით სხვა სტატიაზე მკითხველი ვერ გადადიოდა.
- imedinews.ge-ს შემთხვევაში, ჰიპერბმულის მეშვეობით მკითხველი ეცნობოდა სტატიას - „ჩინეთში კორონავირუსით კიდევ 114 ადამიანი დაიღუპა“.
- 2020 წლის 20 თებერვალს imedinews.ge-მ მართლაც გამოაქვეყნა სტატია სათაურით „მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა?“
საბჭო მიიჩნევს, რომ არცერთ შემთხვევაში პირველი პრინციპის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
info9.ge
როგორც აღინიშნა, info9.ge-ის მიერ მითითებული ჰიპერბმული არ იყო აქტიური, შესაბამისად, არ დადგინდა რომ ამ ჰიპერბმულით მკითხველი არასწორ ინფორმაციაზე გადამისამართდა.
imedinews.ge
დადასტურებულია, რომ imedinews.ge-ის შემთხვევაში, ჰიპერბმულზე გადასვლისას მკითხველი გაეცნობოდა სტატიას სათაურით „ჩინეთში კორონავირუსით კიდევ 114 ადამიანი დაიღუპა“ ნაცვლად „მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა?“. მეორეს მხრივ დადგინდა, რომ მსგავსი შინაარსის სტატია imedinews.ge-ს გამოქვეყნებული ჰქონდა. შესაბამისად, შესაძლებელია რომ იყო ტექნიკური შეცდომა.
საქმეში „GFF მაგდა კლდიაშვილის წინააღმდეგ“ საბჭომ აღნიშნა რომ ტექნიკური შეცდომებისაგან არავინ არის დაზღვეული, და მხოლოდ ფორმალურად გავრცელებული არასწორი ინფორმაციის საფუძველზე არ ადგენს ეთიკის პრინციპების დარღევას. იმისათვის, რომ საბჭო დარწმუნებულიყო, სახეზე იყო ტექნიკური შეცდომა და მედია საშუალებას არ სურდა არასწორი ინფორმაციის გავრცელება, 10 აპრილის სხდომაზე საბჭომ გადაწყვიტა,რომ მიემართა მედიასაშუალებისათვის და imedinews.ge-ს საპასუხო რეაგირების შემდეგ მიეღო საბოლოო გადაწყვეტილება. საბჭოს მიმართვის შემდეგ imedinews.ge-მ აღნიშნა რომ მათ დაუშვეს ტექნიკური შეცდომა და არასწორი ჰიპერბმული მიუთითეს, საბოლოოდ კი სადავო წინადადება „მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ“ წაშალეს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ imedinews.ge-მ დაუშვა ტექნიკური შეცდომა და ადგილი არ ჰქონდა არასწორი ინფორმაციის გავრცელებას.
განმცხადებელი ასევე აღნიშნავდა, რომ ფრაზით „მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა?“ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია და კითხვის ფორმულირება მკითხველს აწვდიდა დადასტურებული სახით ინფორმაციას, რომ კორონავირუსმა მართლაც უხანის ლაბორატორიიდან გაჟონა. საბჭო ვერ გაიზიარებს განმცხადებელის პოზიციას, ვინაიდან ფრაზა ფორმულირებულია კითხვის და არა დადასტურებული ფაქტის სახით. აქვე აღსანიშნავია რომ imedinews.ge-მ მართლაც მოამზადა და გამოაქვეყნა სტატია „მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა?“, სადაც კორონავირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვის ფაქტი კითხვის ქვეშ არის და სტატია ცდილობს, გასცეს პასუხი შემდეგ კითხვებზე „რამდენად რეალურია შეთქმულების ეს თეორია? რა ხდება სინამდვილეში უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში?“
ქარტიის მე-3 პრინციპი „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია“. განმცხადებელი უთითებდა რომ „დაუდასტურებელ წყაროზე დაყრდნობით არის გავრცელებული ფაქტი“. საბჭო აღნიშნავს, ისევე როგორც პირველი პრინციპზე მსჯელობისას, ინფორმაცია „ფაქტად“ არ არის გავრცელებული. ამასთან წყარო არსებობდა - 2020 წლის 20 თებერვალს imedinews.ge-ზე განთავსებული სტატია „მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა?“.
ქარტიის მე-5 პრინციპი „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“ ვინაიდან არ დადგინა არასწორი ინფორმაციის გავრცელება, შესაბამისად მე-5 პრინციპიც არ დარღვეულა.
მე-11 პრინციპთან დაკავშირებით განმცხადებელი აპელირებდა, რომ სახეზე იყო პლაგიატი. საბჭომ ვერ დაადგინა პლაგიატი განსახილველ შემთხვევაში, კერძოდ არ იკვეთება სხვა მედიასაშუალების მიერ მომზადებული ინფორმაციის გავრცელება მითითების გარეშე ან სხვა მედია საშუალების ძალისხმევის უგულვებელყოფა.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
- info9.ge და imedinews.ge არაიდენტიფიცირებულ ჟურნალისტებს არ დაურღვევიათ ქარტიის 1-ლი, მე-3, მე-5 და მე-11 პრინციპები.