გადაწყვეტილებების ძიება

ლელა კაკულია informacia.club არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ
19.09.2020

განმცხადებელი : ლელა კაკულია;
მოპასუხე : informacia.club არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი;
დარღვეული პრინციპები : არ დარღვეულა;

10 აპრილი 2020 წელი საქმე N - 355 

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: ირმა ზოიძე, გელა მთივლიშვილი, ნინა ხელაძე, ზვიად ქორიძე, ლიკა ზაკაშვილი, კამილა მამედოვა გ


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ლელა კაკულიამ, რომელიც მიიჩნევდა რომ informacia.club მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: „ვაკე გადარჩება, გლდანს ვერ ვხედავ…” – ლელა კაკულიამ ახლახანს კორონავირუსზე ახალი წინასწარმეტყველება გაავრცელა“ დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-3, მე-4, მე-5, მე-7 და მე-11 პრინციპი.

საქმის განხილვის თავისებურებები.  გადაწყვეტილება საბჭო მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იქნა აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით. თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.

მოპასუხე მედიასაშუალებაში გამოქვეყნებულ სტატიაზე მითითებული არ იყო ავტორი ჟურნალისტი, მედიასაშუალებასთან კონტაქტი ვერ მოხერხდა, ვებსაიტზე მითითებული არ იყო საკონტაქტო ინფორმაცია, მეტიც, განცხადების მიღებიდან მალევე აღნიშნული ვებსაიტი საერთოდ აღარ ფუნქციონირებდა. ასეთ შემთხვევაში ქარტიის საქმის წარმოების წესის [პუნქტი 3.4] თანახმად, „თუ შეუძლებელია პასუხისმგებელი პირის მოძიება, ეს არ აფერხებს განცხადების განხილვას და ქარტიის გადაწყვეტილებაში მოპასუხედ მიეთითება არაიდენტიფიცირებული ავტორი/ჟურნალისტი“.

ქარტის საბჭოს საქმის წარმოების წესის 4.4 პუნქტის თანახმად „გამონაკლის შემთხვევებში, თუ საბჭო თვლის რომ წარმოდგენილი განცხადება და სადავო ჟურნალისტური პროდუქტი საკმარისია გადაწყვეტილების მისაღებად, შესაძლებელია გადაწყვეტილება მიღებული იქნას მხარეთა მონაწილეობის გარეშე, მათ შორის მხარეთაგან დამატებითი ინფორმაციის/განმარტების გამოთხოვის გარეშე“. განცხადება საბჭოს მიერ განხილული იქნა აღნიშნული გამონაკლისის ფარგლებში, ვინაიდან ჩათვალა რომ წარმოდგენილი განცხადება და სადავო ჟურნალისტური პროდუქტი საკმარისი იყო გადაწყვეტილების მისაღებად.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის პირველი პრინციპი „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ თითქოს ლელა კაკულიამ „წინასწარმეტყველება“ გაავრცელა კორონავირუსთან დაკავშირებით, მათ შორის თითქოს ვირუსი ავნებს მხოლოდ გლდანის რაიონს და ვაკის რაიონი უვნებელი გადარჩება.

განმცხადებელი უარყოფდა, რომ მსგავსი „წინასწარმეტყველების“ ავტორი ლელა კაკულია იყო. ქარტიის საბჭომ დაასკვნა, რომ სადავო სტატიაში მითითებული ინფორმაციის გავრცელებით დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი, ვინაიდან სტატიაში არ იყო მითითებული წყარო ან/და მტკიცებულება, რომ მსგავსი შინაარსის „წინასწარმეტყველების“ ავტორი ნამდვილად ლელა კაკულია იყო. სად გააკეთა „წინასწარმეტყველება“, როდის და რა ფორმით, ამ კითხვებს სტატია პასუხს არ სცემს. სადავო სტატიაში ასევე არ ჩანდა ჟურნალისტის მცდელობა, რომ დაკავშირებოდა ლელა კაკულიას და გადაემოწმებინა, ნამდვილად მას ეკუთვნოდა თუ არა „წინასწარმეტყველება“.

ქარტიის მე-3 პრინციპი „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია“. ქარტიის საბჭოს არა აქვს საკმარისი მტკიცებულებები, დაადგინოს ქარტიის მე-3 პრინციპის დარღვევა. თეორიულად დასაშვებია, რომ მედიასაშუალებამ სხვა, საბჭოსათვის უცნობი წყაროსაგან მიიღო ინფორმაცია, რომ თითქოს ლელა კაკულიამ მსგავსი შინაარსის „წინასწარმეტყველება“ გაავრცელა, და შემდგომ ეს ინფორმაცია გამოიყენა სტატიაში. ის გარემოება, რომ მედიასაშუალებამ მიღებული ინფორმაცია არ გადაამოწმა, არ მიუთითა წყარო და ასევე სხვა ღონე არ იხმარა ნამდვილობის შესამოწმებლად, იწვევს ქარტიის პირველი და არა მე-3 პრინციპის დარღვევას.

ქარტიის მე-4 პრინციპი „ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს“. მე-4 პრინციპთან დაკავშირებით განმცხადებელი მიუთითებდა, რომ „დოკუმენტები არ არის კეთილსინდისიერად და სამართლიანად მოპოვებული - ის უბრალოდ შეთითხნილია“. აღნიშნული არგუმენტაცია, რომ ფაქტები განზრახ გაყალბებულია, რელევანტურია ქარტიის მე-11 და არა მე-4 პრინციპის მიმართ, შესაბამისად ქარტიის მე-4 პრინციპის დარღვევა არ დადგინდა.

ქარტიის მე-5 პრინციპის თანახმად „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“. განმცხადებელმა მიუთითა, რომ „მიუხედავად არაერთი კომენტარისა საიტი არ შლის და არც ასწორებს ცრუ პუბლიკაციას“. სტატიის გამოქვეყნებიდან მალევე ვებსაიტი აღარ არის აქტიური [წაშლილია ვებსივრციდან] და, შესაბამისად, საბჭომ ვერ მოიპოვა იმის მტკიცებულებები, რომ განმცხადებელი სთხოვდა მედიასაშუალებას ინფორმაციის შესწორებას. შესაბამისად მე-5 პრინციპის დარღევა არ დგინდება.

ქარტიის მე-7 პრინციპია: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“. განცხადების თანახმად, არასწორი ინფორმაციის გავრცელებამ სოციალურ ქსელებში გამოიწვია არაერთი უხამსი და შეურაცხმყოფელი კომენტარი ლელა კაკულიას მიმართ, მათ შორის, ძალადობისკენ მოწოდების შემცველი. საბჭომ თავის არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ მე-7 პრინციპი ქვეშ მოაზრება დისკრიმინაცია/სიძულვილის ენა/სტიგმატიზირება და არ ფარავს მხოლოდ დისკრედიტაციას ან შეურაცხყოფას.

ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები ფაქტის განზრახ დამახინჯება“ გავრცელებული ინფორმაცია რომ არ არის გადამოწმებული და არ დასტურდება მისი ნამდვილობა, საკმარისი საფუძველია ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევის დასადგენად. რაც შეეხება მე-11 პრინციპს, ქარტიის საბჭოს არა აქვს საკმარისი მტკიცებულებები, რომ დარწმუნებით დაადგინოს განზრახვის ფაქტი, მით უფრო, რომ ვებსაიტი გაუქმებულია და შეზღუდულია შესაძლებლობა რომ უფრო მეტად შეისწავლოს მტკიცებულებები.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე: 

  1. informacia.club-ის არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
  2. informacia.club-ის არაიდენტიფიცირებულ ჟურნალისტს არ დაურღვევია ქარტიის მე-3, მე-4, მე-5, მე-7 და მე-11 პრინციპი.