09.10.2020
07 ივნისი 2020 წელი
საქმე N - 382
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, ნინა ხელაძე, კამილა მამედოვა, მაია მერკვილაძე, ლიკა ზაკაშვილი
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა პარტნიორობამ ადამიანის უფლებებისათვის. განცხადების თანხმად, 2020 წლის 24 მაისს, ტელეკომპანია „მთავარის“ გადაცემა „მთავარი აქცენტებში“ ნიკა გვარამიას მონოლოგით დაირღვა ქარტიის 1-ლი და მე-7 პრინციპები. მონოლოგი ეხებოდა ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ თავის ყოფილ მეუღლეზე სავარაუდო ფიზიკურ ძალადობას.
საქმის განხილვის თავისებურებები
საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იქნა აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
საქმის განხილვაში მონაწილეობდა განმცხადებელი. მოპასუხე ჟურნალისტი განხილვაში არ მონაწილეობდა და არც საპასუხო პოზიცია წარმოუდგენია.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის პირველი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“. გადაცემა “მთავარი აქცენტების” წამყვანი, ნიკა გვარამია თავის მონოლოგში საუბრობდა ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებაზე, რომ მან თავის ყოფილ მეუღლეზე, ნელი დოროყაშვილზე იძალადა.
ნიკა გვარამიას მონოლოგი იწყება შემდეგი ფრაზით: „რა არის მთავარი ბასილაშვილის საქმეში და რა ვიცით უტყუარად“. ამ ფრაზით ნიკა გვარამია მიუთითებდა, რომ მის მიერ შემდგომ მოწოდებული ინფორმაციები იყო დადასტურებული [უტყუარი] ფაქტი: „ვილაპარაკებ ყველაფერზე, იმიტომ რომ სხვა ადამიანს ეხება. ეს არ არის პირადი გამბედაობის საკითხი. ამიტომ ბასილაშვილს მოვუწოდებ, რომ ილაპარაკოს ღიად, რის დაფარვაში უხდიდა ცოლს 100 ათას ლარს თვეში და როგორ აშანტაჟებდა ის, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა წერილობითი ხელშეკრულება ინფორმაციის გაუთქმელობის ამ კონკრეტულ თანხად და რის გამო, კი არადა რის გამხელას ემუქრებოდა ის ამ 100 ათას ლარად თვეში“.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ნიკა გვარამიამ დადასტურებული სახით გაავრცელა შემდეგი ინფორმაცია:
- რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი რაღაცის დაფარვაში უხდიდა ყოფილ მეუღლეს თანხას.
- რომ ნელი დოროყაშვილი აშანტაჟებდა ნიკოლოზ ბასილაშვილს.
მეორეს მხრივ, აღსანიშნავია, რომ ნიკა გვარამიას არ მოუყვანია არც ერთი მტკიცებულება, არგუმენტი, რომელიც უფლებას აძლევდა, დადასტურებული ფაქტის სახით გაევრცელებინა ინფორმაცია, რომ ნელი დოროყაშვილი შანტაჟის გზით თანხას ძალავდა ნიკოლოზ ბასილაშვილს. მეტიც, ორივე მხარის ადვოკატებმა ეს ფაქტი უარყვეს. შესაბამისად, ვინაიდან ნიკა გვარამიამ დადასტურებული სახით გაავრცელა გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომლის ნამდვილობა სათანადო წესით არ დასტურდება, სახეზეა ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა.
ქარტიის საბჭო ითვალისწინებს იმ გარემოებას რომ ნიკა გვარამიას გადაცემა არა საინფორმაციო, არამედ საავტორო გადაცემა იყო და აღნიშნავს, რომ:
- ფაქტების შესახებ ნიკა გვარამია საუბრობდა მტკიცებით ფორმაში. მას ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად არ განუცხადებია, რომ ეს იყო გადაუმოწმებელი ინფორმაცია.
- საავტორო გადაცემა, რა თქმა უნდა, განსხვავდება საინფორმაციო გამოშვებისაგან, მაგრამ არა ფაქტების სიზუსტის ნაწილში. საავტორო გადაცემის დროს მის ავტორს/წამყვანს აქვს უფრო მეტი თავისუფლება, გამოხატოს თავისი პოზიცია, შეფასება, მხარი დაუჭიროს ამა თუ იმ პირს/მოსაზრებას, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ მიმდინარეობას, მაგრამ ვინაიდან საავტორო გადაცემის წაყვანა სრულად ჟურნალისტური საქმიანობაა, მის წამყვანს ეკისრება ეთიკური პასუხისმგებლობა, რომ გამიჯნოს ფაქტი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია ერთმანეთისაგან, ფაქტის სახით გაავრცელოს მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია, ანუ პატივი სცეს საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.
ქარტიის მე-7 პრინციპი: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.“
განმცხადებელი აპელირებდა რომ „აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებით, ჟურნალისტი ხელს უწყობს მსხვერპლის წარმოჩენას იმგვარად, თითქოს მსხვერპლმა თავად მისცა საფუძველი ბრალდებულს, გამოიწვია და ძალადობის ჩადენისკენ უბიძგა. ქალთა მიმართ ძალადობის მსგავსი გაშუქება ამყარებს საზოგადოებაში არსებულ მცდარ სტერეოტიპებს, რითაც, თითქოს მამაკაცს ენიჭება პრივილეგია, ქალის გარკვეული „არასწორი“ სოციალური ქცევის საფუძველზე ძალადობრივი მეთოდებით გაუსწორდეს მას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მარტივი შესაძლებელია, მოძალადის ქცევის ირიბად გამართლებითა და მსგავსი დისკრიმინაციული სტერეოტიპების გამყარებით, ჟურნალისტმა წაახალისოს ქალთა მიმართ ძალადობა და დანაშაული“.
ქარტიის საბჭო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის არგუმენტაციას, ვინაიდან თავად ნიკა გვარამიამ თავის მონოლოგში ხაზი გაუსვა, რომ არავითარი წინაპირობა არ ამართლებს ძალადობას: „ნიკა [იგულისხმება ნიკოლოზ ბასილაშვილი], ეს გაცილებით უფრო უწყინარი ინფორმაციაა, ვიდრე ცოლის მცემელის იმიჯი, რომელიც ყველაფერს დაამთავრებს. არც მოშანტაჟე ქალის ცემა არ შეიძლება“ . თავად ნიკა გვარამიას სიტყვებიდან ჩანს, რომ იგი არა თუ “ამართლებს” ქალზე ძალადობას, არამედ პირიქით, ემიჯნება მას და არ მიიჩნევს სოციალურად მისაღებ ქმედებად.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
- ნიკა გვარამიამ დაარღვია ქარტიის 1-ლი პრინციპი.
- ნიკა გვარამიას არ დაურღვევია ქარტიის მე-7 პრინციპი.