გადაწყვეტილებების ძიება

თამარ მამულაშვილი ნათია ქოქოსაძის წინააღმდეგ
09.10.2020

განმცხადებელი : თამარ მამულაშვილი;
მოპასუხე : ნათია ქოქოსაძე;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი;

07 ივნისი 2020 წელი

საქმე N - 381

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, ნინა ხელაძე, კამილა მამედოვა, მაია მერკვილაძე, ლიკა ზაკაშვილი


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა თამარ მამულაშვილმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ ტელეკომპანია “მთავარი არხის” საინფორმაციო გამოშვება „მთავარი 9 საათზე“ გასულ სიუჟეტში, რომელიც ეხებოდა ნინო მამულაშვილის უვადო მოსამართლედ დანიშვნის ფაქტს, დაირღვა ქარტიის 1, მე-3, მე-5 და მე-11 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა სიუჟეტის ავტორი - ნათია ქოქოსაძე.

საქმის განხილვის თავისებურებები

საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იქნა აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვაში მონაწილეობდა განმცხადებელი. მოპასუხე ჟურნალისტს განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია და არც საპასუხო პოზიცია წარმოუდგენია.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის პირველი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სადავო სიუჟეტი ეხებოდა ნინო მამულაშვილის [დეპუტატ დავით მათიკაშვილის მეუღლის] მოსამართლედ უვადოდ დანიშვნას. სიუჟეტის ბოლოს ჟურნალისტი ამბობს, რომ "ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში მოსამართლედ დაინიშნა ასევე ნინო მამულაშვილის დაც".

განმცხადებელი, რომელიც არის ნინო მამულაშვილის და, აღნიშნავდა, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და იგი არა თუ მოსამართლედ არ დანიშნულა, არამედ საერთოდ არ იყო იურისტი და წლებია მუშაობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში. აღნიშნული ფაქტი მან დაადასტურა ოფიციალური ცნობით.

საბჭომ შეისწავლა საქმის გარემოებები და დაასკვნა, რომ ჟურნალისტმა გაავრცელა არასწორი ინფორმაცია - ნინო მამულაშვილის და არ არის დასაქმებული მოსამართლის პოზიციაზე. შესაბამისად, დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.

ქარტიის მე-5 პრინციპი: „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“. დადასტურებულია, რომ საბჭოს სამდივნომ ჟურნალისტს აცნობა, რომ მის მიმართ შემოტანილი იყო განცხადება, რომლის თანახმად ჟურნალისტმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, მიუხედავად ამისა, არავითარი ღონისძიება არ იქნა მიღებული ინფორმაციის შესასწორებლად, შესაბამისად დაირღვა ქარტიის მე-5 პრინციპი.

ქარტიის მე-3 პრინციპი: „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია“. განსახილველ შემთხვევაში საბჭო მიიჩნევს, რომ შესაძლებელია ჟურნალისტს მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოს ნინო მამულაშვილის და მოსამართლედ იყო დანიშნული, თავის მხრივ, ჟურნალისტმა ეს ინფორმაცია არ გადაამოწმა და ამით დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი, ხოლო მე-3 პრინციპის დარღვევა [წყაროს საერთოდ არ არსებობა] არ დასტურდება.

ქარტიის მე-11 პრინციპი: „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“. საბჭო არც ამ პრინციპს მიიჩნევს დარღვეულად. საქმის შესწავლის პროცესში აღმოჩნდა რომ ნინო მამულაშვილის გარდა ასევე არის სხვა მოსამართლე გვარად მამულაშვილი [ლეილა მამულაშვილი], სავარაუდოდ, ჟურნალისტმა იმის გამო რომ არ გადაამოწმა, გაავრცელა არასწორი ინფორმაცია შეცდომით და არა განზრახ.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ნათია ქოქოსაძემ დაარღვია ქარტიის 1 და მე-5 პრინციპი. 
  2. ნათია ქოქოსაძეს არ დაურღვევია ქარტიის მე-3 და მე-11 პრინციპი.