გადაწყვეტილებების ძიება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ანა ახალიას წინააღმდეგ
09.10.2020

განმცხადებელი : საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
მოპასუხე : ანა ახალია;
დარღვეული პრინციპები : 8 პრინციპი;

02 ივლისი 2020 წელი საქმე N - 393 

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: კამილა მამედოვა, ლიკა ზაკაშვილი, ნინა ხელაძე, ზვიად ქორიძე, მაია მერკვილაძე


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ ტელეკომპანია “პირველის” გადაცემა “პირველებში” გასულ სიუჟეტში, რომელიც ეხებოდა თბილისში, გლდანის ხევში, ჩვილის სავარაუდო მკვლელობას, დაირღვა ქარტიის მე-8 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა სიუჟეტის ავტორი ანა ახალაია.

საქმის განხილვის თავისებურებები

საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იქნა აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის მერვე პრინციპი: „ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება“.

სადავო სიუჟეტი ეხებოდა ჩვილის სავარაუდო მკვლელობის ფაქტს. იგი შეიცავდა ინტერვიუებს არასრულწლოვანებთან, რომლებიც საუბრობდნენ სავარაუდო მკვლელობის ფაქტზე და იხსენებდნენ მომხდარის შესახებ მძიმე დეტალებს.

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების სახე დაფარული იყო, ხოლო ხმა შეცვლილი, ქარტიის საბჭო მიიჩნევს რომ ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის მე-8 პრინციპი.

ქარტიას შემუშავებული აქვს „ბავშვთა საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო“, სადაც ასახულია არასრულწლოვნებთან დაკავშირებული/არასრულწლოვნების მონაწილეობით ამბების გაშუქების საუკეთესო პრაქტიკა.

აღნიშნული სახელმძღვანელოს თანახმად, ჟურნალისტმა თავიდან უნდა აიცილოს ბავშვის რეტრავმირება და არ გაახსენოს ის ამბავი, რაც მასზე ნეგატიურად იმოქმედებს. შესაბამისად საბჭო იზიარებს განმცხადებლის პოზიციას რომ „სიუჟეტის მომზადებისას არ არის გათვალისწინებული ბავშვების საუკეთესო ინტერესები, რადგან ჟურნალისტმა ბავშვებს სთხოვა იმ ფაქტების გახსენება, რომლებიც შეეხებოდა ჩვილის სავარაუდო მკვლელობას და რომლის გახსენებაც უარყოფითად აისახება არასრულწლოვნის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

თავად ქარტიის პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება“. სიუჟეტიდან არ დგინდებოდა არც რესპონდენტი არასრულწლოვნების ასაკი და არც ის გარემოება, რომ ჟურნალისტმა ინტერვიუზე თანხმობა აიღო მათი მშობლისაგან/მეურვისაგან. მეტიც, სახელმძღვანელო წესების თანახმად „მშობლის ან მეურვის თანხმობა არ ათავისუფლებს ჟურნალისტს პასუხისმგებლობისგან, თავად გადაწყვიტოს რამდენად სწორი იქნება ამა თუ იმ საკითხზე ბავშვის კომენტარის ჩაწერა“, იმავე მიდგომას იმეორებს მაუწყებელთა ქცევის კოდექსიც, რომლის თანახმად, ჟურნალისტი ვალდებულია უზრუნველყოს „არასრულწლოვანთა ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სულიერი კეთილდღეობის დაცვა მშობელთა, მზრუნველთა ან მეურვეთა თანხმობის მიუხედავად“.


სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ანა ახალაიამ დაარღვია ქარტიის მე-8 პრინციპი.