09.10.2020
განმცხადებელი : ფემინა;
მოპასუხე : თამარ ბუჩუკური;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი; 7 პრინციპი; 8 პრინციპი; 10 პრინციპი;
07 ივნისი 2020 წელი
საქმე N - 379
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, ნინა ხელაძე, კამილა მამედოვა, მაია მერკვილაძე, ლიკა ზაკაშვილი
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ააიპ "ფემინამ", რომელიც მიიჩნევდა, რომ 2020 წლის 10 მაისს, საინფორმაციო სააგენტო “პრაიმ თაიმის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-3, მე-4, მე-5, მე-7, მე-8 და მე-10 პრინციპები. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა სტატიის ავტორი - თამარ ბუჩუკური.
საქმის განხილვის თავისებურებები
საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იქნა აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით. თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
საქმის განხილვაში მონაწილეობა მიიღო განმცხადებელმა, მოპასუხე ჟურნალისტს განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია და არც საპასუხო პოზიცია წარმოუდგენია.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის პირველი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“. სადავო სტატია ეხებოდა დედა ბარბარეს ოჯახური ტიპის დაწესებულებას, რომელიც, სტატიის თანახმად, თავშესაფარია და სადაც მარტოხელა ორსული დედები მიიყვანეს და ამ ადგილმა „250-ზე მეტი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა“. სტატია ასევე შეიცავს ინტერვიუს დედა ბარბარესთან, ხოლო სტატიის ჰედლაინ ფოტოდ გამოტანილია ამ დაწესებულებაში მყოფი შავკანიანი ბავშვის ფოტო სასულიერო პირ ანდრია ჯაღმაიძესთან ერთად.
განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ სტატია შეიცავდა რიგ არასწორ ინფორმაციას. მაგალითად, სადავო ჟურნალისტური პროდუქტის თანახმად, თავშესაფარში მცხოვრები ბავშვების დედები აბორტის გაკეთებას აპირებდნენ. ამ ინფორმაციის საერთოდ გავრცელების მიზანშეწონილობაზე, ქარტიის საბჭო წინამდებარე გადაწყვეტილებაში ასევე მსჯელობს ქარტიის მე-10 პრინციპის ჭრილში, თუმცა ვინაიდან ინფორმაცია გავრცელდა, იგი საჭიროებდა შესაბამისი წესით გადამოწმებას. განსახილველ შემთხვევაში ინფორმაცია ეყრდნობა მხოლოდ ერთ წყაროს, რაც ლახავს მკითხველის უფლებას, მიიღოს გადამოწმებული და დაბალანსებული ინფორმაცია. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.
მე-3 პრინციპი: „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია“. ქარტიის საბჭო განსახილველ შემთხვევაში მე-3 პრინციპის დარღვევას ვერ ადგენს, ვინაიდან როგორც ფოტოს [სასულიერო პირის, ანდრია ჯაღმაიძის ფეისბუქ-გვერდი], ისე სხვა ინფორმაციის წყარო [ინტერვიუ დედა ბარბარესთან] სახეზეა. ხოლო, აღნიშნული წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაცია რამდენად სწორად და ეთიკურად გამოიყენა ჟურნალისტმა, ამის შესახებ საბჭო ქარტიის სხვა პრინციპების ჭრილში მსჯელობს.
ქარტიის მე-4 პრინციპის მიხედვით, „ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს“. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ მისი ცნობით ჟურნალისტმა ინფორმაცია დედა ბარბარესაგან არაკეთილსინდისიერად მოიპოვა, კერძოდ, ჟურნალისტი მას გაეცნო როგორც სოციალური მუშაკი და დედა ბარბარემ სტატიაში მითითებული ინფორმაცია მისი აღქმით სოციალურ მუშაკს და არა ჟურნალისტს მიაწოდა. განმცხადებელმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები ან სხვა სანდო არგუმენტები, რომელიც აღნიშნულ გარემოებას დაადასტურებდა, შესაბამისად, საბჭოს არა აქვს საფუძველი, დაადგინოს ქარტიის მე-4 პრინციპის დარღვევა.
პრინციპი 5 „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“. მას შემდეგ რაც განმცხადებელმა ქარტიას მომართა, მოპასუხე მედიასაშუალებამ სტატია შეცვალა და ყველა სადავო ნაწილი ამოიღო. ასევე გამოაქვეყნა წერილი, სადაც აღნიშნავდა: „მასალის მომზადების პროცესში დაშვებული იქნა შეცდომა, რომელიც ეწინააღმდეგება ჟურნალისტური ეთიკის ნორმებს. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტს ცალსახად პოზიტიური მიზნები ამოძრავებდა, რესპონდენტთან (დედა ბარბარე) ინტერვიუ შეიცავდა გარკვეულ პერსონალურ ინფორმაციას, რის გამოც რედაქცია ბოდიშს იხდის“.
ქარტიის საბჭო აღნიშნავს, რომ სტატია არ შესწორებულა ეთიკური ჟურნალისტიკის შესაბამისი სტანდარტებით. განცხადებაშიც აქცენტი გაკეთდა მხოლოდ პერსონალურ ინფორმაციაზე და არაფერია ნათქვამი სხვა ეთიკურ დარღვევებზე, შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ დაირღვა ქარტიის მე-5 პრინციპი.
ქარტიის მე-7 პრინციპი: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“.
როდესაც რესპონდენტი ყვება ერთ-ერთი ქალის პირადი ცხოვრების ისტორიას, რომელსაც, ამავე რესპონდენტის პათოსის და აქცენტების მიხედვით, „უიღბლო“ პირადი ცხოვრება ჰქონდა, აქცენტირებული და ხაზგასმულია მისი პარტნიორი მამაკაცების კანის ფერი. ამ განმასხვავებელი ნიშნის გამოკვეთა უარყოფით კონტექსტში დისკრიმინაციულია, კანის ფარი არ განსაზღვრავს ქცევის წესს პარტნიორულ ურთიერთობებში. მართალია ამაზე რესპონდენტი აკეთებს აქცენტს, მაგრამ ჟურნალისტი ვალდებული იყო, გაეთვალისწინებინა მისი პოზიტიური ვალდებულება და ხელი არ შეეწყო დისკრიმინაციის გავრცელებისათვის.
ქარტიის მე-8 პრინციპი: „ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება“.
როგორც აღინიშნა, სტატიაში სრულად იყო იდენტიფიცირებული შავკანიანი არასრულწლოვანი ბავშვი, რომელიც, ამავე სტატიის თანახმად, თავშესაფარში იზრდებოდა. სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში იყო არასრულწლოვან ბავშვთა საერთო ფოტოც, რომლებიც, სავარაუდოდ, თავშესაფრის მკვიდრნი არიან. მეტიც, სტატიაში საუბარია ფოტოზე აღბეჭდილი ბავშვის არასრულწლოვანი ძმის გარდაცვალებაზე, მისი მშობლის [დედის] პირადი ცხოვრების დეტალებზე.
არასრულწლოვნის ინტერესის დარღვევად საბჭო მიიჩნევს ისეთ შემთხვევებს, როცა გავრცელებულმა ინფორმაციამ იმ მომენტში ან მომავალში შესაძლოა, ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს არასრულწლოვანზე. უნდა შეფასდეს, რა დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს ამ ჟურნალისტური პროდუქტის მიმართ არასრულწლოვანს ზრდასრულ ასაკში, მეტიც, ხომ არ არსებობს ალბათობა, რომ ეს სიუჟეტი არა შორეულ, არამედ ახლო მომავალშიც შეუქმნის მას პრობლემებსა და დისკომფორტს, ხომ არ გამოიწვევს არასრულწლოვნის ბულინგს, დისკრიმინაციას ან სტიგმატიზებას. არასრულწლოვნები მათი ასაკიდან გამომდინარე საზოგადოების მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან და მათ შესახებ ან მათთვის მისაწოდებელი ინფორმაცია განსაკუთრებული სიფრთხილით შერჩევას მოითხოვს, რათა ჟურნალისტურმა პროდუქტმა არ შელახოს არასრულწლოვანთა ინტერესები ან მათი მომავლისათვის შექმნას საფრთხე.
ქარტიის საბჭო ასევე განსაკუთრებული ყურადღებით აფასებს, რამდენად გააზრებული აქვს ჟურნალისტს ის შედეგი, რაც მასალის გამოქვეყნებას შეიძლება მოჰყვეს და ხომ არ შეექმნება საფრთხე არასრულწლოვანს.
განსახილველ შემთხვევაში ქარტიის საბჭო მიიჩნევს რომ ჟურნალისტის მიერ სრულად მოხდა არასრულწლოვანთა ინტერესების უგულვებელყოფა, კერძოდ მკითხველისთვის ცნობილი გახდა, რომ იდენტიფიცირებული ბავშვები თავშესაფარში ცხოვრობენ, ასევე აუდიტორიას მიეწოდება ინფორმაცია, რომ თითქოს მათი დედები აბორტის გაკეთებას აპირებდნენ, ერთ-ერთი არასრულწლოვანის ოჯახური მდგომარეობის შესახებ კიდევ უფრო მეტი ნეგატიური ინფორმაცია არის გავრცელებული [იხ. ზემოთ]. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის მე-8 პრინციპი.
ქარტიის მე-10 პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი“. სადავო სტატიაში უცვლელი სახით არის გადმოცემული რესპონდენტის მიერ მოწოდებული, გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომელიც ეხება სხვა პირთა პირად ცხოვრებას [მარტოხელა ორსული დედები, დედები აბორტის გაკეთებას აპირებდნენ და ა.შ.]. ქარტიის საბჭოს პრაქტიკის თანახმად, პირის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს საჯარო, თუ ეს ინფორმაცია ემსახურება საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს.
საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი შეფასების საგანია. „ინტერესი“ არ ნიშნავს რომელიმე პირის სუბიექტურ სურვილს, რომ იცოდეს სხვა პირის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია, არამედ ობიექტურად უნდა დადგინდეს, რამდენად იყო საზოგადოებისათვის აუცილებელი პირადი ცხოვრების შესახებ დეტალების ცოდნა.
განსახილველ შემთხვევაში საბჭო მიიჩნევს, რომ სტატიაში, მით უფრო გადაუმოწმებელი პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მიმართ არ არსებობდა ობიექტური და განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი, არ აწვდიდა მკითხველს ისეთ ინფორმაციას, რომელიც საჭირო იყო ამბის სრულად და ყოველმხრივ აღსაქმელად. შესაბამისად, დაირღვა ქარტიის მე-10 პრინციპი.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
- თამარ ბუჩუკურმა დაარღვია ქარტიის 1, მე-5, მე-7, მე-8 და მე-10 პრინციპი.
- თამარ ბუჩუკურს არ დაურღვევია ქარტიის მე-3 და მე-4 პრინციპი.