გადაწყვეტილებების ძიება

მაია გელაშვილი და ნუცა მაზანაშვილი გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ
06.12.2020

განმცხადებელი : მაია გელაშვილი და ნუცა მაზანაშვილი;
მოპასუხე : გიორგი გაბუნია;
დარღვეული პრინციპები : 7 პრინციპი;

12 ივლისი 2020 წელი

საქმე N - 383

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: გელა მთივლიშვილი, ზვიად ქორიძე, ლიკა ზაკაშვილი, მაია მერკვილაძე, კამილა მამედოვა 


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართეს მაია გელაშვილმა და ნუცა მაზანაშვილმა. მათი პოზიციით, 2020 წლის 17 მაისს, ტელეკომპანია „მთავარის“ გადაცემაში, „პოსტ ფაქტუმში“ , წამყვანმა გიორგი გაბუნიამ დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი.

საქმის განხილვის თავისებურებები

ქარტიის საბჭოს საქმის წარმოების წესის 4.4 პუნქტის თანახმად „გამონაკლის შემთხვევებში, თუ საბჭო თვლის რომ წარმოდგენილი განცხადება და სადავო ჟურნალისტური პროდუქტი საკმარისია გადაწყვეტილების მისაღებად, შესაძლებელია გადაწყვეტილება მიღებული იქნას მხარეთა მონაწილეობის გარეშე, მათ შორის მხარეთაგან დამატებითი ინფორმაციის/განმარტების გამოთხოვის გარეშე“. განცხადება საბჭომ განიხილა აღნიშნული გამონაკლისის ფარგლებში, ვინაიდან ჩათვალა, რომ წარმოდგენილი განცხადება და სადავო ჟურნალისტური პროდუქტი საკმარისი იყო გადაწყვეტილების მისაღებად.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის მე-7 პრინციპი „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“.

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ ქარტიის მე-7 პრინციპი დაარღვია თავის მონოლოგში, რომელიც იყო კრიტიკა ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის მიმართ. აღნიშნული პარტიის და მისი თავმჯდომარის კრიტიკის დროს გიორგი გაბუნიამ გამოიყენა სხვადასხვა ანალოგია, მათ შორის მშობიარობის პროცესი და მისი თანმდევი მოვლენები.

წამყვანი ასევე ხმარობს სიტყვას „ბერწი“, როცა მეტაფორულად აფასებს ქართული ოცნების საქმიანობას - “ბავშვი იქ არ არის, “ქართულ ოცნებას” ცრუ ორსულობა სჭირს, თან უკვე მერამდენედ. რაც სულაც არ არის გასაკვირი, ბერწი ადამიანის დაფეხმძიმება შეუძლებელია და რამდენიც არ უნდა ეძახო, შობე, დარეჯან, შობე, მაინც ვერაფერს გააჩენს”, „უნაყოფო ოცნების [პარტია ქართული ოცნება] ადგილი ჩვენს ქვეყანაში აღარ არის“ „დროა იმასთან დავიჭიროთ ურთიერთობა, ვინც შთამომავლობას დაგვიტოვეს“.

პოლიტიკური პარტიის უპერსპექტივობის შეფასება სიტყვით „ბერწი“, რომ „უნაყოფო პარტიის“ ადგილი არ არის ქვეყანაში იწვევს იმ ქალთა სტიგმატიზებას და დისკრიმინაციას, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ასევე აძლიერებს სტიგმას, რომ ქალის მთავარი დანიშნულება არის რეპროდუქციული ბიოლოგიური ფუნქციის განხორციელება, რომ სხვა შემთხვევაში მათი არსებობა შეიძლება „უადგილოდ“ შეფასდეს, ანუ გიორგი გაბუნიამ რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრობლემა ოპონენტთა დისკრედიტაციის მიზნით გამოიყენება, რაც ცალსახად წარმოადგენს ქარტიის მე-7 პრინციპის დარღვევას, დისკრიმინაციის.

გიორგი გაბუნია მონოლოგში აგრძელებს პარტია ქართული ოცნების და შესაბამისად ხელისუფლების კრიტიკას, და უკვე გაუპატიურებას იყენებს ანალოგიის სახით. „ჩვენ უკვე გაუპატიურებული ხელისუფლება გვყავს, ოღონდ, როგორც ჩანს, მათ პოპულარული რჩევა გაითვალისწინეს, რომ ხედავენ რომ გაუპატიურება არ აცდებათ, ამიტომ უკვე მოეშვნენ და პროცესისგან მემგონი სიამოვნებასაც კი იღებენ, არ იღელვოთ, ქართულ ოცნებას მივმართავ, სიამოვნება არ მოგაკლდებათ, მთავარი გაუპატიურება ჯერ კიდევ წინ გაქვთ“

საბჭო იზიარებს განმცხადებლის არგუმენტაციას რომ „მოცემული გამონათქვამი ამძაფრებს საზოგადოების ქვეცნობიერში ფესვგადგმულ სტერეოტიპებს გაუპატიურების მსხვერპლი ქალების შესახებ. აუბრალოებს, ტრივიალურს ხდის გაუპატიურების თემას და ახდენს გაუპატიურების მსხვერპლი ქალების დესენტიზაციას და რევიქტიმიზაციას“. დამატებით საბჭო აღნიშნავს, რომ სექსუალური ძალადობის აქტს არ შეიძლება რაიმე სახის პოზიტიური ასპექტი ჰქონდეს. მათ შორის, თუნდაც ირონიულად. გაუპატიურების შეფასება როგორც „სიამოვნების მიღება“ წარმოადგენს სექსუალური ძალადობის მსხვერპლის მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:


  1. გიორგი გაბუნიამ დარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი.