გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ანი მეზურნიშვილი და ორგანიზაცია „ფემინა“ მაია ასათიანის წინააღმდეგ
06.12.2020

განმცხადებელი : ანი მეზურნიშვილი, ორგანიზაცია „ფემინა“;
მოპასუხე : მაია ასათიანი;
დარღვეული პრინციპები : 7 პრინციპი;

07 ივლისი 2020 წელი საქმე N - 391, 392 

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: კამილა მამედოვა, ირმა ზოიძე, მაია მერკვილაძე, ლიკა ზაკაშვილი, გელა მთივლიშვილი, ზვიად ქორიძე 


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებებით [N 391, 392] მომართეს ანი მეზურნიშვილმა და ორგანიზაცია „ფემინამ“. ორივე განცხადება შეეხებოდა 2020 წლის 11 ივნისს, ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის ეთერში, გადაცემა „პროფილში“ გასულ სიუჟეტს. განმცხადებლების აზრით, სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში დარღვეული იყო ქარტიის მე-7 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა გადაცემა “პროფილის” წამყვანი, მაია ასათიანი.

საქმის განხილვის თავისებურებები

საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იყო აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის მე-7 პრინციპი “ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.

სადავო სიუჟეტი ეხებოდა რამაზ ნოზაძის და ხატია სიჭინავას ოჯახში შვილის [ბიჭის] დაბადებას. განმცხადებლები მიიჩნევდნენ რომ გადაცემაში მოხდა გენდერული დისბალანსის შესახებ სტიგმის გაძლიერება და მამაკაცის პირველხარისხოვანი მნიშვნელობის ხაზგასმა ქალთან შედარებით.

როგორც სიუჟეტიდან ვიგებთ, რამაზ ნოზაძეს და ხატია სიჭინავას ჰყვათ 3 გოგო შვილი და მეოთხე შვილად დაიბადა ბიჭი. სიუჟეტი იწყება კადრით, სადაც სამივე და მუხლებზე დაჩოქილი „თაყვანს სცემს“ ახლად დაბადებულ მათ ძმას, [სცენა შესაბამისი მუსიკალური გაფორმებით ასოციაციას იწვევს ანიმაციური ფილმის „მეფე ლომის“ ეპიზოდთან, სადაც ყველა თაყვანს სცემს ახლად დაბადებულ მემკვიდრეს]. შემდგომ მთელ გადაცემაში, რესპონდენტების მიერ აქცენტირება ხდება იმაზე რომ ნებისმიერი ოჯახის, მშობლების უპირველესი მიზანი უნდა იყოს ის, რომ ჰყავდეთ ბიჭი შვილი. რამაზ ნოზაძე - „იმ ხალხს ვეტყვი, ვისაც გოგოები ჰყავს, რომ არ მოდუნდნენ“ [კონტექსტი - ბიჭი შვილი არის მთავარი მიზანი], „ტვინი შემიჭამეს, გოგოები, გოგოები, აჰა ეხლა რაღას იტყვიან“, რამაზ ნოზაძე ხაზს უსვამს, რომ ცოლს ექოსკოპიაზე არ ახლდა, ვინაიდან არ სჯეროდა რომ მათი მეოთხე შვილი ბიჭი იქნებოდა, რომ სხვანაირი შეგრძნება აქვს ბიჭის მიმართ. ბავშვების ბებია ასევე ხაზს უსვამს ბიჭი შვილის ყოლის აუცილებლობას - „ვაჟკაცს უნდა ყავდეს ვაჟკაცი“, ხოლო დედა აღნიშნავს, რომ ბიჭის გაჩენით „ლელო დადო“.

გაეროს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სააგენტოს UNFPA 2015 წლის კვლევის თანახმად სოციალური ნორმები და პრენატალური გენდერული დისკრიმინაცია [ვაჟების მნიშვნელობა, ოჯახების მოლოდინი, მემკვიდრეობა] ხელს უწყობს შვილი გოგოების დისკრიმინაციას და სელექციურ აბორტებს, იმავე ორგანიზაციის 2019 წლის კვლევის თანახმად, საქართველოს საზოგადოებაში კვლავ ანიჭებენ უპირატესობას ვაჟებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სიუჟეტის მთელი ლაიტ-მოტივი, რომელიც ხაზს უსვამს ბიჭი შვილის აღმატებულებას გოგო შვილებთან შედარებით, ხელს უწყობს საზოგადებაში უკვე არსებული სტერეოტიპების და სტიგმის გაძლიერებას, ასევე დისკრიმინაციას სქესის ნიშნით. ჟურნალისტს, რომელმაც მსგავსი პოზიციები მოისმინა და ჩაიწერა, უნდა შეეფასებინა აღნიშნული დისკრიმინაციის საფრთხე და თავი აერიდებინა სიუჟეტის ასეთი სახით მომზადება/გასაჯაროებისაგან. მსგავსი სტერეოტიპული დამოკიდებულება ჯაჭვური რეაქციით თავს იჩენს შემდგომაც და ზრდასრულ ასაკშიც ვაწყდებით სქესის ნიშნით დისკრიმინაციულ, არათანაბარ მოპყრობას ქალების მიმართ. ჟურნალისტის პოზიტიური ვალდებულებაა, რომ ხელი შეუწყოს დისკრიმინაციული პარადიგმების შეცვლას სოციუმში, შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს რომ დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. მაია ასათიანმა დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი.