06.12.2020
განმცხადებელი : შპს „რუსთავის ავტობაზრობა“;
მოპასუხე : ტელეკომპანია მთავარის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი;
დარღვეული პრინციპები : არ დარღვეულა;
02 ივლისი 2020 წელი საქმე N - 397
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: კამილა მამედოვა, ლიკა ზაკაშვილი, ნინა ხელაძე, ზვიად ქორიძე, მაია მერკვილაძე
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა შპს რუსთავის ავტობაზრობამ, რომელიც მიიჩნევდა რომ ტელეკომპანია "მთავარი არხის" 2020 წლის 16 ივნისის 12 საათზე, საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტში დაირღვა ქარტიის მე-4 პრინციპი.
საქმის განხილვის თავისებურებები
საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იყო აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
სადავო ჟურნალისტურ პროდუქტზე არ იყო მითითებული კონკრეტული ავტორი ჟურნალისტი. ასეთ შემთხვევაში ქარტიის საქმის წარმოების წესის [პუნქტი 3.4] თანახმად, „თუ შეუძლებელია პასუხისმგებელი პირის მოძიება, ეს არ აფერხებს განცხადების განხილვას და ქარტიის გადაწყვეტილებაში მოპასუხედ მიეთითება არაიდენტიფიცირებული ავტორი/ჟურნალისტი“.
ქარტიის საბჭოს საქმის წარმოების წესის 4.4 პუნქტის თანახმად „გამონაკლის შემთხვევებში, თუ საბჭო თვლის, რომ წარმოდგენილი განცხადება და სადავო ჟურნალისტური პროდუქტი საკმარისია გადაწყვეტილების მისაღებად, შესაძლებელია გადაწყვეტილება მიღებული იქნას მხარეთა მონაწილეობის გარეშე, მათ შორის მხარეთაგან დამატებითი ინფორმაციის/განმარტების გამოთხოვის გარეშე“. საბჭომ საქმე განიხილა აღნიშნული გამონაკლისის ფარგლებში, ვინაიდან ჩათვალა რომ წარმოდგენილი განცხადება და სადავო ჟურნალისტური პროდუქტი საკმარისი იყო გადაწყვეტილების მისაღებად.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის მეოთხე პრინციპი “ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს”.
სადავო სიუჟეტი ეხებოდა შპს "რუსთავის ავტობაზრობის" ტერიტორიაზე ავტომობილების იმპორტიორთა მიერ გამართულ აქციას, რომელსაც ასევე ესწრებოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი დავით კირკიტაძე. აქციის მონაწილეები სხვადასხვა სახის შეღავათებს ითხოვდნენ სახელმწიფოსაგან.
განმცხადებელი მიუთითებდა რომ:
- ტერიტორია, სადაც გაიმართა აქცია, მართალია წარმოადგენს ღია სივრცეს, მაგრამ არის შპს „რუსთავის ავტობაზრობის“ საკუთრება.
- შპს „რუსთავის ავტობაზრობის“ შიდა განაწესის თანახმად, მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე გადაღება დასაშვებია მხოლოდ ბაზრობის ადმინისტრაციის თანხმობით.
- „დაცვის თანამშრომლებმა მთავარი არხის ჟურნალისტი თავიდანვე გააფრთხილეს, რომ ჩვენს ტერიტორიაზე არ მომხდარიყო სიუჟეტის გადაღება და ინტერვიუს ჩაწერა. მიუხედავად გაფრთხილებისა, მათ მაინც განახორციელეს ყველა ის ქმედება, რაზეც გაფრთხილება მიეცათ. ჩვენმა დაცვის თანამშრომლებმა არაერთხელ თხოვეს მათ, რომ დაეტოვებინათ ტერიტორია, მაგრამ მათ არ გაითვალისწინეს ჩვენი მოთხოვნა“.
ქარტიის საბჭოს პრაქტიკით, ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვების მეთოდის კეთილსინდისიერად და სამართლიანად შეფასებისათვის მნიშვნელოვანია, ჯერ დადგინდეს, გამოქვეყნებული ინფორმაციის მიმართ არსებობს თუ არა საზოგადოების ინტერესი და მხოლოდ ამ ინტერესის შეფასების შემდეგ შეიძლება მოხდეს უშუალოდ ინფორმაციის მიღების გზებზე მსჯელობა. განსახილველ შემთხვევაში ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციის მიმართ არსებობდა საზოგადოებრივი ინტერესი და, შესაბამისად, ჟურნალისტს უფლება ჰქონდა გადაეღო. ჟურნალისტური საქმიანობა წარმოადგენს ისეთ საქმიანობას, რომლის ძირითადი დანიშნულება აუდიტორიისათვის იმ ინფორმაციის მიტანაა, რომელიც საზოგადოების ობიექტურ ინტერესს წარმოადგენს და საბოლოოდ ეხმარება ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში. ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება უკონტექსტოდ არ შეიძლება შეიზღუდოს იმ მოტივით, რომ ტერიტორია, სადაც გადაღება/ჟურნალისტური საქმიანობა ხორციელდება სხვა პირის კერძო საკუთრებაა. მით უფრო განსახილველ შემთხვევაში, როცა საუბარია სრულად ღია სივრცეზე [ავტობაზრობაზე], სადაც როგორც წესი მესამე პირთა შესვლის მიმართ არ არსებობს განსაკუთრებული შეზღუდვა. იმ დაშვების შემთხვევაშიც კი, როცა კერძო საკუთრებაში შესვლა გამკაცრებულია, ჟურნალისტური საქმიანობის პროცესში ვიდეო გადაღება არ წარმოადგენს „არაკეთილისინდისიერ“ მეთოდს, თუ ინფორმაციის მიმართ, როგორც აღინიშნა, არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი.
განმცხადებელი ასევე აღნიშნავდა რომ „გადაღება თანხმობის გარეშე შეიძლება განხორციელდეს ნახევრად საჯარო სივრცეებში, მაგრამ მესაკუთრეს შეუძლია გადაღების შეწყვეტა მოითხოვოს. ნახევრად საჯარო სივრცედ მიიჩნევა მაგალითად, სავაჭრო ცენტრი, აეროპორტი, ადგილები, რომელიც კერძო პირს ეკუთვნის, თუმცა ღიაა საზოგადოებისთვის; ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ მივეკუთვნებით ნახევრად საჯარო სივრცეს“ განმცხადებლის მითითებული განმარტება აღებულია ქარტიის სახელმძღვანელო წესიდან „პირადი ცხოვრების გაშუქება - სახელმძღვანელო წესები“ როგორც სათაურიდანვე ჩანს ზემოაღნიშნული არგუმენტაცია ეხება პირადი ცხოვრების გაშუქებას [მე-10 პრინციპი] და არარელევანტურია მე-4 პრინციპის ჭრილში.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
- ტელეკომპანია მთავარის არაიდენტიფიცირებულ ჟურნალისტს არ დაურღვევია ქარტიის მე-4 პრინციპი.