06.12.2020
განმცხადებელი : ორგანიზაცია „ფემინა“;
მოპასუხე : resonancedaily.com არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი;
დარღვეული პრინციპები : 7 პრინციპი; 10 პრინციპი;
02 ივლისი 2020 წელი საქმე N - 399
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: კამილა მამედოვა, ლიკა ზაკაშვილი, ნინა ხელაძე, ზვიად ქორიძე, მაია მერკვილაძე
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ორგანიზაცია ფემინამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ ვებ გვერდ resonancedaily.com-ზე გამოქვეყნებული სტატიით “ვინ არის ანი გაბეჩავა და რატომ შეკრიბა წვეულებაზე უცხო პირები, რასაც დიდი ჩხუბი და შაქარაშვილის დაღუპვა მოჰყვა” დაირღვა ქარტიის მე-4, მე-7 და მე-10 პრინციპები.
საქმის განხილვის თავისებურებები
საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იყო აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
resonancedaily.com-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაზე მითითებული არ იყო ავტორი ჟურნალისტი. საბჭოს სამდივნომ მიმართა მედიასაშუალებას, რომ ეცნობებინა სადავო სტატიაზე პასუხისმგებელი პირი, მაგრამ საბჭოს ეს ინფორმაცია არ მოაწოდეს და ვერ მოხდა კონკრეტული პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება. ასეთ შემთხვევაში ქარტიის საქმის წარმოების წესის [პუნქტი 3.4] თანახმად, „თუ შეუძლებელია პასუხისმგებელი პირის მოძიება, ეს არ აფერხებს განცხადების განხილვას და ქარტიის გადაწყვეტილებაში მოპასუხედ მიეთითება არაიდენტიფიცირებული ავტორი/ჟურნალისტი“.
სამოტივაციო ნაწილი
სადავო სტატია ეხებოდა ანა გაბეჩავას, რომლის დაბადების დღეზე შეკრებილ ახალგაზრდებს შორის დაწყებული კონფლიქტი შემდგომ გაგრძელდა და შედეგად გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალება მოჰყვა.
ქარტიის მე-4 პრინციპი “ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს”. როგორც საქმის განხილვის პროცესში დადგინდა, ფოტოები, რომელიც გამოიყენეს სადავო სტატიაში, მოპოვებული იყო ანი გაბეჩავას პირადი FACEBOOK გვერდიდან. როგორც საბჭომ თავის არა ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, FACEBOOK საჯარო სივრცეა და მასზე განთავსებული ინფორმაცია, მათ შორის ფოტოები, შესაძლებელია, გამოყენებული იქნას მესამე პირების მიერ, შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში არ დარღვეულა ქარტიის მე-4 პრინციპი.
ქარტიის მე-7 პრინციპი „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“.
ქარტიის მე-7 პრინციპი თავის ფორმალურ რედაქციასთან შედარებით ფართოდ არის განმარტებული, კერძოდ, მე-7 პრინციპმა დისკრიმინაციასთან ერთად მოიცვა სიძულვილის ენა და სტიგმის გაძლიერება. შესაბამისად, ჟურნალისტმა ყველა ღონე უნდა იხმაროს, რომ თავიდან აიცილოს დისკრიმინაცია, სიძულვილის ენა და სტიგმის გაძლიერება.
მას შემდეგ, რაც გარდაცვლილი იპოვეს ახალგაზრდა გიორგი შაქარაშვილი, ამ ამბის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. მათ შორის დადასტურებული ფაქტი იყო, რომ გარდაცვალების დღეს კონფლიქტში მონაწილე პირების ერთი ნაწილი ერთმანეთს ანი გაბეჩავას დაბადების დღეზე შეხვდნენ. მიუხედავად იმისა რომ გამოძიება არც ერთ ნაწილში არ გამოკვეთავს ანი გაბეჩავას ბრალს, საზოგადოების ერთ ნაწილში გაჩნდა უსაფუძვლო პრეტენზიები ანი გაბეჩავას მიმართ, მეტიც, მის მიმართ განხორცილებული ვერბალური ჩაგვრის შედეგად ოჯახმა ანი გაბეჩავას დაცვა მოითხოვა.
ვერბალური ჩაგვრის მთავარი ხაზი იყო რომ თითქოს ანი გაბეჩავას მიერ დაბადების დღის გადახდა, სტუმრების მოწვევა და ა.შ. საფუძველი იყო იმ ტრაგიკული მოვლენისა, რომელსაც მოჰყვა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალება. თავად სტატია, პათოსოთ და აქცენტებით ცდილობს გამოკვეთოს ანი გაბეჩავას „ბრალი“ - „გოგონა, რომლის დაბადების დღეზე დაწყებულ კონფლიქტს 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი შეეწირა, 22 წლის ანი გაბეჩავაა“. სტატია დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებით [„იუბილარმა საკუთარი დაბადების დღის წვეულების ბილეთები უცხო პირებზე გაყიდა, რადგან უფრო მეტი თანატოლი შეეკრიბა და წვეულებაც უფრო მრავალფეროვანი ყოფილიყო“, „სწორედ ასე მოხვდნენ ერთმანეთისთვის უცხო "საბურთალოელი" და "ნახალოვკელი" ახალგაზრდები ერთმანეთის გვერდით“] მკითხველს უქმნის შთაბეჭდილებას რომ კონფლიქტის წინაპირობები თავად ანი გაბეჩავამ შექმნა. საბოლოოდ სტატია გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებით ხელს უწყობს ანა გაბეჩავას მიმართ სიძულვილის გაღვივებას და სიძულვილის ენის გამოყენებას. ასევე ქმნის სტიგმას, რომ მამაკაცებს შორის კონფლიქტის წარმოშობაში დამნაშავეა ქალი.
ქარტიის მე-10 პრინციპი „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.“ საზოგადოებრივი ინტერესი შეფასების საგანია. „ინტერესი“ არ ნიშნავს რომელიმე პირის სუბიექტურ სურვილს, რომ იცოდეს სხვა პირის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია, არამედ უნდა დადგინდეს, რამდენად იყო საზოგადოების ობიექტური ინტერესი. როგორც მე-7 პრინციპის ჭრილში აღინიშნა, გამოძიება არც ერთ ნაწილში არ გამოკვეთს ანი გაბეჩავას ბრალს. სტატიაში საუბარია გადაუმოწმებელ ფაქტებზე, რომელთაც არა აქვთ არავითარი ობიექტური ღირებულება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტზე სიმართლის დადგენისათვის. დაბადების დღის გადახდა და სტუმრების, მათ შორის ერთმანეთისათვის უცხო პირების მოწვევა არ წარმოდგენს ანტისოციალურ ქმედებას და არ შეიძლება ჩაითვალოს როგორც დანაშაულის ჩადენის წინაპირობა. ეს ინფორმაცია არ იძლევა პასუხს არც ერთ იმ კითხვაზე, რომელიც არსებითად და ობიექტურად მნიშვნელოვანია საზოგადოებისათვის. შესაბამისად საბჭო მიიჩნევს, რომ სტატიაში მითითებული ინფორმაციის გავრცელებით დაირღვა ქარტიის მე-10 პრინციპი.
საბჭო ასევე იმსჯელებს იმ გარემოებაზე, რომ თავად სადავო სტატიაში წყაროდ მითითებულია სხვა მედია საშუალება - „2020 ნიუსი“. ქარტიის საბჭომ აღნიშნავს, რომ ერთი მედია საშუალების მიერ, სხვა მედია საშუალებაზე, როგორც წყაროზე მითითება არ ათავისუფლებს გამავრცელებელს სარედაქციო პასუხისმგებლობისაგან. უცვლელი სახით მასალის გადმოტანით, ისე რომ უგულვებელყო ჟურნალისტის ეთიკური ვალდებულებები resonancedaily-მა, როგორც გამავრცელებელმა მედია საშუალებამ, დაარღვია ქარტიის პრინციპები.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
- resonancedaily.com არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის მე-7 და მე-10 პრინციპი.
- resonancedaily.com არაიდენტიფიცირებულ ჟურნალისტს არ დაურღვევია ქარტიის მე-4 პრინციპი.