30.01.2021
09 იანვარი 2021 წელი
საქმე N - 396
საბჭოს თავმჯდომარე: კამილა მამედოვა
საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, სოფო ჟღენტი, ნანა ბიგანიშვილი, ნინო ჯაფიაშვილი, ირმა ზოიძე, გულო კოხოძე.
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ლია არჩვაძემ, რომელიც მიიჩნევდა რომ ტელეკომპანია Argotv ეთერში, 2020 წლის 18 ივნისს გასულ სიუჟეტში „რა პრეტენზიებია ზესტაფონის მერიის საკონკურსო კომისიის მისამართით“ დაირღვა ქარტიის პირველი, მე-3 და მე-11 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა სიუჟეტის ავტორი ვერა ჩუბინიძე.
საქმის განხილვის თავისებურებები
საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იყო აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
საქმის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს როგორც განმცხადებელმა, ისე მოპასუხე ჟურნალისტმა.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის პირველი პრინციპი: “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.
სიუჟეტი ეხებოდა კონკურსანტ კახა შავგულიძის პრეტენზიებს ზესტაფონის მერიის საკონკურსო კომისიის მიმართ. სიუჟეტი იწყება კახა შავგულიძის ინტერვიუთი, რომელიც აცხადებდა რომ კომისიის წევრებს გამიზნული შეკითხვები ჰქონდათ სასურველი კანდიდატისათვის „ასპარეზის მოსასუფთავებლად“, ამასათან ისინი იყვნენ არა კორექტულები. კახა შავგულიძის პრეტენზიები აქცენტირებული იყო კომისიის წევრ ლია არჩვაძის მიმართ, რომ იგი კონკურსს ესწრებოდა „ამოწერილი კითხვებით, ამოწერილი პასუხებით“, რომ ლია არჩვაძეს „განათლება არა აქვს“, რომ იყო აგრესიული და სურდა რომ სხვა კანდიდატს, გვენეტაძეს, გაემარჯვა.
აღნიშნულ ინტერვიუს მოსდევს ლია არჩვაძის კომენტარი, სადაც იგი ზოგადად საუბრობს კონკურსზე და აცხადებს, რო მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა პრეტენზიები კომისიის მისამართით, ის ჩატარდა ობიექტურად, გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად.
ორივე მხარის გამოკითხვის შედეგად საბჭოს მიერ დადგინდა, რომ ჟურნალისტმა ზოგადად იცოდა, რომ კონკურისის დასრულების შემდეგ იყო პრეტენზიები და კითხვები საკონკურსო კომისიის მიმართ და მან ჯერ კომენტარისათვის მიმართა ზესტაფონის მერიის წარმომადგენელს, ლია არჩვაძეს. მასთან ინტერვიუს შემდეგ დაუკავშირდა უკვე კახა შავგულიძეს და რაც ყველაზე ყურადსაღებია, კახა შავგულიძესთან გასაუბრების შემდეგ ჟურნალისტი აღარ დაკავშირებია ლია არჩვაძეს, რათა ამ უკანასკნელს პოზიცია დაეფიქსირებია მის მიმართ გაჟღერებულ კონკრეტულ ბრალდებებზე კახა შავგულიძის მხრიდან.
ქარტიის საბჭო მიიჩნევს რომ ადგილი ჰქონდა ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევას. სიუჟეტი ისე იყო აგებული, რომ თითქოს ჯერ კახა შავგულიძე პრეტენზიებს გამოთქვამს უშუალოდ ლია არჩვაძის მიმართ, ამის შემდეგ კი ლია არჩვაძე მხოლოდ ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა და არ გასცა პასუხი ბრალდებებს. სინამდვილეში კი გარემოებები იყო პირიქით, ლია არჩვაძემ არ იცოდა რომ კახა შავგულიძე კითხვებს სვამდა უშუალოდ მის განათლებასთან და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, შესაბამისად ლია არჩვაძეს არ მისცემია საშუალება პასუხი გაეცა ბრალდებებზე. საბჭოს კითხვაზე, თუ რატომ აღარ დაუკავშირდა ჟურნალისტი ლია არჩვაძეს მას შემდეგ რაც კახა შავგულიძეს ჩამოართვა ინტერვიუ, ჟურნალისტმა აღნიშნა რომ იგი იყო „ცაიტნოტში“ და ვეღარ მოასწრო. ქარტიის საბჭო აღნიშნავს რომ ეს არ არის იმის გამამართლებელი არგუმენტი, რომ ჟურნალისტმა მაყურებელს დაუბალანსებელი ინფორმაცია მიაწოდა, მას შემდეგ რაც ჟურნალისტისათვის ცხადი გახდა რომ კონკრეტული ბრალდებები ისმოდა ლია არჩვაძის მიმართ იგი უნდა დაკავშირებოდა ლია არჩვაძეს და საშუალება მიეცა რომ პოზიცია დაეფიქსირებინა. ამის საწინააღმდეგოდ, ჟურნალისტმა ისე შესთავაზა მაყურებელს სიუჟეტი რომ თითქოს ლია არჩვაძე არ პასუხობს კონკრეტულ პრეტენზიებს და მხოლოდ ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა. ჟურნალისტის აღნიშნული ქმედება/ქმედების არ განხორცილება წარმოადგენს უპატივცემულობას საზოგადოების უფლებისათვის, რომ მიიღოს რაც შეიძლება ზუსტი და ყველა მხარის პოზიციის ამსახველი ინფორმაცია.
ქარტიის მე-3 პრინციპი “ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია”. ქარტიის საბჭო არ თვლის რომ დაირღვა ქარტიის მე-3 პრინციპი. ლია არჩვაძის მიმართ პრეტენზიებს ნამდვილად ჰყავდა წყარო - კახა შავგულიძე.
ქარტიის მე-11 პრინციპი „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“. მე-11 პრინციპთან დაკავშირებით განმცხადებელმა ვერ მიუთითა მოტივზე რომელიც შეიძლება ჰქონოდა ჟურნალისტს რომ მაყურებლისათვის განზრახ დაუბალანსებელი ინფორმაცია მიეწოდებინა და მე-11 პრინციპის არგუმენტად მიუთითა იგივე, რის საფუძველზეც დადგინდა პირველი პრინციპის დარღვევა. საბჭო აღნიშნავს რომ არასწორი/დაუბალანსებელი ინფორმაციის გავრცელება ავტომატურად არ ნიშნავს განზრახვას. აღნიშნულ შემთხვევაში სახეზე იყო არა განზრახვა, არამედ ჟურნალისტმა ბოლომდე არ შეასრულა ეთიკური ვალდებულებები, დამატებით არ დაუკავშირდა ლია არჩვაძეს, რამაც გამოიწვია მხოლოდ პირველი პრინციპის დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
- ვერა ჩუბინიძემ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
- ვერა ჩუბინიძეს არ დაურღვევია ქარტიის მე-3 და მე-11 პრინციპები.