გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტი, გვანცა გოგსაძე, კესო ქარდავა და მარიამ ქრისტესიაშვილი ვახო სანაიას წინააღმდეგ
30.01.2021

განმცხადებელი : საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი, გვანცა გოგსაძე, კესო ქარდავა და მარიამ ქრისტესიაშვილი;
მოპასუხე : ვახო სანაია;
დარღვეული პრინციპები : 7 პრინციპი;

09 იანვარი 2021 წელი

საქმე N - 442, 443

თავმჯდომარე: კამილა მამედოვა

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, სოფო ჟღენტი, ნანა ბიგანიშვილი, ნინო ჯაფიაშვილი, ირმა ზოიძე, გულო კოხოძე.


აღწერილობითი ნაწილი



საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებებით მომართეს საქართველოს პარალიმპიურმა კომიტეტმა [განცხადება N 442] და გვანცა გოგსაძემ, კესო ქარდავამ და მარიამ ქრისტესიაშვილმა [განცხადება N 443]. განცხადებების თანახმად, ქარტიის მე-7 პრინციპი დაირღვა 2020 წლის 13 ნოემბერს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ გადაცემაში „პოლიტმეტრი“.

ვინაიდან ორივე განცხადება ეხებოდა ერთი და იმავე სიუჟეტს, საბჭომ მიიღო ერთი, შემაჯამებელი გადაწყვეტილება.

საქმის განხილვაში მონაწილეობდნენ განმცხადებლები, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტმა საკუთარი პოზიცია სხვადასხვა სახის მტკიცებულებების სახით მიაწოდა საბჭოს.

საქმის განხილვის თავისებურებები

საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იყო აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის მეშვიდე პრინციპი “ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.

სადავო გადაცემა ეხებოდა საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მარცხს უეფას ერთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში 2020 წლის 12 ნოემბერს. წამყვანს, ვახო სანაიას გადაცემის სტუმრები სტუდიაში ყავდა მოწვეული. ერთმა მათგანმა, გიორგი ჯანელიძემ, ნაკრების გამოსვლის შესაფასებლად ასეთი შედარება გამოიყენა: „მაკედონიას უნდა მოეგო წესით, ამ „დ“ ჯგუფში ეს ფორმატი რაც მოიგონა უეფამ ჩვენთვის სასარგებლო იყო, მაგრამ დაახლოებით გავს ოლიმპიადაზე რომ დაამატო პარაოლიმპიელი. ამ „დ“ ჯგუფის გამარჯვებულის დამატება იქ ევროპის ჩემპიონატზე და როგორც, აგერ იქნება გაისად და ნახავთ რას მიაღწევს იქ ეს მაკედონია, ხომ ეჭვი არ გეპარებათ, რომ ... რეალურად ამ „დ“ ჯგუფში ამ პარაოლიმპიელები უხეშად რომ ვთქვათ, 16 გუნდი ხომ იყო, ძირითად გუნდებში ერთი ფეხბურთელიც არ იყო ისეთი კაი ლიგაში რომ თამაშობს, კაი გუნდში, მათ შორის ჩვენც არ გვყავდა ეგ..“. რესპონდენტის, გიორგი ჯანელიძის დისკრიმინაციული შედარება წამყვანს, ვახო სანაიას, კრიტიკულად არ შეუფასებია და ისე გააგრძელა საუბარი.

საბჭომ განცხადება გადაუგზავნა ვახოს სანაიას. ჟურნალისტმა საბჭოს აცნობა რომ სადავო გადაცემის შემდეგ, პირველივე გადაცემაში მან ბოდიში მოუხადა პარალიმპიელებს ზემოაღნიშნული შედარებისათვის, ასევე იგივე გაიმეორა FACEBOOK-ში, პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, რატი იონათამიშვილი გვერდზე მიმდინარე დისკუსიის დროს.

ვინაიდან ვახო სანაიამ აღიარა რომ გადაცემაში გამოთქმული მოსაზრება დისკრიმინაციული ხასიათის იყო, საბჭომ განმცხადებლებს შესთავაზა საქმის მედიაციით დასრულება. განმცხადებელთა აზრით, მათთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ფაქტზე ქარტიის საბჭოს ემსჯელა და უარი განაცხადეს მედიაციაზე. ასევე ხაზი გაუსვეს, რომ, მათი დაკვირვებით, ვახო სანაიამ მხოლოდ მას შემდეგ გააცნობიერა შედარების არაკორექტულობა, რაც სხვადასხვა პირმა, მათ შორის პარალიმპიელებმა, საჯაროდ გამოხატეს უკმაყოფილება.

განმცხადებლები მიიჩნევდნენ, რომ რესპონდენტის მიერ გამოყენებული შედარება იყო დისკრიმინაციული ხასიათის:


“გიორგი ჯანელიძის მიერ ტელევიზიის საშუალებით გაჟღერებული ზემოთ ხსენებული სიტყვები არის დისკრიმინაციული ხასიათის. ვინაიდან მან პარალიმპიელები, რომლებიც არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, შეადარა დაბალი კვალიფიკაციის ფეხბურთელებს, ამით კი მათი უნარების სისუსტეზე, გნებავთ, სიმცირეზე გააკეთა აქცენტი. შეზღუდული შესაძლებლობები ადამიანის სრულფასოვანი ცხოვრების მრავალმხრივ შეზღუდვას იწვევს, თუმცა ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ შშმ პირები უუნარონი არიან და არ შეუძლით განათლების მიღება, სხვადასხვა, მათ შორის, სპორტულ აქტივობებში ჩართვა, დასაქმება და სხვებისთვის კონკურენციის გაწევა”.

“საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები საზოგადოების მხრიდან ყოველდღიურად აწყდებიან სტიგმატიზაციებს. საქართველოში თანაგრძნობის ხარისხი საკმაოდ დაბალია. დღემდე წარსულიდან გადმოყოლილ ნაშთებს ვებრძვით, რომელიც ღრმად არის გამჯდარი ჩვენს რეალობაში. საზოგადოების დამოკიდებულებების შეცვლა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ რთული პროცესია და მრავალი ფაქტორის ზეგავლენას განიცდის. დამოკიდებულებას კონკრეტულ მოვლენასთან დაკავშირებით შეუძლია სასიკეთოდ შეცვალოს არსებული მდგომარეობა. მეორე მხრივ, სოციუმს თავისი არასწორი ქმედებით ან სრული უმოქმედობით შეუძლია არსებული რეალობის უფრო მეტად გართულება და, შესაბამისად, უარყოფითი შედეგების გამოწვევა. მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან მიდგომების ცვლილებისა დღეს საქართველოში განსხვავებულობა მაინც პრობლემად აღიქმება, რაც ნათლად ვლინდება სხვადასხვა უმცირესობისადმი დამოკიდებულებაში. ამ ფონზე, ტელევიზიით ისეთი სახის განცხადებების გაშუქება, რომელიც შშმ პირების დისკრიმინირებად აღიქმება, კიდევ უფრო ამძიმებს სტატუს კვოს და პრობლემის არა თუ აღმოფხვრის, არამედ მისი გამწვავებისკენ გადადგმული ნაბიჯია, ვინაიდან მედიას აქვს განსაკუთრებული როლი საზოგადოებაში სხვადასხვა საკითხისა თუ სოციალური ჯგუფის მიმართ განწყობების ჩამოყალიბებაში. სწორედ ამიტომ, მას ეკისრება მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, არ გაამძაფროს დისკრიმინაცია და არ წაახალისოს სიძულვილის ენა”.


ქარტიის საბჭო იზიარებს განმცხადებელთა შეფასებებს და აღნიშნავს, რომ გადაცემაში, რესპონდენტის მიერ ფეხბურთში ეროვნული ნაკრების პარალიმპელებთან შედარება გამოყენებული იყო სისუსტის, შეუსაბამობის, უუნარობის საილუსტრაციოდ. ცალსახაა რომ მსგავსი სახის შედარება დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს.

საბჭომ თავის რამდენიმე გადაწყვეტილებაში აღნიშნა: „პირდაპირ ეთერში მოწვეული სტუმრის მიერ გაკეთებულ დისკრიმინაციულ განცხადებებს ჟურნალისტი პირდაპირ ეთერშივე უნდა გაემიჯნოს და დაუპირისპირდეს“. განსახილველ შემთხვევაში წამყვანს/ჟურნალისტს ასეთი რეაგირება არ ჰქონია და ამით დაარღვია ჟურნალისტის პოზიტიური ვალდებულება, რომ თავიდან აიცილოს დისკრიმინაცია და ხელი არ შეუწყოს მათ გავრცელებას. მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ არ გაამძაფროს დისკრიმინაცია, არამედ საზოგადოებაში არსებული ირაციონალური შიშების და სტიგმის წინააღმდეგ პროაქტიული ქმედებები განახორციელოს. საბჭო მიიჩნევს, რომ ვახო სანაიამ დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე: 

  1. ვახო სანაიამ დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი.