გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) მაია ასათიანის წინააღმდეგ
31.01.2021

განმცხადებელი : ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG);
მოპასუხე : მაია ასათიანი;
დარღვეული პრინციპები : 7 პრინციპი;

13 დეკემბერი 2020 წელი

საქმე N - 436 

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, კამილა მამედოვა, ლიკა ზაკაშვილი, მაია მერკვილაძე, ნინა ხელაძე. 


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა, რომელიც მიიჩნევდა რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ის ეთერში, 2020 წლის 22 ოქტომბერს გასულ გადაცემაში „პროფილი“, დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა - მაია ასათიანი.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება მიღებულია საბჭოს წევრების მიერ პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.

ქარტის საბჭოს საქმის წარმოების წესის 4.4 პუნქტის თანახმად „გამონაკლის შემთხვევებში, თუ საბჭო თვლის რომ წარმოდგენილი განცხადება და სადავო ჟურნალისტური პროდუქტი საკმარისია გადაწყვეტილების მისაღებად, შესაძლებელია გადაწყვეტილება მიღებული იქნას მხარეთა მონაწილეობის გარეშე, მათ შორის მხარეთაგან დამატებითი ინფორმაციის/განმარტების გამოთხოვის გარეშე“. განცხადება საბჭოს მიერ განხილული იქნა აღნიშნული გამონაკლისის ფარგლებში, ვინაიდან ჩათვალა რომ წარმოდგენილი განცხადება და სადავო ჟურნალისტური პროდუქტი საკმარისი იყო გადაწყვეტილების მისაღებად.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის მე-7 პრინციპი “ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”. გადაცემა პროფილში მაია ასათიანს სტუმრად ჰყავდა ია ფარულავა. ერთ ეპიზოდში ია ფარულავა ამბობს, რომ მისმა ძმებმა ბიჭივით აღზარდეს და მას შეუძლია „ფეხზე დამდგარმა ფისი გავაკეთო“, რაზეც წამყვანი პასუხობს, „ტრანსი ხომ არ ხარ“, ხოლო ამ რეპლიკის შემდეგ ია ფარულავა წამყვანს სთავაზობს მისი გენიტალიების შემოწმებას. სწორედ ამ რეპლიკასთან დაკავშირებით ჰქონდა პრეტენზიები განმცხადებელს და მიიჩნევდა ქარტიის მე-7 პრინციპს დარღვეულად.

განმცხადებელმა თავისი არგუმენტაცია 3 ძირითად ჯგუფად წარმოადგინა:

ტრანსი ქალების ობიექტივაცია, ეგზოტიზაცია და სტერეოტიპიზაცია. ჟურნალისტის მიერ რესპონდენტისთვის დასმული შეკითხვა „ტრანსი ხომ არ ხარ?!“ წარმოადგენს ტრანსი ქალების ობიექტივაციას, რადგან ჟურნალისტი აღნიშნულით ცდილობს მაყურებლის ყურადღება მიაპყროს მხოლოდ და მხოლოდ ქალის გენიტალიებს და გენდერულ ქცევას [კონკრეტულად, მოშარდვას]. ამით ის ცდილობს ხაზი გაუსვას ტრანსი ქალის განსხვავებას ცისგენდერი ქალისგან და ამკვიდრებს სტერეოტიპს, რომ ტრანსი ქალი აუცილებლად მამრობითი გენიტალიების მატარებელია და მისი ქცევა შეესაბამება მამაკაცის ქცევას. აღნიშნულით ჟურნალისტი ტრანსი ადამიანების და განსაკუთრებით ქალების მიმართ აღვივებს სტერეოტიპს, რომ ისინი არ არიან სრულფასოვანი ქალები, რადგან მათ შესაძლოა გააჩნდეთ მამრობითი სქესის ნიშნები ან/და მათი ქცევა შესაძლოა იყოს მასკულინური. აგრეთვე, გენიტალიებზე მითითებით, ჟურნალისტი გამორიცხავს ტრანსი ადამიანების ე.წ. „პოსტ-ოპერაციულ“ მდგომარეობას, რაც გულისხმობს სოციალური როლის და იმიჯის ცვლილებასთან ერთად ქირურგიულ ტრანზიციას, მათ შორის გენიტალიების ქირურგიას გენდერული იდენტობის შესაბამისად.

ტრანსი ქალების სხეულის გამო შერცხვენა [body shaming] და მისი გავლენა. სადავო მასალაში ჟურნალისტი ცდილობს ერთგვარად გააშარჟოს ტრანსი ადამიანის სხეული. იგი აღნიშნულ საკითხზე საუბრობს ირონიით და რესპონდენტთან ერთად იცინის ამაზე, შესაბამისად, მაყურებელსაც აღნიშნულისკენ უბიძგებს. ადამიანის გენდერი არის მისი სოციალური როლი, ეს არის მდგომარეობა როგორც იგი აღიქვამს საკუთარ თავს სოციუმში და ირგებს ქალის, მამაკაცის, არცერთი მათგანის ან ორივე მათგანის როლს. გენდერი შესაძლოა ემთხვეოდეს ადამიანის სქესს, შესაძლოა არა. გენდერი და გენდერული იდენტობა სქესისგან სრულიად დამოუკიდებელი პიროვნების შემადგენელი ელემენტია. სხვადასხვა დროს ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ სხეულის გამო ადამიანის შერცხვენა იწვევს დეპრესიულ სიმპტომებს, ხოლო ტრანსი ქალები და კაცები ცისგენდერი ადამიანებისგან განსხვავებით უფრო ხშირად ხდებიან ამგვარი მოპყრობის [body shame] მსხვერპლნი.

ტრანზიციის პროცესი და მასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოში.  ტრანსი და გენდერულად არაკონფორმული ადამიანისათვის შესაძლოა, აუცილებელი და სასურველი არ იყოს ფსიქოლოგიური, ჰორმონული ან ქირურგიული სამედიცინო ინტერვენცია. ზოგიერთი ტრანსი ადამიანებისთვის სრულებით არ არის სასურველი გენდერული როლის შესაბამისი ინტერვენცია, მათ სამედიცინო ჩარევის გარეშეც სრულიად თავისუფლებად შეუძლიათ სასურველ გენდერულ როლში ცხოვრება. ზოგიერთი მათგანისთვის კი სამედიცინო პროცედურები ტრანზიციისთვის და საკუთარი გენდერული იდენტობის სრულად მორგებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი და აუცილებელია. საქართველოში დღეს არსებული მდგომარეობით ტრანს ადამიანებს ხელი არ მიუწვდებათ ტრანსსპეციფიკურ სამედიცინო პროცედურებზე. მისაწვდომობასთან დაკავშირებული მრავალი ბარიერი არსებობს, მათ შორის ფინანსური და გეოგრაფიული, თუმცა ყველაზე აქტუალური მაინც სერვისის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემებია.

ქარტიის საბჭო იზიარებს განმცხადებლის არგუმენტაციას იმ გამოწვევების და პრობლემების შესახებ, რაც დაკავშირებულია ტრანსი ადამიანების ყოფასთან საქართველოში, როგორც სამართლებრივი კუთხით, ისე საზოგადოებაში არსებული ფობიების და სტიგმების გათვალისწინებით. ქალის მიერ მამაკაცის მსგავსად მოშარდვის დაკავშირება ტრანს ადამიანებთან, მით უფრო იუმორისტული ქვეტექსტით, წარმოადგენს სხეულის გამო ტრანსი ადამიანების შერცხვენას, რაც არა მხოლოდ იწვევს ტრანსი ადამიანების რეტრამვირებას, დამატებით კვებავს საზოგადოებაში არსებულ სტიგმას და დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას მათ მიმართ. ჟურნალისტი არა თუ თავად არ უნდა იყოს დისკრიმინაციის, სტიგმის და სიძულვილის ენის წყარო, არამედ მას აქვს პოზიტიური ვალდებულება, რომ ხელი არ შეუწყოს მათ გავრცელებას, ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე. განსახილველ შემთხვევაში თავად ჟურნალისტი და მისი რეპლიკა იწვევს სწორედ მოწყვლადი ჯგუფის მიმართ დისკრიმინაციის და სტიგმის გაძლიერებას, რითაც ირღვევა ქარტიის მე-7 პრინციპი.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. მაია ასათიანმა დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი.