06.02.2021
განმცხადებელი : ააიპ სოციალურ მუშაკთა გაერთიანება;
მოპასუხე : მაია მამულაშვილი, სალომე უერთაშვილი;
დარღვეული პრინციპები : არ დარღვეულა;
08 ივლისი 2020 წელი
საქმე N - 375
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: ნინა ხელაძე, ზვიად ქორიძე, კამილა მამედოვა, მაია მერკვილაძე, ლიკა ზაკაშვილი
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ააიპ სოციალურ მუშაკთა გაერთიანებამ, რომელიც მიიჩნევდა რომ 2020 წლის 11 მაისს, TV პირველის ეთერში გასულ სიუჟეტში "ხმაური რეფერალურ საავადმყოფოში" დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-7 და მე-8 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტებად განისაზღვრნენ წამყვანი მაია მამულაშვილი და სიუჟეტის ავტორი სალომე უერთაშვილი.
საქმის განხილვის თავისებურებები
საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იქნა აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
საქმის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს განმცხადებლის წარმომადგენლებმა, მოპასუხე ჟურნალისტებს სხდომაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის პირველი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.
სადავო სიუჟეტში არასრულწლოვანის დედა ამტკიცებდა რომ მშობიარობის შემდეგ, რეფერალურ საავადმყოფოში სამკურნალოდ დატოვებული შვილი მისი თანხმობის გარეშე, ბავშვთა სახლში გადაიყვანეს. დედის საავადმყოფოში მისვლას ხმაური და დაპირისპირება მოყვა.
განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ ჟურნალისტმა ამბის გაშუქებისას გამოიყენა არასწორი ტერმინი „სოციალური აგენტი“ ნაცვლად „სოციალური მუშაკისა“, რომ მათი ფუნქცია/მოვალეობები აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. „სოციალური მუშაკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა პრევენციული სოციალური მუშაობის ჩატარება მისი მოვალეობაა. იზრუნოს ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის დაცვაზე, მათ შორის, მისი უფლებების დაცვაზე; იზრუნოს ბენეფიციარის კეთილდღეობაზე, განახორციელოს მისი ადვოკატირება და დაიცვას მისი უფლებები; საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში კონსულტაცია გაუწიოს ბენეფიციარს, თავიდან აიცილოს კრიზისი და დროულად ჩაერიოს მასში, მოახდინოს ბენეფიციარის მხარდაჭერა“.
ქარტიის საბჭო ადასტურებს ფაქტობრივ გარემოებას, რომ ჟურნალისტმა, ნაცვლად ტერმინისა „სოციალური მუშაკი,“ გამოიყენა „სოციალური აგენტი,“ თუმცა, ვერ დაეთანხმება განმცხადებელს შეფასებაში, რომ ამით პირველი პრინციპი დაირღვა. საბჭო დაეყრდნო შემდეგ არგუმენტაციას: როგორც აღინიშნა, რეფერალურ საავადმყოფოში დედის მისვლას დაპირისპირება და სიტუაციის დაძაბვა მოჰყვა, ჟურნალისტი თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში ჩაერთო და გამოიყენა ტერმინი „სოციალური აგენტი“. საბჭოს შეფასებით, სახეზეა ტექნიკური შეცდომა. მიუხედავად იმისა, რომ სოციალური აგენტი და სოციალური მუშაკი ერთმანეთისგან შინაარსით განსხვავდება, პირდაპირ ეთერში ჩართვისას ჟურნალისტის მიერ ტერმინების აღრევა არ შეიძლება მიჩნეულ იქნას ისეთ გადაცდომად, რომლის საფუძველზეც პირველი პრინციპის დარღვევა დადგინდება. ეს ტერმინები აღრეული რომ ყოფილიყო სიუჟეტში, რომელიც გადის რედაქტირებას, შესაძლოა სხვა სტანდარტით შეფასებულიყო, მაგრამ საბჭოს წევრთა აზრით, პირდაპირი ჩართვის დროს მსგავსი შეცდომა არ შეიძლება ჩაითვალოს პირველი პრინციპის დარღვევად.
განმცხადებლის შემდეგი პრეტენზია პირველ პრინციპთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული იყო შემდეგი სახით: „ჟურნალისტის მიერ ბავშვის ოჯახიდან გამოყვანის და ბავშვთა სახლში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა დაუზუსტებლად და გადამოწმების გარეშე. იგი ეყრდნობოდა მხოლოდ ბავშვის ბიოლოგიური დედის მიერ გაცემულ ინფორმაციას“ . სიუჟეტის ბოლოს ჟურნალისტი მაყურებელს აწვდის ინფორმაციას რომ: „რეფერალურ საავადმყოფოში ოფიციალურ განმარტებას არ აკეთებენ, თუმცა მოგვიანებით სოციალური სამსახური გააკეთებს განმარტებას და ჩვენ მათი განმარტებით შემდეგ გამოშვებებში შემოგიერთდებით“. ცალსახაა რომ: 1. ჟურნალისტმა სცადა მეორე მხარის განმარტების მიღება 2. ჟურნალისტმა ხაზი გაუსვა, რომ ამ ეტაპზე ჟურნალისტური პროდუქტი მხოლოდ ერთი მხარის პოზიციას ასახავს და მისი მცდელობის მიუხედავად ვერ მოიპოვა მეორე მხარის კომენტარი. ასევე ჟურნალისტმა თავისი „პირობა“ შეასრულა და უკვე 5 საათის გამოშვებაში იმავე თემაზე გასულ სიუჟეტში უკვე მისცა მეორე მხარის პოზიციაც. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს რომ ჟურნალისტმა პატივი სცა საზოგადოების უფლებას - მიიღოს სწორი ინფორმაცია.
ქარტიის მე-7 პრინციპი „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“.
განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ ტერმინების „სოციალური მუშაკის“ და „სოციალური აგენტის“ აღრევა „ხელს უწყობს საზოგადოებაში სტერეოტიპის განმტკიცებას სოციალური მუშაკის როლთან და ფუნქციასთან დაკავშირებით. მაშინ როდესაც, სოციალური მუშაკის როლი არის ოჯახის გაძლიერება და მხოლოდ და მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში ბავშვის ბიოლოგიური ოჯახიდან განცალკევება. შესაბამისად, ასეთი სენსიტიური შეთხვევის გადამოწმების გარეშე გაშუქება არაეთიკურია მის მიერ გამოყენებული ტერმინი მოსახლეობისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება და სოციალური მუშაკების, როგორც პროფესიის დისკრედიტაციას უწყობს ხელს“. საბჭო აღნიშნავს რომ ქარტიის მე-7 პრინციპი არ ფარავს დისკრედიტაციას და გულისხმობს დისკრიმინაციას, სტიგმატიზებას და სიძულვილის ენის გამოყენებას. შესაბამისად, განმცხადებელის არგუმენტაცია, რომ “სოციალური მუშაკის” ნაცვლად ტერმინ “სოციალური აგენტის” გამოყენება სოციალური მუშაკის „დისკრედიტაციას“ იწვევს, არ წარმოადგენს ქარტიის მე-7 პრინციპის დარღვევას.
მე-8 პრინციპი „ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება“. მერვე პრინციპთან დაკავშირებით განმცხადებელმა მიუთითა რომ „სიუჟეტის გაშუქების დროს ჟურნალისტმა რამდენჯერმე გარკვევით ახსენა ბავშვის სახელი და გვარი, ეს ინფორმაცია არის კონფიდენციუალური და მისი საჯაროდ გავრცელება არღვევს ეთიკის ქარტიის მერვე პრინციპს“. გადაცემის მსვლელობისას ჟურნალისტი ახსენებს სახელს და გვარს - მარიამ გეთიაშვილი, მაგრამ როგორც საბჭომ დაადგინა ეს არის არა ბავშვის, არამედ დედის სახელი და გვარი, შესაბამისად განმცხადებლის არგუმენტაცია, რომ „ჟურნალისტმა რამდენჯერმე გარკვევით ახსენა ბავშვის სახელი და გვარი“ არ შეესაბამება სიმართლეს და შესაბამისად, არ დარღვეულა მე-8 პრინციპი.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
- მაია მამულაშვილს და სალომე უერთაშვილს არ დაურღვევიათ ქარტიის პირველი, მე-7 და მე-8 პრინციპი.