06.02.2021
16 სექტემბერი 2020 წელი
საქმე N - 390
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: მაია მერკვილაძე, ირმა ზოიძე, ლიკა ზაკაშვილი, ზვიად ქორიძე, კამილა მამედოვა, გელა მთივლიშვილი
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ააიპ „აგროგილდიამ“, რომელიც მიიჩნევდა რომ 2020 წლის 28 მაისს, ,,იმედის დილის“ ეთერში, რუბრიკა ,,თათების იმედი“, ჟურნალისტ სოფიო ბეროშვილის ავტორობით მომზადებულ სიუჟეტში დაირღვა ქარტიის 1, მე-4, მე-9 და მე-11 პრინციპი.
საქმის განხილვის თავისებურებები
საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იქნა აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
საქმის განხილვაში მონაწილეობდა განმცხადებლის წარმომადგენელი, მოპასუხე ჟურნალისტს სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია და არც შეპასუხება არ წარმოუდგენია.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის პირველი პრინციპი “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.
სიუჟეტის თანახმად, მოქალაქეებმა შენიშნეს ძაღლი, რომელსაც მისი პატრონი არასათანადო მდგომარეობაში ამყოფებდა და რეაგირებისათვის მიმართეს თბილისის მუნიციპალური მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს [შემდგომ „სააგენტო“]. სიუჟეტში ასევე ნაჩვენებია სააგენტოს რეაგირება, რომ ძაღლის პატრონის გაფრთხილების მიუხედავად ძაღლის საცხოვრებელი პირობები არ გამოსწორდა და შედეგად სააგენტომ შინაური ცხოველი ჩამოართვა მეპატრონეს. ჩამორთმევის შემდეგ, ასევე სააგენტოს პატრონაჟით ძაღლს ჩაუტარდა სამედიცინო და ჰიგიენური პროცედურები და ახალ მზრუნველ პატრონს ელოდება.
ქარტიის საბჭოს არც კომპეტენცია და არც უფლებამოსილება არ გააჩნია შეაფასოს რამდენად სწორი იყო სააგენტოს ქცევა, როცა ძაღლის საცხოვრებელი პირობები შეუსაბამოდ მიიჩნია და პატრონს ჩამოართვა. მეორეს მხრივ, საბჭო ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ გარემოებაზე - სიუჟეტში სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო პოზიტიურად არის წარმოჩენილი, რომ სრულყოფილად და გულისხმიერად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს და ზრუნავს შინაურ ცხოველებზე. ამის პარალელურად, როგორც საბჭოსათვის რამდენიმე დამოუკიდებელი წყაროდან გახდა ცნობილი, სიუჟეტის მომზადების დროს, ავტორი ჟურნალისტი სოფიო ბეროშვილი თავად მუშაობდა სააგენტოში და ეს ინფორმაცია სიუჟეტიდან მაყურებლისათვის ცნობილი არ იყო.
საბჭოს მოსაზრებით, აუდიტორიას უნდა სცოდნოდა, რომ თავად ჟურნალისტი პარალელურად მუშაობდა იმ ორგანიზაციაში, რომელიც სიუჟეტში დადებითად წარმოჩინდა. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ მაყურებელი სხვაგვარად შეაფასებდა ჟურნალისტურ პროდუქტს, კერძოდ გაუჩნდებოდა კითხვები: რამდენად მიუკერძოებლად გააშუქა ჟურნალისტმა? ხომ არ ჰქონდა სააგენტოს დადებითად წარმოჩენის პირადი ინტერესი? მართლაც კარგად მუშაობს ეს უწყება თუ ამ იმიჯს დაინტერესებული ჟურნალისტი ქმნის? ჟურნალისტმა პარალელური სამუშაო ადგილი არ გაამხილა და, შესაბამისად, ისეთი ფაქტი მიჩქმალა, რაც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენდა სიუჟეტში მოთხრობილი ამბის სანდოობის შეფასებაზე.
ქარტიის საბჭოს პრაქტიკის და შეფასების თანახმად, მნიშვნელოვანი ფაქტის მიჩქმალვა საბოლოო ჯამში აუდიტორიისათვის არასრული, შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მიწოდებას, და შესაბამისად, პირველი პრინციპის დარღვევას იწვევს.
ქარტიის მე-4 პრინციპი: „ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს“. განცხადებაში არ იყო მითითებული, თუ რაში გამოიხატებოდა ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების არაკეთილსინდისიერი და არასამართლიანი მეთოდებით მოპოვება და ვერც საბჭომ ვერ მიაკვლია სადავო სიუჟეტში გარემოებებს, რომელიც დაადასტურებდა მე-4 პრინციპის დარღვევას.
ქარტიის მე-9 პრინციპის მიხედვით, „სარედაქციო მასალები მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს მარკეტინგული, სარეკლამო და სპონსორის მიერ დაფინანსებული მასალებისაგან“. ამ პრინციპთან დაკავშირებით საბჭოს წევრების მოსაზრებები გაიყო. კერძოდ, საბჭოს წევრთა ნაწილმა მიიჩნია, რომ თავად ფაქტი რომ სიუჟეტის ავტორი ჟურნალისტი მუშაობდა იმ ორგანიზაციაში, რომელზეც სიუჟეტი მოამზადა, თავისთავად გულისხმობდა მე-9 პრინციპის დარღვევას. საბჭოს წევრთა მეორე ნაწილმა მიიჩნია, სიუჟეტი მარკეტინგულად, სარეკლამო ან სპონსორის მიერ დაფინანსებულ მასალად რომ ჩაითვალოს, საჭიროა ცალსახად დადგინდეს არსებობდა თუ არა შეთანხმება მედია საშუალებას/ჟურნალისტს და დაინტერესებულ პირს შორის, იმის შესახებ რომ მედია საშუალებას სიუჟეტი მოემზადებინა დაინტერესებული პირის მოთხოვნების შესაბამისად/სასარგებლოდ. შესაბამისად, ვინაიდან პრინციპის „დარღვევას“ ან „არ დარღვევას“ არ ჰქონდა საბჭოს 5 წევრის მხარდაჭერა, ამ პრინციპის ჭრილში გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებილი.
ქარტიის მე-11 პრინციპი „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“ როგორც საბჭომ პირველი პრინციპის მსჯელობისას აღნიშნა არასწორი ინფორმაცია გავრცელდა არა ფაქტის დამახინჯების სახით, არამედ მნიშნელოვანი ფაქტის მიჩქმალვით. თავის მხრივ თუ დადგინდება რომ მიჩქმალვა განზრახ მოხდა, ეს იქნებოდა მე-11 პრინციპის დარღვევის წინაპირობაც. ვინაიდან მოპასუხე ჟურნალისტმა არ ითანამშრომლა საბჭოსთან უშუალოდ, მისი გამოკითხვა ვერ მოხერხდა, რათა დადგენილიყო გაზრახ მიჩქმალა ფაქტი თუ არა. მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენა, თავისი სიმძიმიდან გამომდინარე, ძალიან მტკიცე არგუმენტაციას და ფაქტობრივ გარემოებებს საჭიროებს. მხოლოდ ალბათობის დონეზე, მისი დარღვევა ვერ დადგინდება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით რომ საბჭოს არ ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები, მე-11 პრინციპის დარღვევა არ დადგინდა.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
- სოფიო ბეროშვილმა დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
- სოფიო ბეროშვილს არ დაურღვევია ქარტიის მე-4 და მე-11 პრინციპი.
- ქარტიის მე-9 პრინციპთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული.