გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - კობა კუპრაშვილი მარიკა ბაკურაძის წინააღმდეგ
06.02.2021

განმცხადებელი : კობა კუპრაშვილი;
მოპასუხე : მარიკა ბაკურაძე;
დარღვეული პრინციპები : არ დარღვეულა;

05 სექტემბერი 2020 წელი

საქმე N - 374 

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: გელა მთივლიშვილი, ლიკა ზაკაშვილი, ზვიად ქორიძე, ირმა ზოიძე, კამილა მამედოვა


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა კობა კუპრაშვილმა, რომელიც მიიჩნევდა რომ 2020 წლის 7 მაისს, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, გადაცემა „იმედის დილა“, გასულ სიუჟეტში დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-3, მე-4, მე-5 და მე-11 პრინციპები. სიუჟეტის ავტორი და მოპასუხე ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის პირველი პრინციპი “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.

სიუჟეტი ეხებოდა გერმანიაში გამოქვეყნებულ კვლევას, COVID-19-ით გარდაცვლილ პირთა პროცენტული მაჩვენებლის შესახებ. სიუჟეტის თანახმად:

  1. კვლევამ დაადგინა, რომ COVID-19-ით დაავადებულ პირთა შორის გარდაცვალების რაოდენობა არის 0.37 %.
  2. კვლევა ჩატარდა გერმანიის განგელტის მუნიციპალიტეტის მონაცემების მიხედვით.
  3. კვლევის ავტორმა დაუშვა რომ რეალურად 5-ჯერ მეტი იყო COVID-19-ით ინფიცირებული, ვიდრე ეს ოფიციალური მონაცემი იყო და კვლევის მიზნებისთვის ჩათვალა, რომ განგელტის მუნიციპალიტეტის მცხოვრებთა 15% იყო ინფიცირებული.
  4. ზემოაღნიშნულ 15% ინფიცირებულთა შორის გარდაცვალების კოეფიციენტი იყო 0.37 %.
  5. წამყვანი სიუჟეტში ასევე საუბრობს განმცხადებელ კობა კუპრაშვილის ერთ-ერთ FACEBOOK ვიდეოჩართვაზე და ამბობს რომ ერთ - ერთი ფეისბუქ მომხმარებლის [იგულისხმება კობა კუპრაშვილი] სიტყვებით 0.37 % არის დაბალი მაჩვენებელი, რომ თურმე ჩვენ საერთოდ არ უნდა ვინერვიულოთ და არ ყოფილა ეს ვირუსი სასიკვდილო, რომ ეს 0.37 % ამტკიცებს იმას, რომ მსოფლიო ფარსს აქვს ადგილი და არ უნდა დაიკეტოს ქვეყნები.
  6. წამყვანი ამბობს, რომ ის აჩვენებს, რას ნიშნავს ეს 0.37 % საქართველოს მაგალითზე.
  7. შემდეგ უკვე ჟურნალისტმა მაყურებელს შესთავაზა შემდეგი ლოგიკა - თუ ყველა შეზღუდვა მოიხსნება და მსოფლიოს სრული მოსახლეობა დაინფიცირდება, გარდაცვლილთა რაოდენობა [0.37 %] იქნება 28 860 000. ჟურნალისტის ამავე ლოგიკით, თუ საქართველოს სრული მოსახლეობა დაინფიცირდება, გარდაიცვლება 14 764 ადამიანი.

განმცხადებლის არგუმენტაცია:

  1. “სავსებით გაუგებარია, რას გულისხმობს წამყვანი, რატომ მაინცდამაინც ხუთზე გაამრავლა გერმანელმა მკვლევარმა ინფიცირებულთა რიცხვი. სინამდვილეში, გერმანელ მკვლევართა მიერ ჩატარებული ტესტირებების შედეგად აღმოჩნდა, რომ იმაზე ხუთჯერ მეტი იყო დაინფიცირებული, ვიდრე კვლევის ჩატარებამდე იცოდნენ და კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ 15% იყო მთლიანად დაინფიცირებული. ეს 15% არავის არ გადაუმრავლებია ხუთზე. (...) მაყურებელი უკვე დაბნეულია და შეცდომაშია შეყვანილი, რადგან მას თავიდან მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია, ვითომ 15% გაამრავლეს ხუთზე.” 
  2. “არც ერთი წინადადება არც სიტყვასიტყვით და არც აზრობრივად მე ასე არ მითქვამს ჩემს კონკრეტულ ვიდეო მიმართვაში, რომლის კადრებსაც აჩვენებენ. მე არ მითქვამს, რომ "ვირუსი არ არის სასიკვდილო", არამედ ვთქვი, რომ ვირუსის სიკვდილიანობა შეადგენს 0,37%, რაც იმას ნიშნავს, რომ სასიკვდილო შეიძლება იყოს დაინფიცირებულთა 0,37 პროცენტისთვის. არც ის მითქვია, რომ "მსოფლიო ფარსს აქვს ადგილი". ვთქვი, რომ მანამდე მიღებული შეზღუდვები ემყარებოდა ემოციებს, შიშს, და უცოდინრობას.”
  3. “წამყვანი აკეთებს გაუგონარ რამეს, სპეკულაციურად იღებს მსოფლიო მოსახლეობის 100%-ს და ხატავს საშინელ სურათს, გამოდის რა ყოვლად უსაფუძვლო დაშვებით, რომ "გახსნის" პირობებში აუცილებლად 100% დაინფიცირდება და შედეგად ვითომ 28 მილიონზე მეტ გარდაცვლილს მივიღებთ.”

საბჭოს შეფასება

  1. საბჭო ადასტურებს განმცხადებელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას: მართლაც, თავდაპირველად ჟურნალისტმა მაყურებელს მიაწოდა ინფორმაცია, რომ კვლევის ჩატარებისას, რეგიონში ოფიციალურად რეგისტრირებული COVID-19 ინფიცირებულთა რაოდენობა იყო 15% და კვლევის ფარგლებში ეს რაოდენობა გამრავლდა 5-ზე. მაგრამ იქვე ჩაასწორა და აღნიშნა, რომ მას შეეშალა და რეალურად 15% იყო უკვე 5-ზე გამრავლების შედეგად მიღებული რიცხვი. ჟურნალისტმა მყისიერად გაასწორა არაზუსტი ინფორმაცია. საბჭო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის არგუმენტაციას, რომ „მაყურებელი უკვე დაბნეულია და შეცდომაშია შეყვანილი, რადგან მას თავიდან მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია, ვითომ 15% გაამრავლეს ხუთზე“. პირდაპირ ეთერში ინფორმაციის მომენტალური აღრევისგან არავინ არის დაზღვეული და მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტი იქვე აზუსტებს, ეუბნება მაყურებელს, რომ რამდენიმე წამით ადრე მიწოდებული ინფორმაცია არასწორი იყო და ზუსტ ინფორმაციას წარმოადგენს ის, რომ 15% უკვე 5-ზე გამრავლების შედეგად მიღებული რიცხვია და 15% არ უნდა გამრავლდეს დამატებით 5-ზე. დროის ძალიან მოკლე პერიოდში ჟურნალისტმა მაყურებელს მიაწოდა გასწორებული ინფორმაცია და უზრუნველყო ფაქტის დაზუსტება. 
  2. კობა კუპრაშვილს ჟურნალისტი მიაწერს შემდეგი ინფორმაციის გავრცელებას: “0.37 % არის დაბალი მაჩვენებელი, საერთოდ არ უნდა ვინერვიულოთ, არ არის ეს ვირუსი სასიკვდილო, სიკვდილიანობის 0.37 % ამტკიცებს, რომ მსოფლიო ფარსს აქვს ადგილი”.საბჭომ განიხილა სოციალურ ქსელ FACABOOK-ზე კობა კუპრაშვილის მიერ 2020 წლის 04 მაისს განთავსებული ვიდეო, რომლის საფუძველზეც ჟურნალისტმა შეაფასა კობა კუპრაშვილის პოზიცია.

    განმცხადებელი FACEBOOK-ვიდეოში COVID-19 მოიხსენიებს, როგორც „ეგრეთ წოდებულს“, აქცენტს აკეთებს ვირუსის სიკვდილიანობაზე და ხაზს უსვამს, რომ COVID-19 სიკვდილიანობა ოდნავ აჭარბებს ჩვეულებრივი გრიპის სიკვდილიანობას. „კვდება იგივე რაოდენობის ხალხი საშუალოდ, უფრო ნაკლებიც კი. ქვეყნის მთავრობები იღებდნენ არარაციონალურ გადაწყვეტილებებს. ბაღების და სკოლების ჩაკეტვა არის და იყოს აბსოლუტური სისულელე და სიბეცე და ყოვლად გაუმართლებელი“; „თიხის ფეხებზე დგას მთელი ეს პოლიტიკა. როცა გვაქვს ჩვეულებრივი გრიპის დონის სიკვდილიანობა, ეს უკვე აღარაფერს აღარ ამართლებს“. თავის ვიდეომიმართვაში კობა კუპრაშვილი პირბადის გაკეთებას ადარებს ცხენზე უნაგირის შედგმას მისი გახედვნის მიზნით, რომ საზოგადოება შეაგუონ მორჩილებას. ასევე ეჭვქვეშ აყენებს, რომ რეალური მონაცემები არასწორია და შეიძლება ადამიანები არა COVID-19-ით, არამედ სხვა მიზეზით გარდაიცვალნენ. „6 გარდაცვლილი ბებია, რომელიც მეტი ვეღარ მიაწერეთ ამ საწყალ კოვიდს“. როცა საუბრობს პნევმოკოკურ აცრებზე საქართველოში, ისევ ეხება სიკვდილიანობის საკითხს: „იმიტომ რომ არ მოკლა ამ ვირუსმა ხალხი და ხომ უნდა მოკლან სხვანაირად“, მაგალითად მოყავს იტალია, მისი მტკიცებით, იტალიაში მაღალი სიკვდილიანობა პნევმოკოკურმა აცრამ გამოიწვია, რამაც დაასუსტა იმუნიტეტი და იტალიაში გარდაცვლილთა 80% არ არის COVID-19-ის მსხვერპლი: „გასკდა ეს ინფორმაცია“, „აფიორა და მაფია იყო ჩართული იტალიის ამბებში“, რომ მიზანი იყო მოდელირებული პანდემია შეექმნათ იტალიაში და მთელი მსოფლიო დაეშინებინათ. საბჭოს შეფასებით, კობა კუპრაშვილის ვიდეომიმართვაში გამოთქმული პოზიციები ჟურნალისტს შეეძლო შეეფასებინა, როგორც “0.37 % არის დაბალი მაჩვენებელი, საერთოდ არ უნდა ვინერვიულოთ, არ არის ეს ვირუსი სასიკვდილო, სიკვდილიანობის 0.37 % ამტკიცებს რომ მსოფლიო ფარსს აქვს ადგილი”. 
  3. განმცხადებლის შემდეგი პრეტენზია ეხება ჟურნალისტის დაშვებას, რომ თუ თეორიულად მსოფლიოს და საქართველოს მთელ მოსახლეობას შეეყრება ვირუსი, რამდენი ადამიანი გარდაიცვლება. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტი არ უთითებს რომ ეს დაშვებები რამე კვლევას ეყრდნობა და მაყურებლისათვის ცხადი და შეცნობადია, რომ ეს არის ჟურნალისტის პირადი ვარაუდები/მსჯელობები და აქვს საშუალება, რომ თავად შეაფასოს ამ მსჯელობის სარწმუნოება.

მე-3 პრინციპი „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია“. განსახილველ შემთხვევაში ქარტიის მე-3 პრინციპის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. როცა კვლევაზე საუბროს ჟურნალისტი, წყარო ცნობილია - გერმანიაში ჩატარებული კვლევა. მაყურებლისთვის კობა კუპრაშვილის მოსაზრებების მიწოდებისას ჟურნალისტმა იხელმძღვანელა თავად კობა კუპრაშვილის ვიდეო მიმართვით. რაც შეეხება სავარაუდო დაშვებებს სიკვდილიანობის შესახებ, როგორც აღინიშნა, ეს ჟურნალისტის პირადი ვარაუდები და დაშვებები იყო.

ქარტიის მე-4 პრინციპის თანახმად, „ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს“. საბჭომ სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ვერ გამოკვეთა გარემოება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ჟურნალისტმა ფოტოები ან დოკუმენტები არასამართლიანად ან არაკეთილისნდისიერად მოიპოვა.

მე-5 და მე-11 პრინციპები „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“ - „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“ ვინაიდან არ დადგინდა პირველი პრინციპის [გადაუმოწმებელი ან არაზუსტი ინფორმაციის გავრცელება] დარღვევა, შესაბამისად გამოირიცხა მე-5 და მე-11 პრინციპების დარღვევაც.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. მარიკა ბაკურაძეს არ დაურღვევია ქარტიის პირველი, მე-3, მე-4, მე-5 და მე-11 პრინციპები.