გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ასლან ლორთქიფანიძე ლევან ტაბიძის წინააღმდეგ
06.02.2021

განმცხადებელი : ასლან ლორთქიფანიძე;
მოპასუხე : ლევან ტაბიძე;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 10 პრინციპი;

17 სექტემბერი 2020 წელი

საქმე N - 402 

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: ირმა ზოიძე, ლიკა ზაკაშვილი, ზვიად ქორიძე, კამილა მამედოვა, გელა მთივლიშვილი, ნინა ხელაძე 


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ასლან ლორთქიფანიძემ, რომელიც მიიჩნევდა რომ 2020 წლის 21 ივნისს, ტელეკომპანია “ფორმულას” გადაცემა “დროებაში” გავიდა სიუჟეტი აჭარაში შესაძლო ნეპოტიზმის შესახებ და რომელშიც დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-3, მე-5, მე-10 და მე-11 პრინციპები. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა სიუჟეტის ავტორი ლევან ტაბიძე.

საქმის განხილვის თავისებურებები

საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იქნა აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვაში მონაწილეობდნენ განმცხადებელიც და მოპასუხე ჟურნალისტიც.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის პირველი პრინციპი: “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.

სადავო სიუჟეტი ეხებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ორგანოებში შესაძლო ნეპოტიზმის ფაქტებს. სიუჟეტის თანახმად, განმცხადებლის, ასლან ლორთქიფანიძის, აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატში მუშაობა განაპირობა დავით გაბაიძის [აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე] მეუღლისა და ასლან ლორთქიფანიძის ცოლის ნათესაურმა კავშირმა.

განმცხადებლის განმარტებით, ეს ინფორმაცია იყო არასწორი. მისი თქმით, მის ცოლსს და დავით გაბაიძის მეუღლეს მართალია, ერთი და იგივე გვარები აქვთ, მაგრამ არ არიან ნათესავები, მეტიც, ერთმანეთს არც კი იცნობენ. განმცხადებელი ასევე აღნიშნავდა, რომ ფაქტების გადასამოწმებლად ჟურნალისტი მას ან მის მეუღლეს არ დაკავშირებია.

საქმის განხილვის დროს ჟურნალისტმა განაცხადა, რომ მას წყარომ [ერთ-ერთმა რესპონდენტმა] მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ასლან ლორთქიფანიძისა და დავით გაბაიძის მეუღლეები ნათესავები არიან. ჟურნალისტმა ასევე დაადასტურა რომ მას ეს ინფორმაცია მეორე მხარესთან არ გადაუმოწმებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ ჟურნალისტმა დაარღვია მისი ეთიკური ვალდებულება - გადაემოწმებინა ფაქტები, აუდიტორიას მიაწოდა არასწორი ინფორმაცია და ამით დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.

ქარტიის მე-3 პრინციპი: “ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია”. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ჟურნალისტს ყავდა წყარო, რომელმაც მას მიაწოდა ინფორმაცია ასლან ლორთქიფანიძის და დავით გაბაიძის მეუღლეთა ნათესაობის შესახებ. შესაბამისად, ფორმალურად წყარო არსებობს, ხოლო ვინაიდან წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ გადაამოწმა, ამით ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი და არა მე-3 პრინციპი.

ქარტიის მე-5 პრინციპის თანახმად, “მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება”. საქმის განხილვის პროცესში დადგინდა, რომ პასუხისმგებელი ჟურნალისტისათვის ცნობილი არ იყო განმცხადებლის პრეტენზიების შესახებ [განმცხადებელს არ მიუმართავს ჟურნალისტისათვის, მხოლოდ გააკეთა საჯარო განცხადება]. შესაბამისად, ქარტიის მე-5 პრინციპი არ დარღვეულა.

მე-10 პრინციპი: “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი”. ქარტიის საბჭომ საქმეში „მარინე მინდორაშვილი 5 მედიასაშუალების წინააღმდეგ (2017 წელი)“ აღნიშნა რომ „მე-10 პრინციპის მიზნებისათვის არა აქვს არსებითი მნიშვნელობა, გავრცელებული ინფორმაცია იყო სწორი თუ პირიქით, არ შეესაბამებოდა სიმართლეს. მთავარია, რამდენად დაზიანდა პირის ინტერესი“. განსახილველ შემთხვევაში საზოგადოებამ მიიღო ინფორმაცია, რომ თითქოს ასლან ლორთქიფანიძის და დავით გაბაიძის მეუღლეები ნათესავები არიან და ეს იყო ნეპოტიზმის წინაპირობა. შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს რომ მათი პირადი ცხოვრების შესახებ თუნდაც არასწორი ინფორმაციის გავრცელებით დაირღვა ქარტიის მე-10 პრინციპი.

ქარტიის მე-11 პრინციპი: “ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება”. პირველი პრინციპზე მსჯელობისას დადგინდა, რომ ჟურნალისტმა წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ გადაამოწმა და შედეგად აუდიტორიას არასწორი ფაქტი მიაწოდა. საბჭომ ვერ გამოკვეთა ისეთი გარემოებები ან/და წინაპირობები, რომელიც დაადასტურებდა, რომ ჟურნალისტმა ეს ყველაფერი განზრახ და გამიზნულად გააკეთა, შესაბამისად, მე-11 პრინციპის დარღვევა არ დადგინდა.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ლევან ტაბიძემ დაარღვია ქარტიის პირველი და მე-10 პრინციპი.
  2. ლევან ტაბიძეს არ დაურღვევია ქარტიის მე-3, მე-5 და მე-11 პრინციპები.