გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - გიორგი ახვლედიანი ნოდარ მელაძის ეკო მაღრაძის წინააღმდეგ
06.02.2021

მოპასუხე : ნოდარ მელაძე, ეკო მაღრაძე;
დარღვეული პრინციპები : არ დარღვეულა;

17 სექტემბერი 2020 წელი

საქმე N - 395 

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: ირმა ზოიძე, ლიკა ზაკაშვილი, ზვიად ქორიძე, კამილა მამედოვა, გელა მთივლიშვილი, ნინა ხელაძე, მაია მერკვილაძე 


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა გიორგი ახვლედიანმა. მისი განცხადებით, 2020 წლის 30 მაისს, ტელეკომპანია “პირველის” გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათში“ გავიდა სიუჟეტი, რომელშიც დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-3, მე-4, და მე-5 პრინციპები. მოპასუხე ჟურნალისტებად განისაზღვრნენ გადაცემის წამყვანი, ნოდარ მელაძე და სიუჟეტის ავტორი, ეკო მაღრაძე.

საქმის განხილვის თავისებურებები

საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იქნა აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვაში მონაწილეობდნენ განმცხადებელიც და მოპასუხე ჟურნალისტებიც.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის პირველი პრინციპი: “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.

სადავო სიუჟეტის თანახმად, ჟურნალისტებს კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია [სია] იმ პირების შესახებ, რომლებიც არაოფიციალურად იღებენ ჰონორარს მმართველი პარტიისგან [„ქართული ოცნება“], ხოლო სანაცვლოდ საჯარო გამოსვლებში მხარს უჭერენ “ქართულ ოცნებას” ან/და აკრიტიკებენ ოპოზიციურ პარტიებს. ერთ-ერთ ასეთ „გარე სპიკერად“ სიუჟეტში დასახელებული იყო განმცხადებელი, გიორგი ახვლედიანი.

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ჟურნალისტებისთვის წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაცია არ იყო სანდო. კერძოდ, ეს იყო ამობეჭდილი ფურცელი, რომლის თანახმად ლაშა ნაცვლიშვილი მიმართავდა პარტია “ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს, ირაკლი კობახიძეს და მასში ჩამოთვლილი იყო რამდენიმე „ექსპერტის“ სახელი და გვარი, მათთვის გადასახდელი თანხის ოდენობის მითითებით. განცხადების თანახმად, „რეპორტაჟში გამოყენებული თითოეული ე.წ. დოკუმენტი არის ნაბეჭდი სახით და მასზე არ არის არც ხელმოწერა, არც ბეჭედი და არც სხვა რაიმე ნიშანი, რომლითაც მისი ნამდვილობა დადასტურდებოდა.“ განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ იგი მმართველი პარტიისგან თანხებს არ იღებდა და ეს ინფორმაცია იყო არასწორი.

საბჭომ განსახილველ შემთხვევაში რამდენიმე საკითხი გამოკვეთა:

  1. რამდენად მიზანშეწონილი იყო, რომ ჟურნალისტს მოემზადებინა სიუჟეტი წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე? თავად დოკუმენტი [მოხსენებითი ბარათი] არ იძლეოდა იმის საშულებას, რომ მისი ავთენტურობა დადგენილიყო. მეორე მხრივ, (1) მედიასივრცეში ხშირად ჩანან რესპონდენტები, მოქმედი ან ყოფილი პოლიტიკოსები, ამა თუ იმ დარგის ექსპერტები, რომლებიც ძირითადად გამოირჩევიან პროსახელისუფლებო ან/და ანტიოპოზიციური გამოსვლებით. მათი აქტიურობა აჩენდა კითხვებს ობიექტურობასთან დაკავშირებით. (2) სხდომის მიმდინარეობისას ჟურნალისტებმა, კონფიდენციალური დეტალების სრულად გამჟღავნების გარეშე, საბჭოს გააცნეს ის გარემოებები და წყაროები, რომელთა საშუალებითაც მიიღეს ინფორმაცია ე.წ. „გარე სპიკერების“ შესახებ. საბჭომ ეს ორი წინაპირობა შეაფასა და ლოგიკურად მიიჩნია, რომ ჟურნალისტს გასჩენოდა ვარაუდი მოწოდებული ინფორმაციის ნამდვილობის შესახებ და დაეწყო ინფორმაციის გადამოწმება.
  2. ინფორმაციის გადამოწმება. როგორც აღინიშნა, „მოხსნებით ბარათში“ მოყვანილი ინფორმაცია, რომ ჩამოთვლილი პირები ნამდვილად იღებდნენ ჰონორარს მმართველი პარტიისაგან, დადასტურებულ ფაქტად ვერ შეფასდებოდა. შესაბამისად, ეთიკური პრინციპების დაცვის მიზნით, ჟურნალისტი ვალდებული იყო: (ა) ფაქტის სახით არ გაევრცელებინა ინფორმაცია; (ბ) გადაემოწმებინა.

გიორგი ახვლედიანზე სიუჟეტში არის შემდეგი ინფორმაცია: ვიზუალურად ეკრანზე ჩნდება გიორგი ახვლედიანის ფოტო წარწერით „გიორგი ახვლედიანი 1 500 ₾“. საბჭოს შეფასებით, ე.წ. „მოხსენებითი ბარათის“ თანახმად, აქ იგულისხმება, რომ გიორგი ახვლედიანისთვის განკუთვნილია 1 500 ლარი. ჟურნალისტი ხაზს უსვამს, რომ ეს ინფორმაცია არის წყაროს მიერ მოწოდებული. შემდგომ ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ სიაში მითითებული გიორგი ახვლედიანი, მისი ინფორმაციით, ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრი გიორგი ახვლედიანია, თუმცა მტკიცებით ფორმაში თქმა არ შეუძლია. რაც შეეხება გადამოწმებას, სიუჟეტში მოცემულია ინტერვიუ გიორგი ახვლედიანთან, სადაც ის ირწმუნება, რომ იგი არ წარმოადგენს ე.წ. „გარე სპიკერს“, არ იღებს თანხებს მმართველი პარტიისაგან და რომ ბრალდებები აბსურდულია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს რომ ჟურნალისტს არ დაურღვევია ქარტიის პირველი პრინციპი, მას წყარომ მიაწოდა ინფორმაცია და ეს ინფორმაციია გადაამოწმა მეორე მხარესთან, და როგორც წყაროს, ისე მეორე მხარის პოზიციები სრულად მიაწოდა მაყურებელს.


ქარტიის მე-3 პრინციპი “ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია” მესამე პრინციპი არა წყაროს სანდოობის შემოწმებას, არამედ წყაროს არსებობის აუცილებლობას გულისხმობს. პირველი პრინციპის მსჯელობისას საბჭო დარწმუნდა რომ წყარო არსებობდა. შესაბამისად, არ დგინდება ქარტიის მე-3 პრინციპის დარღვევა.

ქარტიის მე-4 პრინციპის თანახმად, “ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს”. არც განცხადებაში იყო აღნიშნული და ვერც საქმის განხილვის დროს გამოიკვეთა ის გარემოებები, რომლებიც მიანიშნებდნენ, რომ რაიმე სახის ინფორმაცია, ფოტო ან დოკუმენტი მოპოვებული იყო არაკეთილსინდიერი ან/და არასამართლიანი გზით და არ დადგინდა მე-4 პრინციპის დარღვევა.

ქარტიის მე-5 პრინციპი „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.“ განსახილველ შემთხვევაში არ დადგინდა ქარტიის პირველი პრინციპის [არაზუსტი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება] დარღვევა, შესაბამისად გამოირიცხა მე-5 პრინციპის დარღვევაც.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ნოდარ მელაძეს და ეკო მაღრაძეს არ დაურღვევიათ ქარტიის 1-ლი, მე-3, მე-4, და მე-5 პრინციპები.