გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ეკა ლატარია ჟანა აკოფაშვილის წინააღმდეგ
06.02.2021

განმცხადებელი : ეკა ლატარია;
მოპასუხე : ჟანა აკოფაშვილი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;

17 სექტემბერი

2020 წელი საქმე N - 401 

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: ირმა ზოიძე, ლიკა ზაკაშვილი, ზვიად ქორიძე, კამილა მამედოვა, გელა მთივლიშვილი, ნინა ხელაძე


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ეკა ლატარიამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2020 წლის 20 ივნისს, ტელეკომპანია ,,მთავარის" ეთერში, გადაცემა "შაბათის მთავარში" გასულ სიუჟეტში "პოლიციის მაღალჩინოსნის საიდუმლო ბიზნესი” დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-3, მე-4 და მე-11 პრინციპები. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა სიუჟეტის ავტორი ჟანა აკოფაშვილი.

საქმის განხილვის თავისებურებები

საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იქნა აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვაში მონაწილეობდა მხოლოდ განმცხადებელი. მოპასუხე ჟურნალისტს მონაწილეობა არ მიუღია და ასევე არ წამოადგინა საპასუხო პოზიცია.

სამოტივაციო ნაწილი ქარტიის პირველი პრინციპი: “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.

სადავო სიუჟეტის თანახმად, „ეკა ლატარია - საპატრულო პოლიციის უფროსის დედა, ყულევის პორტში ნავთობგადამამუშავებელი კომპანიის 50 პროცენტი წილის მფლობელია“, „ნავთობგადამამუშავებელი კომპანია, სადაც სირაძეების ოჯახს ბიზნესი აქვთ, „გლობალ ოილია“.

განმცხადებელი მიუთითებდა რომ „გლობალ ოილი“, რომლის 50% წილსაც ის ფლობს, არ არის ნავთობგადამამუშავებელი კომპანია. მისი თქმით, ამ კომპანიას შექმნიდან დღემდე ტვირთის დაცლა-დატვირთვის ტექნიკური სამუშაოს გარდა, სხვა არანაირი საქმიანობა არ უწარმოებია, და ნავთობის შემოტანასთან ან გადამუშავებასთან შეხება არ ჰქონია.

სიუჟეტში არის ინტერვიუ ეკა ლატარიასთან, რომელიც უარყოფს ყულევის ტერმინალში ნავთობგადამამუშავებელი კომპანიის ფლობას. საბჭო დაინტერესდა, თუ რატომ არ ახსენა ეკა ლატარიამ, რომ მის მფლობელობაში არსებული კომპანია „გლობალ ოილი“ არ არის დაკავშირებული ნავთობის გადამუშავებასთან. აღნიშნულთან დაკავშირებით განმცხადებელმა მიუთითა რომ:

„ჟურნალისტს არ უკითხავს, ვფლობდი თუ არა კომპანია „გლობალ ოილის“ წილს. სიუჟეტის მიხედვით კი გამოიყვანეს, თითქოს „გლობალ ოილში“ ვმალავ წილს. კითხვაზე - „რა კავშირი გაქვთ ყულევის ტერმინალის წილებთან“ პასუხი გამოიყენეს სხვა კითხვის პასუხად, რითაც მიზანმიმართულად შეცვალეს კონტექსტი და ფაქტები დაამახინჯეს. როცა ინტერვიუ ჩამომართვეს საერთოდ არ უხსენებიათ კომპანია „გლობალ ოილი“ და მისი წილი. რომ ეკითხათ, აუცილებლად ვიტყოდი, ვინაიდან ამ კომპანიის შესახებ ინფორმაცია ჩემი მეუღლის დეკლარაციაშია 2013 წლიდან ასახული“.

„[სიუჟეტში] შოთა სირაძე [ეკა ლატარიას მეუღლე] ამბობს, რომ კომპანია „გლობალ ოილში“ მისი მეუღლის წილის და ყულევის ტერმინალთან კავშირების შესახებ არაფერი არ იცის“. სინამდვილეში ჟურნალისტს კომპანია „გლობალ ოილი“ შოთა სირაძესთან საერთოდ არ უხსენებია და კითხა, რომ ის და მისი მეუღლე აკონტროლებდნენ თუ არა ყულევის ტერმინალის წილებს, რაზედაც შოთა სირაძემ უპასუხა, ხომ არ ხუმრობდნენ, და რომ ყულევის ტერმინალთან, მისი წილების კურირებასთან არანაირი კავშირი არ გააჩნდათ. სიუჟეტის მიხედვით კი გამოიყვანეს, რომ შოთა სირაძე კომპანია „გლობალ ოილში“ მისი მეუღლის წილის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა და მას უარყოფდა“.

დადგენილი ფაქტია რომ ეკა ლატარია ფლობს წილს კომპანია „გლობალ ოილში“. მეორეს მხრივ, ჟურნალისტს არ ჰქონდა იმის დამადასტურებელი მყარი არგუმენტები ან/და ფაქტობრივი გარემოებები, რომ ფაქტის სახით მიეწოდებინა მაყურებლისათვის ინფორმაცია, რომ „გლობალ ოილი“ ყულევის ტერმინალში ნავთობგადამამუშაველ საქმიანობას ეწევა. როგორც ეკა ლატარიამ, ისე მისმა მეუღლემ უარყვეს ნავთობის გადამუშავებასთან კავშირი. მიუხედავად ამისა, სხვა მყარი მტკიცებულებების გარეშე [გარდა რამდენიმე რესპონდენტისა, რომელთაც თავიანთი ანტისამთავრობო პოლიტიკური დღის წესრიგი აქვთ] ჟურნალისტი მტკიცებით ფორმაში აცხადებს რომ „გლობალ ოილი“ ნავთობგადამამუშავებელი კომპანიაა, რაც წარმოადგენს გადაუმოწმებელი და დაუდასტურებელი ფაქტების გავრცელებას და პირველი პრინციპის დარღვევას. სიუჟეტში ჟურნალისტი არ ეცადა, რომ მეტი ძალისხმევა გამოეჩინა ფაქტების შესასწავლად, მაგალითად სიღრმისეულად გამოეკვლია რომელი კომპანია [სახელი, საიდენტიფიკაციო ნომერი და ა.შ.] ახორციელებს ტერმინალში ნავთობის გადამუშავებას და არის თუ არა ეს „გლობალ ოილი“.

ქარტიის მე-3 პრინციპი: “ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია” განსახილველ შემთხვევაში დადგენილია რომ ჟურნალისტს ყავდა წყარო, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია რომ თითქოს კომპანია „გლობალ ოილი“ ნავთობის გადამამუშავებელი კომპანიაა. შესაბამისად, ფორმალურად წყარო არსებობს და არ დგინდება ქარტიის მე-3 პრინციპის დარღვევა.

ქარტიის მე-4 პრინციპის თანახმად, “ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს” არც განცხადებაში იყო აღნიშნული და ვერც საქმის განხილვის დროს გამოიკვეთა ის გარემოებები, რომლებიც მიანიშნებდნენ რომ რაიმე სახის ინფორმაცია, ფოტო ან დოკუმენტი ჟურნალისტმა მოიპოვა არაკეთილსინდიერი ან/და არასამართლიანი გზით და არ დადგინდა მე-4 პრინციპის დარღვევა.

ქარტიის მე-11 პრინციპი: “ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება”. ქარტიის საბჭო მიიჩნევს რომ განსახილველ შემთხვევაში განზრახვას ადგილი არ ჰქონია. საბჭოს ამ შეფასებას ამყარებს თავად ის ფაქტიც, რომ სიუჟეტში ასახული იყო მეორე მხარის პოზიციაც.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ჟანა აკოფაშვილმა დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
  2. ჟანა აკოფაშვილს არ დაურღვევია ქარტიის მე-3, მე-4 და მე-11 პრინციპები.