გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - დავით ამირეზაშვილი გურამ ნიკოლაშვილის წინააღმდეგ
10.02.2021

განმცხადებელი : დავით ამირეზაშვილი;
მოპასუხე : გურამ ნიკოლაშვილი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;

17 დეკემბერი 2020 წელი

საქმე  N   -  404    

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: ნინა ხელაძე, გელა მთივლიშვილი, ლიკა ზაკაშვილი, კამილა მამედოვა, ზვიად ქორიძე, ნათია ზოიძე, მაია მერკვილაძე



აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა დავით ამირეზაშვილმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, 2020 წლის 06 ივლისს, გადაცემაში „დღის ქრონიკა“ დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-2, მე-3 და მე-11 პრინციპები. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა გადაცემის წამყვანი გურამ ნიკოლაიშვილი.

საქმის განხილვის თავისებურებები

საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იყო აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.

მხარეთა მოსმენა გაიმართა 2020 წლის 24 ოქტომბერს, ხოლო საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო 2020 წლის 17 დეკემბერს. 24 ოქტომბრის სხდომას დაესწრო როგორც განმცხადებელი, ისე მოპასუხე ჟურნალისტი. საქმის განხილვის დროს განმცხადებელმა მოხსნა მისი მოთხოვნა ქარტიის მე-2 პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით.   

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის პირველი პრინციპი: “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.  სიუჟეტი ძირითადად იყო ინტერვიუ საქართველოს ფინანსთა მინისტრთან ივანე მაჭავარიანთან. გადაცემის მსვლელობისას ჟურნალისტი ასევე შეეხო ტურიზმის საინიციატივო ჯგუფის მიერ 2020 წლის 6 ივლისს გამართულ საპროტესტო აქციას. ჟურნალისტმა აღნიშნა რომ 1. ეს იყო გიდების აქცია  და იქვე დასძინა რომ 2. აქციის მონაწილეები/გიდები არ არიან რეგისტრირებულნი და არ იხდიან გადასახადებს.  სწორედ ამ ფრაზებთან დაკავშირებით ჰქონდა პრეტენზიები განმცხადებელს.

ქარტიის საბჭო არ მიიჩნევს რომ ფრაზით „გიდების აქცია“ ადგილი ჰქონდა პირველი პრინციპის დარღვევას/არასწორი ინფორმაციის გავრცელებას. რა თქმა უნდა დასაშვებია რომ აღნიშნულ აქციაში უშუალოდ გიდების გარდა, ტურისტული სექტორის სხვა წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, მაგრამ საბჭოს შეფასებით, მნიშვნელოვანია დადგინდეს რამდენად ჰქონდა ადგილი არსებითად არასწორი ინფორმაციის გავრცელებას. ჟურნალისტის მიერ ფრაზით „გიდების აქცია“ მაყურებლისათვის ცხადი იყო რომ საპროტესტო აქცია ორგანიზებული იყო ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების მიერ. იმის დაზუსტება რომ ამ აქციაში ტურიზმის სექტორის სხვა წარმომადგენელიც [მძღოლები, აპარტამენტების მფლობელები და ა.შ.] მონაწილეობდნენ, არ ცვლიდა არსებითად აქციის შინაარს და მაყურებელს მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ დაკლებია. აქვე აღსანიშნავია რომ თავად აქცია ორგანიზებული იყო FAჩEBOOK ჯგუფის მიერ, რომლის სახელია „ინფო გიდებისთვის“.

რაც შეეხება მეორე ნაწილს, კერძოდ ჟურნალისტის განცხადებას რომ  გიდები არ არიან რეგისტრირებულები და არ იხდიან გადასახადებს. აღნიშნული ფრაზის მტკიცებით ფორმაში მაყურებლისათვის მიწოდება ჟურნალისტს შეეძლო მხოლოდ ორ შემთხვევაში 1. თუ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გიდის საქმიანობა გათავისუფლებულია გადასახადისაგან 2. ჟურნალისტმა დარწმუნებით იცოდა, რომ აქციაზე მყოფ არც ერთ პირს თავისი საქმიანობიდან გამომდინარე გადასახადი არ ჰქონდა გადახდილი.

საბჭომ მიმართა ჟურნალისტს, წარმოედგინა მტკიცებულება, თუ რის საფუძველზე დაასკვნა რომ აქციაზე მყოფი პირები გადასახადებს არ იხდიდნენ. გურამ ნიკოლაშვილმა საბჭოს მიაწოდა FAჩEBOOK ჯგუფში „ინფო გიდებისთვის“, ერთ - ერთი მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებული სტატუსი, სადაც მომხმარებელი აღნიშნავდა რომ გიდის პროფესია თავისი არსით „ფრილანსერობაა“ და კანონის მიხედვით ზოგადად გათავისუფლებულია გადასახადებისაგან.

თავის მხრივ ქარტიის საბჭომ როგორ შემოსავლების სამსახურში, ისე საგადასახადო სამართლის სპეციალისტებთან გადაამოწმა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს გიდების გადასახადებისაგან გათავისუფლებას ზოგადი წესით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს რომ FAჩEBOOK ჯგუფში, ერთ - ერთი მომხმარებლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ აძლევდა ჟურნალისტს უფლებას რომ მტკიცებით ფორმაში გაეცხადებინა რომ გიდები გადასახადებს არ იხდიან. რა თქმა უნდა არ გამოირიცხება რომ ზოგიერთი თავს არიდებს გადასახადების გადახდას ან არ რეგისტრირდება გადასახადის გადამხდელად, მაგრამ ეს არის საგადასახადო ადმინისტრირების პრობლემა და არა საგადასახადო შეღავათი. ამ ფრაზით ჟურნალისტმა მაყურებელს მიაწოდა ინფორმაცია რომ მაშინ როცა მოსახლეობის უმრავლესობა მის მიერ გამომუშავებულ შემოსავალზე გადასახადს იხდის, კანონი ნებას რთავს გიდებს რომ გადასახადები არ გადაიხადონ. თუ ჟურნალისტი თავის ფრაზაში გულისხმობდა გადასახადების  ადმინისტრირების პრობლემას ტურისტული მომსახურების სფეროში, მას ეს გარკვევით და სრულად ეთქვა და ამით თავი აერიდებინა აუდიტორიისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებისაგან, რომ თითქოს გიდები გადასახადების გადახდისგან არიან გათავისუფლებულები.   

ქარტიის მე-3 პრინციპი “ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია”. ქარტიის საბჭო მიიჩნევს რომ განსახილველ შემთხვევაში მე-3 პრინციპი არ დარღვეულა.  აქცია ნამდვილად შედგა და ასევე გადასახადების გადახდასთან დაკავშირებით წყარო [FAჩEBOOK ჯგუფში პოსტი]  არსებობდა.


ქარტიის მე-11 პრინციპი „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“. საქმის განხილვისას საბჭო მივიდა დასკვნამდე რომ ადგილი ჰქონდა მხოლოდ გადაუმოწმებელი ფაქტის გავრცელებას, და არა განზრახვას. ჟურნალისტმა ინფორმაცია მიიღო სოციალური ქსელიდან, არ გადაამოწმა და ამით დაარღვია ქარტიის პირველი და არა მე-11 პრინციპი.


სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1.    გურამ ნიკოლაშვილმა დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
2.    გურამ ნიკოლაშვილს არ დაურღვევია ქარტიის  მე-3 და მე-11 პრინციპი.