გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - მანუჩარ კუკავა პაპუნა შუშანიას წინააღმდეგ
14.02.2021

განმცხადებელი : მანუჩარ კუკავა;
მოპასუხე : პაპუნა შუშანია;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 10 პრინციპი;

12 ნოემბერი 2020 წელი

საქმე  N   -  415    

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: მაია მერკვილაძე, ზვიად ქორიძე, კამილა მამედოვა, გელა მთივლიშვილი, ლიკა ზაკაშვილი, ირმა ზოიძე


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა მანუჩარ კუკავამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2020 წლის 31 ივლისს, “TV პირველის” ეთერში გასულ სიუჟეტში დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-4, მე-5, მე-6 და მე-10 პრინციპი.  მოპასუხე ჟურნალისტი - სიუჟეტის ავტორი პაპუნა შუშანია.

საქმის განხილვის თავისებურებები

საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო საბჭოს წევრების მიერ პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

ქარტის საბჭოს საქმის წარმოების წესის 4.4 პუნქტის თანახმად „გამონაკლის შემთხვევებში, თუ საბჭო თვლის რომ წარმოდგენილი განცხადება და სადავო ჟურნალისტური პროდუქტი საკმარისია გადაწყვეტილების მისაღებად, შესაძლებელია გადაწყვეტილება მიღებულ იქნას მხარეთა მონაწილეობის გარეშე, მათ შორის მხარეთაგან დამატებითი ინფორმაციის/განმარტების გამოთხოვის გარეშე“.  საბჭომ  განცხადება განიხილა აღნიშნული გამონაკლისის ფარგლებში, რადგან მიიჩნია,  რომ წარმოდგენილი განცხადება და სადავო ჟურნალისტური პროდუქტი საკმარისი იყო გადაწყვეტილების მისაღებად.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის პირველი პრინციპი: “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.

სადავო სიუჟეტში აღწერილია, რომ სამართალდამცავმა ორგანომ დააკავა საჯარო მოხელე და ბრალად წაუყენა პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება და  გავრცელება. სიუჟეტში, რეალური ბრალდებული პირის ფოტოს ნაცვლად, ჟურნალისტმა გამოიყენა განმცხადებელ მანუჩარ კუკავას ფოტო. სიუჟეტში არასწორი ფოტოს გამოყენება აღიარა თავად ტელევიზიამაც. შესაბამისად, გავრცელდა არასწორი ინფორმაცია და დაირღვა პირველი პრინციპი.

მე-4 პრინციპი: „ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს“. საბჭოს შეფასებით, მე-4 პრინციპის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. როგორც განმცხადებელმაც მიუთითა, სიუჟეტში გამოყენებული ფოტო მისი სოციალური ქსელის გვერდიდან, ანუ საჯარო წყაროდან აიღეს და ფოტო არ მოუპოვებიათ არაკეთილსინდისიერი ან არასამართლიანი მეთოდით. ის გარემოება, რომ სხვა პირის ფოტოს ნაცვლად გამოიყენეს განმცხადებელ მანუჩარ კუკავას ფოტო, მიუთითებს ქარტიის პირველი და არა მე-4 პრინციპის დარღვევაზე.

ქარტიის მე-5 პრინციპი „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“.  როგორც დადგინდა, სადავო სიუჟეტით გავრცელდა არასწორი ინფორმაცია. მედიასაშუალებამ მალევე შენიშნა, რომ სხვა პირის ფოტო გამოიყენა, შეცდომა დაუშვა და მაყურებელს ბოდიში მოუხადა, ასევე მათ მფლობელობაში/განკარგულებაში არსებული ყველა პლატფორმიდან ჩახსნეს ის სიუჟეტი, რომელიც არასწორ ინფორმაციას შეიცავდა. ქარტიის საბჭოს დამსწრე წევრთაგან 6 -მა მიიჩნია, რომ ეს იყო საკმარისი ქმედებები მედიასაშუალების მხრიდან ინფორმაციის შესასწორებლად და ამ შემთხვევაში მე-5 პრინციპის დარღვევა არ დადგინდა. აქვე აღსანიშნავია, რომ საბჭოს ერთმა წევრმა დააფიქსირა განსხვავებული აზრი, რომელიც თან ერთვის წინამდებარე გადაწყვეტილებას.

ქარტიის მე-6 პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტის მორალური პასუხისმგებლობაა, არ გაამჟღავნოს კონფიდენციურად მოპოვებული ინფორმაციის წყარო“ განცხადებაში არ იყო მითითებული, რაში გამოიხატებოდა მე-6 პრინციპის დარღვევა, თავის მხრივ საბჭომ სადავო სიუჟეტში ვერ გამოკვეთა გარემოება, რომელიც იქნებოდა მე-6 პრინციპის დარღვევის საფუძველი/წინაპირობა.

მე-10 პრინციპი:  “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.” ქარტიის საბჭომ საქმეში „მარინე მინდორაშვილი 5 მედიასაშუალების წინააღმდეგ (2017 წელი)“ აღნიშნა, რომ „მე-10 პრინციპის მიზნებისათვის არა აქვს არსებითი მნიშვნელობა გავრცელებული ინფორმაცია იყო სწორი თუ პირიქით, არ შეესაბამებოდა სიმართლეს. მთავარია, რამდენად დაზიანდა პირის ინტერესი“. განსახილველ შემთხვევაში საზოგადოებამ მიიღო ინფორმაცია, რომ  თითქოს მანუჩარ კუკავა დააკავეს დანაშაულის ჩადენის ბრალდებით. თავად განმცხადებელიც აღნიშნავდა, რომ ამ ინფორმაციამ  ჯანმრთელობის პრობლემა შეუქმნა მისი ოჯახის წევრებს. შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ მანუჩარ კუკავას პირადი ცხოვრების შესახებ [რომ თითქოს ის დააკავეს] არასწორი ინფორმაციის გავრცელებით დაირღვა ქარტიის მე-10 პრინციპი.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1.    პაპუნა შუშანიამ დაარღვია ქარტიის პირველი და მე-10 პრინციპი.
2.    პაპუნა შუშანიას არ დაურღვევია ქარტიის მე-4, მე-5 და მე-6 პრინციპი.



საბჭოს წევრის, გელა მთივლიშვილის განსხვავებული აზრი


ქარტიის მე-5 პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით, საბჭოს წევრმა გელა მთივლიშვილმა განსხვავებული აზრი დააფიქსირა. მას მიაჩნია, რომ მართალია, უშუალოდ “TV პირველის” პლატფორმიდან არაზუსტი ფოტოს შემცველი სიუჟეტი მოიხსნა, მაგრამ Gოოგლე საძიებო სისტემით გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ რამდენიმე სხვა მედია საშუალების [itv.ge, www.facebook.com/www.presa.ge] პლატფორმებზე კვლავ იძებნება “TV პირველის” სიუჟეტი.

ასეთი შემთხვევები ხშირია და ადამიანებს, რომლებიც ჟურნალისტის/მედიის მიერ ეთიკური სტანდარტების უპატივცემულობის/დარღვევის გამო დაზარალდნენ, თავად უწევთ ბევრი სიძნელის გადალახვა იმისთვის, რომ მათ მიმართ გავრცელებული არასწორი ინფორმაცია, სულ მცირე ხელმისაწვდომი აღარ იყოს.

ინტერნეტში ინფორმაციის გავრცელების სისწრაფისა და დღეს არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, როცა ინტერნეტგვერდები რომელიმე მედიის მიერ მომზადებულ მასალას ისე აზიარებენ, რომ ხშირ შემთხვევაში არათუ მისი შინაარსის ნამდვილობას არ ამოწმებენ, არამედ პირველწყაროსაც კი არ უთითებენ,  ინფორმაციის უზუსტობით პირისთვის ზიანის მიყენების რისკები ბევრად გაზრდილია.

დამატებით მოხმობილი ინფორმაცია არ ეხება 2020 წლის 31 ივლისს “TV პირველის” ეთერში გაშუქებულ ამბავს, თუმცა განსახილველი საქმის იდენტურია. 2020 წლის ნოემბერში, თბილისში მ.მ-ის მკვლელობის შესახებ, ერთ-ერთმა ინტერნეტ-გამოცემამ სტატიაში [რას ყვებიან მეზობლები თემქაზე მომხდარ საზარელ მკვლელობაზე - https://www.ambebi.ge/article/251686] მთავარ ფოტოდ მოკლულისა და მკვლელობაში ბრალდებული ნ.ნ-ს ფოტო გამოიყენა. ფოტოზე, მკვლელობაში ბრალდებულის სტატუსით ნაჩვენები ნ.ნ. არ არის ის პირი, ვისაც პროკურატურამ მკვლელობისთვის ბრალი წაუყენა. მათი სახელი და გვარი ემთხვევა ერთმანეთს და სტატიის ავტორმა სოციალურ ქსელში ნ.ნ-ს გვერდიდან ფოტო ისე გამოიყენა და საზოგადოებას ისე წარუდგინა მკვლელობაში ბრალდებულად, რომ პირის ზუსტი იდენტიფიცირებისთვის ფაქტები არ გადაამოწმა. მკვლელობაში არასწორად დადანაშაულებული ნ.ნ-ს ახლობლებმა, თბილისში მომხდარი მკვლელობის შესახებ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც ნ.ნ-ს ფოტოს თანხლებით სტატია ინტერნეტ გვერდებსა და სოციალურ ქსელში გავრცელდა. იმ ინტერნეტ-გამოცემასთან სატელეფონო კომუნიკაციის შემდეგ, რომელმაც ნ.ნ-ს ფოტო არასწორად პირველად გაავრცელა, ვებგვერდიდან ნ.ნ-ს ფოტო ისე წაიშალა, რომ მასალაში შესწორების შესახებ არავითარი შენიშვნა არ გაკეთებულა, თუმცა უდანაშაულო პირის ნ.ნ-ს ფოტო, როგორც მ/მ-ს მკვლელობაში ბრალდებული, პირველწყაროდან გაზიარებული სტატიის ჩათვლით, დღემდე იძებნება სხვადასხვა ვებგვერდსა და ინტერნეტ-გამოცემაში. ნ.ნ-ს ახლობლების არაერთი მცდელობის მიუხედავად, რამდენიმე ინტერნეტ-რესურსთან დაკავშირება მათ საერთოდ ვერ მოახერხეს.

შესაბამისად, ეთიკური ვალდებულებების პატივისცემისა და სრულად შესრულებისათვის, TV პირველი / ჟურნალისტი ვალდებული იყო პროაქტიური ქმედებები განეხორციელებინა, რათა არასწორი ინფორმაციის შემცველი სიუჟეტი სხვა პლატფორმებიდაც მოაეხსნათ ან შეესწორებინათ. ამ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის მე-5 პრინციპი.