16.02.2021
განმცხადებელი : ანა აფციაური;
მოპასუხე : ვლადიმერ გუცაევი, გია თვალაბეიშვილი;
დარღვეული პრინციპები : 7 პრინციპი;
23 იანვარი 2021 წელი
საქმე N - 432
საბჭოს თავმჯდომარე: კამილა მამედოვა
საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, ნანა ბიგანიშვილი, ნინა ხელაძე, ნათია ზოიძე, ნინო ჯაფიაშვილი, გულო კოხოძე.
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ანა აფციაურმა. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, 2020 წლის 1 ოქტომბერს გასულ გადაცემაში "ტაიმაუტი", დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტებად განისაზღვრნენ გადაცემის წამყვანები ვლადიმერ გუცაევი და გია თვალაბეიშვილი.
საქმის განხილვის თავისებურებები
საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო
ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იყო აპლიკაცია Zoom-ის
მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს
საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ
გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური
ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენებით [სოციალური ქსელი,
ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
ქარტის საბჭოს საქმის წარმოების
წესის 4.4 პუნქტის თანახმად„გამონაკლის შემთხვევებში, თუ საბჭო
თვლის რომ წარმოდგენილი განცხადება და სადავო ჟურნალისტური პროდუქტი
საკმარისია გადაწყვეტილების მისაღებად, შესაძლებელია გადაწყვეტილება
მიღებული იქნას მხარეთა მონაწილეობის გარეშე, მათ შორის მხარეთაგან
დამატებითი ინფორმაციის/განმარტების გამოთხოვის გარეშე“.
განცხადება საბჭომ განიხილა აღნიშნული გამონაკლისის ფარგლებში,
ვინაიდან მიიჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადება და სადავო
ჟურნალისტური პროდუქტი საკმარისი იყო გადაწყვეტილების
მისაღებად.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის მეშვიდე პრინციპი: “ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.
სადავო გადაცემაში სტუმრად
მოწვეულმა მერაბ ჟორდანიამ საქართველოს საფეხბურთო ლიგაში მოთამაშე
ერთ-ერთ ლეგიონერ ფეხბურთელზე საუბრისას განაცხადა:„ამერიკაში ის
მოძრაობა რომ არის, ზანგების, Black Lives Matter, იმათ საწინააღმდეგო
რამე არ დამბრალდეს. მე ძალიან მიყვარს ფერადკანიანი სპორტსმენები. ის
ცენტრალური დამცველი, ფერადკანიანი, იმას საქართველოში ცხოვრება თუ
უნდა, ჩვენ სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და წავიყვანოთ, ან აჭარაში
მანდარინის კრეფა იწყება, სამეგრელოში თხილს კრეფენ, თბილისში
მშენებლობებია. მივიყვანოთ და ვამუშავოთ და პატივი ვცეთ. რა უნდა იმას
მურთაზის და საშას „მაიკა“ აცვია?!“ არც ერთ წამყვანს ამ
მოსაზრებაზე რეაგირება არ ჰქონია, მხოლოდ გია თვალაბეიშვილმა
სტუმარს ტერმინი „ზანგები“ „ფერადკანიანებით“ შეუსწორა.
განმცხადებელი მიუთითებდა რომ:
● „რასიზმი
წარმოადგენს ადამიანის უფლებების დარღვევის, სასტიკი და არაჰუმანური
მოპყრობის, დისკრიმინაციის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პრაქტიკას.
რასობრივი ნიშნით დისკრიმინაციის გამოცდილება საქართველოშიც არსებობს.
მათ შორის, იკვეთება უცხო ქვეყნების [განსაკუთრებით აზიისა და
აფრიკის] წარმომადგენლებისა და მიგრანტების მიმართ, აგრესიისა და
ქსენოფობიის მზარდი ტენდენცია [რასობრივი შეუწყნარებლობა და
ქსენოფობია - უცხოელთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში,
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინტიტუტი [TDI], 2019].
საქართველოში მცხოვრები აზიისა და აფრიკის მოქალაქეები ხშირად
საუბრობენ სისტემურ პრობლემებზე“
●
“უკანასკნელ წლებში სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციის, კლუბის თუ
სპორტსმენის მიერ აქტიურად ხდება ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით,
მოწყვლადი ჯგუფებისა და თანასწორობის იდეის მხარდაჭერა. მათ შორის,
1993 წლიდან დიდ ბრიტანეთში კამპანია “Kick it out" დაიწყო,
რომელიც ინგლისურ ფეხბურთში თანასწორობისა და ინკლუზიურობის მიღწევის
ერთ-ერთ პირველ მცდელობას წარმოადგენს. ამჟამად, “Kick it out”
ორგანიზაციის ფორმით ფუნქციონირებს და სხვადასხვა საფეხბურთო კლუბების
აქტიური ჩართულობით საინფორმაციო, საგანმანათლებლო კამპანიებს
ატარებს. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს პრემიერლიგამ კამპანია “No Room
For Racism" დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, აპროტესტებს
რასის ნიშნით დისკრიმინაციას და პოლიციურ ღონისძიებებს, ხოლო მეორე
მხრივ, მსოფლიოს მასშტაბით მხარს უჭერს თანასწორობისა და
მრავალფეროვნების იდეებს”.
საბჭო იზიარებს განმცხადებლის
ზემოაღნიშნულ პოზიციას და ასევე იმ არგუმენტაციას, რომ შავკანიანი
ადამიანების მონობა ადამიანის უფლებების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე
მძიმე პრაქტიკაა ისტორიაში. ხოლო სტუმრის მიერ დასახელებული
საქმიანობები [თხილის კრეფა, მანდარინის კრეფა, მშენებლობა]
შავკანიანი ადამიანების ისტორიული მონობისა და შრომითი ექსპლუატაციის
პრაქტიკის შეხსენებაა. საბჭოს დარჩა შთაბეჭდილება, რომ სწორედ კანის
ფერს დაუკავშირა რესპონდენტმა იმ სამუშაოების ჩამონათვალი,
რომელისთვისაც „შესაფერისი“ იყო ფეხბურთელი და არა ფეხბურთის
თამაშისათვის, რითაც სატელევიზიო ეთერით გავრცელდა დისკრიმინაციული და
სტიგმის შემცველი მოსაზრებები. მეორეს მხრივ, ჟურნალისტებმა დაარღვიეს
თავისი ვალდებულებები, რომლის თანახმად რესპონდენტის დისკრიმინაციულ
გამონათქვამებს ჟურნალისტი პირდაპირ ეთერშივე უნდა გაემიჯნოს და
დაუპირისპირდეს. მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, ხელი არ
შეუწყოს დისკრიმინაციას, სტიგმატიზაციას და სიძულვილის
წახალისებას.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
- ვლადიმერ გუცაევმა და გია თვალაბეიშვილმა დაარღვიეს ქარტიის მე-7 პრინციპი.