16.02.2021
განმცხადებელი : ააიპ სოციალურ მუშაკთა გაერთიანება;
მოპასუხე : “TV პირველის” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
28 ნოემბერი 2020 წელი
საქმე N - 416
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: ნინა ხელაძე, გელა
მთივლიშვილი, ლიკა ზაკაშვილი, კამილა მამედოვა, ზვიად ქორიძე, ნათია
ზოიძე, მაია მერკვილაძე
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით
მომართა ააიპ სოციალურ მუშაკთა გაერთიანებამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ
,,TV პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტში „ჩამორთმეული
ბავშვი“ დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-7 და მე-10 პრინციპები.
საქმის განხილვის თავისებურებები
საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც
ორგანიზებული იყო აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის
წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ
საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში
მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების
გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და
აუდიო ზარები]“.
სადავო სიუჟეტზე მითითებული არ იყო ავტორი ჟურნალისტი. საბჭოს
სამდივნომ მიმართა მედიასაშუალებას, რომ ეცნობებინა პასუხისმგებელი
პირი, მაგრამ საბჭოს ეს ინფორმაცია არ მიაწოდეს და ვერ მოხდა
კონკრეტული პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირება. ასეთ შემთხვევაში
ქარტიის საქმის წარმოების წესის [პუნქტი 3.4] თანახმად, „თუ
შეუძლებელია პასუხისმგებელი პირის მოძიება, ეს არ აფერხებს
განცხადების განხილვას და ქარტიის გადაწყვეტილებაში მოპასუხედ
მიეთითება არაიდენტიფიცირებული ავტორი/ჟურნალისტი“.
საქმის განხილვას დაესწრო განმცხადებლის
წარმომადგენელი.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის პირველი პრინციპი: "ჟურნალისტმა პატივი
უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი
ინფორმაცია”. სიუჟეტი ეხებოდა ბიოლოგიური მშობლის ოჯახისგან
ბავშვის განცალკევებას და სხვა ოჯახისათვის მინდობით აღზრდაში
გადაცემას.
1. განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ გადაცემაში სოციალური მუშაკი
მოხსენიებული იყო როგორც სოციალური აგენტი, რაც იწვევდა ქარტიის
პირველი პრინციპის დარღვევას. „სოციალური აგენტის ფუნქცია და
უფლება-მოვალეობები, აბსოლუტურად განსხვავდება სოციალური მუშაკის
ფუნქცია-მოვალეობებისგან. სოციალური მუშაკის მთავარი ფუნქციაა
პრევენციული სოციალური მუშაობის ჩატარება. მისი მოვალეობაა იზრუნოს
ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის დაცვაზე, მათ შორის, მისი უფლებების
დაცვაზე; იზრუნოს ბენეფიციარის კეთილდღეობაზე, განახორციელოს მისი
ადვოკატირება და დაიცვას მისი უფლებები; ხოლო სოციალური აგენტი
სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილი პირია, რომლის კომპეტენცია
ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის
აღწერა/შეფასებაა“.
საბჭო აღნიშნავს რომ მთელი სიუჟეტის განმავლობაში ჟურნალისტი
სწორად და შესაბამისად იყენებდა ტერმინს „სოციალური მუშაკი“ და მხოლოდ
ერთ მომენტში, სოციალური მუშაკთან სატელეფონო საუბრის დროს ტიტრად
მითითებულია „სოციალური აგენტი“. საბჭო აღნიშნავს, რომ ზოგადად
მნიშვნელოვანია ტერმინების სწორად გამოყენება, თუმცა განსახილველ
შემთხვევაში მხოლოდ ერთხელ იყო არასწორად გამოყენებული, ისიც
ტექნიკური კუთხით [ტიტრი], შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ ეს არ
არის საკმარისი საფუძველი რომ ამ ნაწილში ქარტიის პირველი პრინციპი
დარღვეულად იქნას მიჩნეული.
2. სადავო სიუჟეტში ჟურნალისტი მტკიცებით ფორმაში ამბობს, რომ
„მიზეზი, რის გამოც მარტოხელა დედას შვილი ჩამოართვეს - ერთოთახიანი
ბინაა“. „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ თანახმად [26.5], „ბავშვი
მშობლისგან არ უნდა განცალკევდეს მხოლოდ იმის გამო, რომ მშობელს არ
აქვს სათანადო საცხოვრებელი პირობები ან ფინანსური სახსრები“.
ნორმატული აქტიც „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების)
პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ ასევე არ ითვალისწინებს ოჯახის
ფინანსურ/მატერიალური მდგომარეობის საფუძველზე ბავშვის განცალკევებას
მშობლისაგან. შესაბამისად, მხოლოდ დედის მიერ მოწოდებული ინფორმაციის
საფუძველზე, რომ საცხოვრებელი პირობების გამო მოხდა განცალკევება, არ
აძლევდა უფლებას ჟურნალისტს, რომ ეს მტკიცებით ფორმაში
განეცხადებინა.
3. სიუჟეტში ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ „დედას შვილთან ერთად
სოციალური შემწეობაც ჩამოართვეს“. მაყურებელს რჩება შთაბეჭდილება, რომ
ორივე ეს გადაწყვეტილება ერთმანეთთან კავშირშია და სოციალური
შემწეობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაც სოციალურმა მუშაკმა
მიიღო. შესაბამისი კანონმდებლობის თანხმად, მშობლისაგან ბავშვის
განცალკევება არავითარ კავშირში არ არის სოციალური შემწეობის
დანიშნვა/შეწყვეტასთან და ამ გადაწყვეტილების მიღება არ არის
სოციალური მუშაკის კომპეტენცია. შესაბამისად, ამ ნაწილშიც არასწორი
ინფორმაცია მიაწოდა ჟურნალისტმა აუდიტორიას.
4. სიუჟეტში ერთ-ერთი რესპონდენტი ასევე საუბრობდა, რომ, მისი
აზრით, განცალკევების მიზანი ბავშვის გაშვილება იყო. „შვილად აყვანისა
და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად,
გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი ენიჭება ბავშვს: ა) რომლის
მშობელი (მშობლები) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა; ბ)
რომელიც არის ობოლი; გ) რომელიც სასამართლომ მიტოვებულად
აღიარა; დ) რომლის მშობელს (მშობლებს) სასამართლომ ჩამოართვა მშობლის
უფლება; ე) რომლის ყველა კანონიერი წარმომადგენელი აცხადებს თანხმობას
მის გაშვილებაზე მინისტრის მიერ დადგენილი წესით. აღნიშნულიდან
გამომდინარე, ცალსახაა, რომ განცალკევებულ ბავშვს არ შეიძლებოდა
მინიჭებოდა გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი. განსახილველ შემთხვევაში
ეს მნიშვნელოვანი გარემოება იყო და ჟურნალისტი ვალდებული იყო
მიეწოდებინა მაყურებლისათვის, რათა აუდიტორიას სცოდნოდა რომ ბავშვი
ვერ გაშვილდებოდა. როცა ჟურნალისტი ასეთ სენსიტიურ თემას აშუქებს, იგი
ვალდებულია ყოველმხრივ გადაამოწმოს, გამოიკვლიოს ამბავი და ისე
მიაწოდოს აუდიტორიას.
ქარტიის მე-7 პრინციპი: “ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის
მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა
იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის,
სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა
შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე
სხვა ნიშნით”. განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ
ფაქტის ამგვარი გაშუქება ხელს უწყობს საზოგადოებაში სტერეოტიპის
განმტკიცებას სოციალური მუშაკის როლთან და ფუნქციასთან დაკავშირებით
და იწვევს მათ სტიგმატიზაციას. „ასეთი სენსიტიური შეთხვევის
ამგვარი გაშუქება ცალსახად იწვევს პროფესიის დისკრედიტაციას,
საზოგადოებაში ამკვიდრებს უარყოფით დამოკიდებულებას სოციალური
მუშაკების მიმართ და იწვევს ნდობის დაკარგვას პროფესიის
მიმართ“.
საბჭოს აზრით, ფაქტის არასწორმა გაშუქებამ შეიძლება ამა თუ
იმ პირის მიმართ გამოიწვიოს ნეგატიური დამოკიდებულებები ან მისი
დისკრედიტაცია. მაგრამ ეს თავისთავად არ გულისხმობს მე-7 პრინციპის
დარღვევას. აღნიშნული პრინციპი თავის თავში მოიცავს დისკრიმინაციას,
სიძულვილის ენის გამოყენებას ან სტიგმატიზაციას. განმცხადებლის
არგუმენტიდან ჩანს რომ იგი აქცენტს აკეთებს სტიგმატიზაციაზე. მხოლოდ
არასწორი ინფორმაციის გავრცელება სტიგმატიზებას არ იწვევს. საბჭო
ფრთხილად ეკიდება არასწორი ინფორმაციის გავრცელებასა და
სტიგმატიზაციას შორის კავშირების დადგენას. არასწორი
ინფორმაციის გავრცელებამ შესაძლოა გამოიწვიოს პირის ან პირთა
ჯგუფის სტიგმატიზება, თუ თავად ეს პირი ან პირთა ჯგუფი არის მოწყვლადი
ან მათ მიმართ, ამა თუ იმ მიზეზით, საზოგადოებაში უკვე არსებობს
სტიგმა. საბჭო არ მიიჩნევს, რომ სოციალური მუშაკი ან სოციალური
სამსახური, მით უფრო რომ თავისი არსით საჯარო სამსახურს წარმოადგენს,
არის სტიგმის ობიექტი საზოგადოებაში ან მოწყვლადი ჯგუფი. შესაბამისად,
არ მიიჩნევს რომ მის/მათ შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებით
მოხდა სტიგმატიზაცია.
ქარტიის მე-10 პრინციპის თანახმად, “ჟურნალისტმა
პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად
ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი
ინტერესი”. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ „აღნიშნული
სიუჟეტის გაშუქების დროს ჟურნალისტმა რამდენჯერმე გარკვევით
ახსენა სოციალური მუშაკის სახელი და გვარი, რამაც გამოიწვია
სოციალურ მუშაკის პირად FB გვერდზე თავდასხმები, ფსიქოლოგიური ზეწოლა,
შეურაცხყოფა, დაცინვა, მუქარა და სხვ.”. საბჭო აღნიშნავს, რომ
განსახილველ შემთხვევაში არის რამდენიმე გარემოება, რომელთა
ერთობლიობის საფუძველზე მე-10 პრინციპი არ დარღვეულა: 1. სოციალური
მუშაკი ახორციელებდა საჯარო უფლებამოსილებას და მისი სახელი და გვარი
გავრცელდა ამ უფლებამისილების განხორციელების ფარგლებში; 2. არ
მომხდარა სოციალური მუშაკის პირადი ცხოვრების შესახებ ისეთი
ინფორმაციის გავრცელება, რომელიც დაკავშირებული არ იყო მის მიერ
საჯარო უფლებამოსილების განხორციელებასთან; 3. თავად სოციალურმა
მუშაკმა მისცა ინტერვიუ ჟურნალისტს; 4. ზოგადად გაშუქებული ამბის
მიმართ არსებობდა საზოგადოებრივი ინტერესი. შესაბამისად, ქარტიის
მე-10 პრინციპი არ დარღვეულა.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
1. TV პირველის არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია
ქარტიის პირველი პრინციპი.
2. TV პირველის არაიდენტიფიცირებულ ჟურნალისტს არ
დაურღვევია ქარტიის მე-7 და მე-10 პრინციპი.