გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - გიორგი ნიორაძე commersant.ge-ის არადეინტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ
16.02.2021

განმცხადებელი : გიორგი ნიორაძე;
მოპასუხე : commersant.ge-ის არაიდენიტიფიცირებული ჟურნალისტი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 11 პრინციპი;

28 ნოემბერი 2020 წელი 
 
საქმე N - 419 
 
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
 
საბჭოს წევრები: ნინა ხელაძე, გელა მთივლიშვილი, ლიკა ზაკაშვილი, კამილა მამედოვა, ზვიად ქორიძე, ნათია ზოიძე, მაია მერკვილაძე
 
 
აღწერილობითი ნაწილი

 
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა გიორგი ნიორაძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2020 წლის 11 აგვისტოს, commersant.ge-ს გამოქვეყნებულ სტატიაში „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ არალიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა“ დაირღვა ქარტიის 1-ლი და მე-11 პრინციპი.
 
საქმის განხილვის თავისებურებები 
 
მოპასუხე მედიასაშუალების მიერ  გამოქვეყნებულ სტატიაზე მითითებული არ იყო ავტორი ჟურნალისტი. საბჭოს სამდივნომ მიმართა მედიასაშუალებას, რომ ეცნობებინათ პასუხისმგებელი პირი, მაგრამ საბჭოს ეს ინფორმაცია არ მიაწოდეს და ვერ მოხდა კონკრეტული პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება. ასეთ შემთხვევაში ქარტიის საქმის წარმოების წესის [პუნქტი 3.4] თანახმად, „თუ შეუძლებელია პასუხისმგებელი პირის მოძიება, ეს არ აფერხებს განცხადების განხილვას და ქარტიის გადაწყვეტილებაში მოპასუხედ მიეთითება არაიდენტიფიცირებული ავტორი/ჟურნალისტი“.
 
საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იყო აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
 
საქმის განხილვას დაესწრო მხოლოდ განმცხადებელი.
 

სამოტივაციო ნაწილი 

 
ქარტიის პირველი პრინციპი: “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.
 
სადავო სტატიაში მტკიცებით ფორმაში მითითებული იყო რომ:
1. „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ აქციები არალიკვიდურობის გამო მოიხსნა ლონდონის საფონდო ბირჟიდან.
2. ეს ფაქტი მენეჯმენტის არაპროფესიონალიზმის და არაკომპეტენტურობის დამსახურებაა. 
3. “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი” მოხსენიებულია როგორც კომპანია, რომელსაც ლობირებს მთავრობა. 
4.„მოზიდული კაპიტალის დივიდენდებში დაბანდება ორგანიზაციის [იგულისხმება საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი] კუთვნილ საავადმყოფოებში პაციენტების „შემთხვევითი“ გარდაცვალების პარალელურად ხდებოდა“.
5. „[ორგანიზაციაში] არავინ ზრუნავს ექიმებისთვის სამუშაო პირობების შექმნაზე და  მათი  კვალიფიკაციის  ამაღლებაზე“.
6. „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს“ ჯანდაცვის სექტორში ინვესტიცია ფაქტიურად არ განუხორციელებია.
 
განმცხადებლის თქმით, სრულიად გაუგებარია, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეირაცხა ჯგუფის მენეჯმენტი ჟურნალისტის მიერ არაპროფესიონალად და არაკომპეტენტურად. „ჟურნალისტს არასოდეს მოუთხოვია კომპანიისგან ინფორმაცია და საკითხში სიღრმისეული გარკვევა, როგორც ეს პროფესიონალური ჟურნალისტიკისთვის უნდა იყოს მახასიათებელი. ჩვენთვის მომართვისა და საკითხით მართლაც დაინტერესების შემთხვევაში, კომერსანტი კარგად შეძლებდა იმის გარკვევას, რომ მოზიდული 100 მილიონი აშშ დოლარის უმეტესი ნაწილი მოხმარდა ქვეყანაში რამდენიმე მულტიპროფილური ჰოსპიტლისა და არაერთი პოლიკლინიკის თანამედროვე სტანდარტების მიხედვით შექმნას, აღჭურვასა და დაკომპლექტებას“. ასევე ჟურნალისტი უარგუმენტოდ ახდენს ირიბ და დამცინავ მითითებას, რომ “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” საავადმყოფოებში პაციენტების გარდაცვალება „შემთხვევით“ ხდება. 
 
საბჭო იზიარებს განმცხადებლის პოზიციას და მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა  მკითხველს მტკიცებითი ფორმით მიაწოდა ისეთი ფაქტები, რომელთა ნამდვილობა და სანდოობა არ იყო გამყარებული შესაბამისი არგუმენტებით/წყაროებით. ასევე არ ჩანს, რომ ჟურნალისტი დაუკავშირდა “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს” მათ ბრალდებებზე/კითხვებზე პასუხების მისაღებად, რითაც ასევე უგულებელყო მკითხველისათვის დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება. ჟურნალისტმა პატივი არ სცა საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია. 
 
ქარტიის მე-11 პრინციპი “ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:  ფაქტის განზრახ დამახინჯება”  ქარტიის საბჭომ 2019 – 2020 წლებში განიხილა რამდენიმე განცხადება [საქმე ნომერი 344, 273 და 282], რომელიც ეხებოდა commersant.ge-ზე გამოქვეყნებულ კრიტიკულ სტატიებს “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” სამედიცინო დაწესებულებების მიმართ. ზემოაღნიშნულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებებით დადგინდა, რომ მედიასაშუალება ავრცელებდა არასწორ ინფორმაციას. ნაწყვეტები  გადაწყვეტილებებიდან: „შთაბეჭდილება რჩება, რომ ჟურნალისტი მკითხველს გადამოწმებულ ინფორმაციას კი არ აწვდის, არამედ საკუთარ ნეგატიურ შეფასებებს ავრცელებს დადასტურებული ფაქტების სახით და ცდილობს „ევექსის ჰოსპიტლებზე“ უარყოფითი განწყობების შექმნას“; „არც ერთი ფაქტი არ არის გადამოწმებული, არ არის მოყვანილი არც ერთი წყარო, რომელიც ჟურნალისტს მისცემდა იმის საფუძველს“; „ჟურნალისტი საკუთარ ნეგატიურ შეფასებებს ავრცელებს დადასტურებული ფაქტების სახით“.  განსახილველი საქმე საბჭოსათვის ცნობილი მე-4 სტატია/შემთხვევაა დროის მოკლე პერიოდში, როცა commersant.ge “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფზე” ავრცელებს გადაუმოწმებელ, ნეგატიური შინაარსის და მადისკრედიტირებელ ინფორმაციას, რაც საბჭოს აძლევს საფუძველს დაასკვნას, რომ commersant.ge-ს მიერ არაზუსტი/გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელება ატარებს კამპანიურ და განგრძობად ხასიათს. ქარტიის საბჭომ არა ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ არასწორი ინფორმაციის პერმანენტულად გავრცელება ერთი მედიასაშუალების მიერ კონკრეტულ სუბიექტზე მიანიშნებს განზრახვაზე და შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში დაირღვა მე-11 პრინციპი.

 
სარეზოლუციო ნაწილი

 
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
 
1. commersant.ge-ის არადეინტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპი.