გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - პარვუს ჯგუფი, სულხან ზუმბურიძე ინა ცარციძის წინააღმდეგ
24.02.2021

განმცხადებელი : პარვუს ჯგუფი სულხან ზუმბურიძე;
მოპასუხე : ინა ცარციძე;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
 
09 იანვარი 2021 წელი 
 
საქმე N - 421, 423
 
 
საბჭოს თავმჯდომარე: კამილა მამედოვა
 
საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, სოფო ჟღენტი, ნანა ბიგანიშვილი, ნინო ჯაფიაშვილი, ირმა ზოიძე, გულო კოხოძე.
 
 
აღწერილობითი ნაწილი

 
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებებით მომართეს შპს პარვუს ჯგუფმა [განცხადება N 421] და სულხან ზუმბურიძემ [განცხადება N 423]. განცხადებების თანახმად, ქარტიის პირველი, მე-3 და მე-11 პრინციპები დაირღვა 2020 წლის 12 აგვისტოს, ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტში "ბრძანება ნომერი 1304 - გურიის ინტერნეტიზაცია". მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა სიუჟეტის ავტორი - ინა ცარციძე. 
 
საქმის განხილვაში მონაწილეობდა განმცხადებლების წარმომადგენელი, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტს სხდომაში მონაწილება არ მიუღია და არც შეპასუხება წარმოუდგენია. 

საქმის განხილვის თავისებურებები 
 
საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იყო აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.


სამოტივაციო ნაწილი 

 
ქარტიის პირველი პრინციპი:  “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.
 
სიუჟეტში ძირითადად გამოიკვეთა შემდეგი სადავო ეპიზოდები:  მთავრობამ, კერძოდ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულმა ააიპ „ოფენ ნეტმა“ 10-მილიონიანი მომსახურება [გურიაში ფართოზოლოვანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი  ინფრასტრუქტურის მოწყობა] ტენდერის გარეშე [უკონკურენტოდ] დაუკვეთა კომპანია „პარვუს ჯგუფს“, რომლის დირექტორი და თანამფლობელია სულხან ზუმბურიძე. ჟურნალისტი სვამს კითხვას თუ რატომ იყო კომპანია უკონკურენტო და ამ კითხვით სულხან ზუმბურიძეს მიმართავს, რესპონდენტმა კითხვები უპასუხოდ დატოვა. სულხან ზუმბურიძე წლების განმავლობაში სახელმწიფო ელექტროსისტემის ხელმძღვანელი იყო. ჟურნალისტის თქმით, მისი ხელმძღვანელობის დროს ამ კომპანიამ მილიონობით ლარი იზარალა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სულხან ზუმბურიძე კორუფციაში ამხილა. ჟურნალისტი რამდენჯერმე ხაზს უსვამს რომ სულხან ზუმბურიძე კორუფციაშია მხილებული.
 
საბჭომ მიიჩნევს რომ ჟურნალისტმა არ მიმართა სათანადო ძალისხმევას ინფორმაციის გადასამოწმებლად, მაგალითად: ჟურნალისტი კითხვას სვამდა, თუ რატომ გაფორმდა ხელშეკრულება „პარვუს ჯგუფთან“ ტენდერის გარეშე და ხომ არ იყო ეს კორუფციული გარიგება. ამ გარემოებაზე ყურადღებას ამახვილებდნენ რესპონდენტებიც და ხაზს  უსვამდნენ, რომ „პარვუს ჯგუფს“ ხელისუფლებასთან ჰქონდა კავშირი. ამ ბრალდებების ფონზე მნიშვნელოვანი იყო მეორე მხარის პოზიცია.  როგორც სიუჟეტიდან ჩანს, ჟურნალისტმა ამ კითხვით მიმართა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და თავად სულხან ზუმბურიძეს. თავის მხრივ, საბჭო თვლის, რომ ეს არ იყო სათანადო ძალისხმევა, რომ მაყურებელს მიეღო მეორე მხარის პოზიცია. დადგენილია რომ სახელმწიფოს მხრიდან ხელშეკრულების მხარე იყო ააიპ „ოფენ ნეტი“. შესაბამისად, ჟურნალისტი ვალდებული იყო ააიპ „ოფენ ნეტისთვის“ ან ეკონომიკის სამინისტროსათვის მიემართა და მათგან მიეღო განმარტება ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. საქმეში „განათლების საერთაშორისო ცენტრი აკაკი გოგიჩაიშვილის წინააღმდეგ (2018 წელი)“ საბჭომ იმსჯელა წყაროს რელევანტურობის საკითხზე, სადაც აღნიშნა რომ „მეორე მხარისათვის მიმართვა“ ავტომატურად არ ნიშნავს ჟურნალისტის მცდელობას, რომ დაიცვას ბალანსი, არამედ მნიშვნელოვანია რამდენად რელევანტურია მიმართვის სუბიექტი. როდესაც არსებობს კონკრეტული პასუხისმგებელი პირი [„ოფენ ნეტისთვის“/ეკონომიკის სამინისტრო] და ამ დროს ჟურნალისტი პრემიერ მინისტრს მიმართავს კითხვით [მით უფრო მაშინ, როცა პრემიერ-მინისტრი აბსოლუტურად სხვა თემაზე მართავდა შეხვედრას და შეიძლება არც ფლობდა ინფორმაციას საკითხზე], ეს არ ნიშნავს, რომ ჟურნალისტი რელევანტურ პირს დაუკავშირდა კომენტარისათვის. ეთიკური ჟურნალისტიკისათვის სავალდებულო იყო, რომ მაყურებელს სცოდნოდა სახელმწიფოს არგუმენტები, რატომ მიიღო გადაწყვეტილება „პარვუს ჯგუფის“ სასარგებლოდ.
 
ქარტიის მე-3 პრინციპი: “ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია”. განსახილველ შემთხვევაში სახეზეა წყაროები - ხელშეკრულება და აუდიტის დასკვნა, შესაბამისად მე-3 პრინციპის დარღვევა არ დადგინდა. 
 
ქარტიის მე-11 პრინციპი: “ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:  ფაქტის განზრახ დამახინჯება” ქარტიის საბჭოს შეფასებით, ამ შემთხვევაში განზრახვას ადგილი არ ჰქონია.  როგორც სიუჟეტიდან ჩანდა, ჟურნალისტმა მეორე მხარის პოზიციის მოპოვება სცადა მაგრამ მაგრამ არა სათანადო ძალისხმევით. ასევე განმცხადებლის მიერ არ იყო წარმოდგენილი მოტივი, თუ რატომ შეიძლება ჰქონოდა ადგილი განზრახვას.
 
 
სარეზოლუციო ნაწილი

 
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
 
1. ინა ცარციძემ  დაარღვია ქარტიის 1-ლი პრინციპი.
2. ინა ცარციძეს არ დაურღვევია ქარტიის მე-3 და მე-11 პრინციპები.

 
საბჭოს წევრის ირმა ზოიძის განსხვავებული აზრი


საბჭოს წევრი, ირმა ზოიძე მიიჩნევს რომ ჟურნალისტის მხრიდან არასწორი ინფორმაციის გავრცელებას ადგილი არ ჰქონია, კერძოდ, ჟურნალისტს ჰქონდა ორი წყარო [ხელშეკრულება და აუდიტის დასკვნა] და ასევე ინფორმაციის გადამოწმება სცადა პრემიერ მინისტრთან, რომელიც, საბჭოს წევრის შეფასებით, რელევანტურ წყაროს წარმოადგენდა. საბჭო წევრი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ჟურნალისტმა კომენტარისათვის მიმართა სულხან ზუმბურიძესაც, კომპანია “პარვუს ჯგუფის” დირექტორს, შესაბამისად სახეზეა ჟურნალისტის მცდელობა ინფორმაციის გადასამოწმებლად.