გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - გიორგი ლომიძე მალხაზ რეხვიაშვილის წინააღმდეგ
27.04.2021

განმცხადებელი : გიორგი ლომიძე;
მოპასუხე : მალხაზ რეხვიაშვილი;
დარღვეული პრინციპები : არ დარღვეულა;


03 აპრილი 2021 წელი

საქმე N - 460

საბჭოს თავმჯდომარე:  კამილა მამედოვა

საბჭოს წევრები:  გულო კოხოძე, სოფო ჟღენტი, ზვიად ქორიძე, ნანა ბიგანიშვილი, ნინა ხელაძე. 


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა გიორგი ლომიძემ, რომელიც მიიჩნევდა რომ 2020 წლის 18 დეკემბერს, ვებ-საიტზე factcheck.ge გამოქვეყნებულ სტატიაში   „ყალბი ამბავი და სახიფათო მოწოდებები, წყალბადის ზეჟანგის COVID-19-ის, კიბოს და სხვა დაავადებების დროს სამკურნალო მიზნით გამოყენებასთან დაკავშირებით“, დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-3, მე-4 და მე-5 პრინციპები. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა  factcheck.ge-ს რედაქტორი მალხაზ რეხვიაშვილი.

საქმის განხილვის თავისებურებები

საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იყო აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“. 

საქმის განხილვაში მონაწილეობა მიიღო როგორც განმცხადებლის წარმომადგენელმა, ისე მოპასუხე ჟურნალისტმა. 


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად:  “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.

factcheck.ge, საიტზევე არსებული განმარტების თანახმად„მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებზე პოლიტიკოსებისა თუ სხვა საჯარო პერსონების მიერ გაკეთებულ განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის დადგენას. გარდა ამისა, ფაქტ-მეტრის მიზანს წარმოადგენს სოციალურ ქსელებში/სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელებული ყალბი ამბების გადამოწმება და საზოგადოებისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება“.

უშუალოდ სადავო სტატია ეხებოდა შემდეგ ამბავს:  სოციალურ ქსელ Facebook-ში გავრცელდა გიორგი ლომიძის ვიდეო-მიმართვა. მისი თქმით, წყალბადის ზეჟანგის (პერეკისის) გამოყენებით შესაძლებელი იყო COVID 19-ის დამარცხება 2 ან მაქსიმუმ 3 დღეში.  გიორგი ლომიძე მომხმარებელს ასევე აწვდიდა ინფორმაციას წყალბადის ზეჟანგის გამოყენების წესის და პროცედურების შესახებ. გარდა COVID-19-ისა, გიორგი ლომიძის განცხადებით წყალბადის ზეჟანგი სხვადასხვა დაავადების, მათ შორის ბე ჰეპატიტის, სამკურნალოდ გამოიყენება.

სადავო სტატიაში შეაფასეს ზემოაღნიშნული ვიდეო და მიუთითეს, რომ ინფორმაცია წყალბადის ზეჟანგის სამკურნალო თვისებების შესახებ იყო ყალბი. სტატიას თან ერთვოდა ფოტო გიორგი ლომიძის ვიდეო-მიმართვიდან, წარწერით „დეზინფორმაცია“.  ჟურნალისტური პროდუქტის თანახმად,  „წყალბადის ზეჟანგი (Hydrogen Peroxide) ანტისეპტიკური საშუალებაა, რომელიც მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის არის განკუთვნილი. ის კანის დაზიანებული უბნების დასამუშავებლად გამოიყენება. განსაკუთრებული მითითებაა, რომ წყალბადის ზეჟანგი ღრუების ირიგაციისათვის არ გამოიყენება“.

სწორედ ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით ჰქონდა პრეტენზიები განმცხადებელს: 

„ჟურნალისტი არ დაინტერესებულა, თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით საუბრობდა იგი [იგულისხმება გიორგი ლომიძე] საკუთარ ვიდეომიმართვაში წყალბადის ზეჟანგის სამკურნალო თვისებების შესახებ. მასთან კომუნიკაციის დამყარებისა და მოსაზრების გაგების მცდელობის გარეშე, მისი მსჯელობა იმთავითვე უარყოფითად შეაფასა. შესაბამისად, ჟურნალისტის მიზანი იყო არა სიმართლის დადგენა და საზოგადოებისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება, არამედ გიორგი ლომიძის დისკრედიტაცია და მის მიმართ ნდობის დაკნინება“. „უფრო კონკრეტულად კი - დაუკავშირდა თუ არა გიორგი ლომიძეს და სცადა თუ არა მისი პოზიციისა და მოსაზრების გაგება სტატიაში ასახულ ინფორმაციასთან მიმართებაში. ის გულგრილად მოეკიდა ჟურნალისტის აღნიშნულ მოვალეობას. მან გამოაქვეყნა გადაუმოწმებელი ინფორმაცია და შესაბამისად, უგულებელყო სიმართლე და საზოგადოების უფლება - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

საბჭოს მიზანი იყო შეეფასებინა: (1) რამდენად იყო ვალდებული ჟურნალისტი, რომ დამატებით დაკავშირებოდა ვიდეომიმართვის ავტორს სტატიის მომზადების პროცესში; (2) შეეძლო ეთქვა თუ არა, რომ გიორგი ლომიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იყო ყალბი/დეზინფორმაცია.

თავდაპირველად საბჭოს სურს, ყურადღება გაამახვილოს შემდეგ გარემოებაზე: როცა COVID-19 ვირუსით გამოწვეული პანდემია არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოსათვის მნიშვნელოვანი პრობლემაა, მნიშვნელოვანია მისი მკურნალობის შესახებ სწორი და გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელება. საბჭომ თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში  მითების დეტექტორის ლაბორატორია მაია იასეშვილის წინააღმდეგ აღნიშნა: „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია ვალდებულება, რომ ლიცენზირებული წამლის რეკლამირებისას აუცილებლად მითითებული უნდა იყოს: „გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს“. აღნიშნული ვალდებულებითაც ცალსახაა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ სამკურნალო პრეპარატის მიღება მოხდეს ყველა შესაძლო რისკის გათვალისწინებით“.

რესპონდენტთან დაკავშირების ვალდებულების შესაფასებლად პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვას: რა დამატებითი ინფორმაცია შეეძლო მიეღო ან გადაემოწმებინა გიორგი ლომიძესთან ჟურნალისტს? ამ საკითხზე უთითებს განმცხადებელიც: „ჟურნალისტი არ დაინტერესებულა, თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით საუბრობდა საკუთარ ვიდეო მიმართვაში“.  ასეთი ინფორმაცია შეიძლება ყოფილიყო სამეცნიერო მტკიცებულებები COVID-19-ის წინააღმდეგ წყალბადის ზეჟანგის გამოყენების შესახებ.  საბჭომ განიხილა თავად ვიდეოც, სადაც გიორგი ლომიძე საუბრობს წყალბადის ზეჟანგის სამკურნალო თვისებებზე, ყოველგვარ სამეცნიერო კვლევაზე თუ წყაროზე მითითების გარეშე. საბჭომ, საქმის განხილვის დროს განმცხადებლის წარმომადგენელს მისცა დამატებითი დრო რომ წარმოედგინა მტკიცებულებები [სანდო მეცნიერული სტატია, კვლევა ან სხვა მსგავსი], რომელსაც დაეყრდნო გიორგი ლომიძე თავის ვიდეომიმართვაში. ასეთი მტკიცებულებები მხარემ ვერ წარმოადგინა. შესაბამისად ცალსახაა რომ არ არსებობდა ობიექტურად ღირებული დამატებითი ინფორმაცია რომლის მიწოდება გიორგი ლომიძეს შეეძლოს ჟურნალისტისათვის. მეორეს მხრივ:

ჟურნალისტურ პროდუქტში სრულად არის მოცემული ის ინფორმაცია და არგუმენტები რომელსაც თავის ვიდეომიმართვაში ავრცელებს გიორგი ლომიძე [მაგალითად, მითითებულია ვიდეოს ჰიპერბმული და დაინტერესებულ პირს საშუალება ექნებოდა გასცნობოდა მას].

სტატიაში მოყვანილია რელევანტური წყაროები და ინტერვიუები [სამეცნიერო სტატიები, ინტერვიუები ექიმებთან]  რომლებიც უთითებენ რომ წყალბადის ზეჟანგს არ აქვს გიორგი ლომიძის მიერ მითითებული სამკურნალო თვისებები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, (1) საბჭომ ვერ გამოკვეთა გარემოება/ინფორმაცია, რომლის გადამოწმება გიორგი ლომიძესთან იყო საჭირო და ობიექტურად მნიშვნელოვანი იქნებოდა აუდიტორიისათვის, (2) ერთის მხრივ, ჟურნალისტს ჰქონდა სამეცნიერო არგუმენტაციას და მტკიცებულებებს მოკლებული ინფორმაცია წყალბადის ზეჟანგის სამკურნალო თვისებების შესახებ, ხოლო, მეორეს მხრივ, სამეცნიერო მტკიცებულებები, ასეთი სამკურნალო თვისებების არარსებობის შესახებ, შესაბამისად ჟურნალისტს შეეძლო რომ გიორგი ლომიძის ვიდეომიმართვა შეეფასებინა, როგორც ყალბი/დეზინფორმაცია. 

 

ქარტიის მე-3 პრინციპი:  “ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია”.  მე-3 პრინციპთან დაკავშირებით განმცხადებელმა იმავე არგუმენტებზე მიუთითა [არ გადამოწმდა ინფორმაცია წყაროსთან - გიორგი ლომიძესთან], რომელზეც აპელირებდა პირველი  პრინციპის ჭრილში. სხდომის მიმდინარეობისას, მას განემარტა რომ მე-3 პრინციპი არ არის თანხვედრაში პირველ პრინციპთან და სხვა ეთიკურ დარღვევას გულისხმობს. შესაბამისად, განსხვავებულ არგუმენტაციას საჭიროებს. მიუხედავად ამისა, განმცხადებელმა მისი მოთხოვნა მე-3 პრინციპთან დაკავშირებით ძალაში დატოვა. თავის მხრივ, საბჭო მე-3 პრინციპს დარღვეულად არ მიიჩნევს, ვინაიდან აღნიშნული პრინციპი გულისხმობს წყაროს საერთოდ არ არსებობს, განსახილველ შემთხვევაში კი წყარო (გიორგი ლომიძის ვიდეომიმართვა) სახეზეა. 

 

ქარტიის მე-4 პრინციპის თანახმად,  „ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს“.  მე-4 პრინციპს განმცხადებელი დარღვეულად თვლიდა ფოტოს ნაწილში. კერძოდ, როგორც აღინიშნა,  სტატიას თან ერთვოდა ფოტო გიორგი ლომიძის ვიდეომიმართვიდან, წარწერით „დეზინფორმაცია“. მე-4 პრინციპი გულისხმობს ინფორმაციის [მათ შორის ფოტოს] მოპოვების გზებს და საშუალებებს. დადგენილი ფაქტია, რომ ფოტოსურათი აღებულია გიორგი ლომიძის  საჯარო  ვიდეომიმართვიდან და იგი ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის, შესაბამისად, ფოტოს მოპოვების არაკეთილსინდისიერ ან არასამართლიან მეთოდებს ადგილი არ ჰქონია. 

 

მე-5 პრინციპი:  „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“  ვინაიდან არ დადგინდა არასწორი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება, შესაბამისად გამოირიცხა შესწორების ვალდებულებაც.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

მალხაზ რეხვიაშვილს არ დაურღვევია ქარტიის  1-ლი, მე-3, მე-4 და მე-5 პრინციპები.