გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ნათია აბრამიშვილი ანი ლიპარიშვილის წინააღმდეგ
14.05.2021

დარღვეული პრინციპები : 4 პრინციპი;
განმცხადებელი : ნათია აბრამიშვილი;
მოპასუხე : ანი ლიპარიშვილი;

6 მარტი 2021 წელი

საქმე N - 426

საბჭოს თავმჯდომარე: კამილა მამედოვა

საბჭოს წევრები: ნინა ხელაძე, ზვიად ქორიძე, სოფო ჟღენტი, ნანა ბიგანიშვილი, ნინო ჯაფიაშვილი


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ნათია აბრამიშვილმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2020 წლის 5 სექტემბერს, მედიასაშუალება "რეპორტიორის" მიერ გამოქვეყნებულ მასალაში დაირღვა  ქარტიის მე-4 და მე-10 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა მასალის ავტორი ანი ლიპარიშვილი. 

საქმის განხილვის თავისებურებები

საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იყო აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“. საქმის განხილვაში მონაწილეობდა მხოლოდ განმცხადებელი, ქარტიის საბჭოს სამდივნო ეცადა მოპასუხე მედია საშუალებასთან დაკავშირებას, თუმცა მათ წერილებსა და ზარებს არ უპასუხეს. 


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის მე-4 პრინციპის თანახმად, „ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს“. 

სადავო მასალა ეხებოდა ,,ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომელ ლევან აბრამიშვილს. რომელიც, სტატიის თანახმად, უფლებამოსილებას ბოროტად იყენებდა, ყალბ დოკუმენტაციას ამზადებდა და მოსახლეობისთვის გამოყოფილ თანხას ითვისებდა. სტატია შეიცავდა ფარულ ვიდეოჩანაწერსაც, კერძოდ ჟურნალისტი ესტუმრა ლევან აბრამიშვილს რეგისტრირებულ მისამართზე კომენტარის მისაღებად. სახლში იმყოფებოდა ლევან აბრამიშვილის შვილი, განმცხადებელი, ნათია აბრამიშვილი. რომელმაც ჟურნალისტს უთხრა რომ ის დამატებით ინფორმაციას არ ფლობს მისი მამის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. მთელი ეს პროცესი ჟურნალისტმა ფარულად ჩაწერა, ისე რომ ამის შესახებ რესპონდენტი არ იყო ინფორმირებული. სადავო ვიდეოდანაც დასტურდება, რომ გადაღება მიმდინარეობს ფარულად. აღსანიშნავია, რომ სადავო სტატიიდან, განცხადების განხილვის მომენტისათვის, წაშლილი იყო აღნიშნული ვიდეო ჩანაწერი, მაგრამ ვინაიდან დადასტურებული ფაქტია, რომ ფარულად გადაღებული კადრები გამოქვეყნდა, საბჭომ იმსჯელა მასზე. 

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა მე-4 პრინციპის დარღვევას.  ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, საბჭო აღნიშნავს, რომ ეს შეფასება არ უნდა იქნეს განმარტებული ისე, რომ ფარული ვიდეო/აუდიო ჩაწერა ჟურნალისტური საქმიანობის პროცესში დაუშვებელია, არამედ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გარემოებების შეფასების შედეგად მივიდა საბჭო ასეთ დასკვნამდე.

ცალსახაა რომ ფარული  ვიდეო/აუდიო ჩაწერა  უკიდურესი ზომაა, როცა ჟურნალისტი სხვაგვარად ვერ ახერხებს ჟურნალისტური პროდუქტისათვის ობიექტურად საჭირო/აუცილებელი ინფორმაციის მოპოვებას/აუდიტორიისათვის მიწოდებას, მას შეუძლია მიმართოს ამ ხერხს. მითითებულ მსჯელობაში სიმძიმე მოდის სიტყვებზე „ობიექტურად საჭირო და აუცილებელი“, სწორედ ეს წინაპირობები ამართლებენ ფარულ ვიდეო/აუდიო ჩაწერას.  განსახილველ შემთხვევაში, რესპონდენტის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არავითარ დამატებით ღირებულებას არ შეიცავდა აუდიტორიისათვის, ის რომ რესპონდენტი დამატებით ინფორმაციას არ ფლობს/კომენტარს არ აკეთებს, ფარული ვიდეო ჩანაწერის გამოქვეყნების გარეშეც შეეძლო ეთქვა ჟურნალისტს.  რა თქმა უნდა,  დასაშვებია, რომ როცა ფარული ვიდეოჩაწერა დაიწყო, ჟურნალისტი უშვებდა რომ მის ობიექტივში შეიძლება ისეთი ინფორმაცია/პირი მოხვედრილიყო, რომლის შესახებ/რომლის პოზიციაც საჭირო და აუცილებელია აუდიტორიისათვის გადამოწმებული ინფორმაციის მისაწოდებლად, ობიექტური საზოგადოებრივი ინტერესის დასაკმაყოფილებლად, მაგრამ როცა ჟურნალისტისათვის ცხადი შეიქნა რომ ფარული ჩანაწერით მას ასეთი ინფორმაცია არ მიუღია, მას უარი უნდა ეთქვა ჩანაწერის გამოქვეყნებაზე. ანუ ფარული ვიდეოჩაწერა  „არაკეთილსინდისიერ მეთოდად“ აქცია არა თავად ჩაწერის პროცესმა, არამედ მისმა შინაარსმა.

ქარტიის მე-10 პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი“. განმცხადებელი განმარტავდა, რომ ჟურნალისტი გაფრთხილების გარეშე პირდაპირ სახლში მივიდა მასთან და კერძო საკუთრებაში შესვლას ცდილობდა. ასევე, განმცხადებლის თქმით, ჟურნალისტმა საუბრის დასაწყისშივე არ წარუდგინა თავი და "დაკითხვის" ტონით ცდილობდა ინფორმაციის "დაცდენას". ვიდეომასალაში არ ჩანს ის, რომ ჟურნალისტი სახლში შესვლას ცდილობდა და განმცხადებელიც ვერ ამტკიცებს აღნიშნულს. მეორეს მხრივ, სტატიაში მითითებული ამბის მიმართ არსებობდა საზოგადოებრივი ინტერესი. ჟურნალისტი არა თუ უფლებამოსილი, არამედ ვალდებული იყო ბრალდებების ადრესატის პოზიცია მოეპოვებინა და ინფორმაციის მოპოვების მიზნით რესპონდენტთან სახლში ვიზიტი ამის ერთ-ერთი გზაა, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე  საბჭომ მე-10 პრინციპი დარღვეულად არ მიიჩნია.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1. ანი ლიპარიშვილმა დაარღვია ქარტიის მე-4 პრინციპი.

2. ანი ლიპარიშვილს არ დაურღვევია ქარტიის მე-10 პრინციპი. 

·       სადავო მასალა

·       განცხადება