გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - მედიის განვითარების ფონდი დიტო ჩუბინიძის წინააღმდეგ
14.05.2021

განმცხადებელი : მედიის განვითარების ფონდი;
მოპასუხე : დიტო ჩუბინიძე;
დარღვეული პრინციპები : 7 პრინციპი;

25 მარტი 2021 წელი

საქმე N - 469

საბჭოს თავმჯდომარე: კამილა მამედოვა

საბჭოს წევრები: გულო კოხოძე, ზვიად ქორიძე, ირმა ზოიძე, ნანა ბიგანიშვილი, ნინა ხელაძე, სოფო ჟღენტი


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა  მედიის განვითარების ფონდმა, რომელიც მიიჩნევდა რომ გაზეთ „ასავალ-დასავლის“ 2021 წლის 8-14 თებერვლის გამოცემაში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით  „რატომ არ აბრუნებს აზერბაიჯანი დავითგარეჯს?“, დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა სტატიის ავტორი დიტო ჩუბინიძე.   

საქმის განხილვის თავისებურებები

საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო გამოკითხვის გზით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.

ქარტიის საბჭოს საქმის წარმოების წესის 4.4 პუნქტის თანახმად „გამონაკლის შემთხვევებში, თუ საბჭო თვლის რომ წარმოდგენილი განცხადება და სადავო ჟურნალისტური პროდუქტი საკმარისია გადაწყვეტილების მისაღებად, შესაძლებელია გადაწყვეტილება მიღებული იქნას მხარეთა მონაწილეობის გარეშე, მათ შორის მხარეთაგან დამატებითი ინფორმაციის/განმარტების გამოთხოვის გარეშე“.   განცხადება საბჭომ განიხილა აღნიშნული გამონაკლისის ფარგლებში, ვინაიდან მიიჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადება და სადავო ჟურნალისტური პროდუქტი საკმარისი იყო გადაწყვეტილების მისაღებად.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის მე-7 პრინციპის თანახმად, “ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.

სტატია ეხებოდა დავითგარეჯთან დაკავშირებულ ტერიტორიული დავის საკითხს საქართველოს და აზერბაიჯანის სახელმწიფოებს შორის. სტატიაში გამოყენებული ლექსიკა ეთნიკური აზერბაიჯანელების მიმართ იყო მკვეთრად ნეგატიური და შეურაცხმყოფელი. ერთის მხრივ, აზერბაიჯანის მოსახლეობას და, ზოგადად, მუსლიმ ადამიანებს ჟურნალისტი მოიხსენიებს, როგორც „თათარი“, ხოლო, მეორეს მხრივ, წერს რომ „უხსოვარი დროიდან ქართველი კაცი "თათარში" გულისხმობდა ყველა იმ დამპყრობელსა და უცხო თესლს, რომელიც არ იყო მართლმადიდებელი ქრისტიანი, ატარებდა ჩალმას და აღიარებდა მაჰმადის რჯულს.“  ჟურნალისტი სიტყვა “თათარს” აძლევს უარყოფით კონოტაციას და ამ ტერმინით აღნიშნავს ეთნიკურად აზერბაიჯანელ პირებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს.  ეთნიკურად არაქართველი, არამართლმადიდებელი ადამინების მიმართ დისკრედიტაცია კიდევ გხვდება სტატიაში, მათ შორის: “აი, ასეთ სიტუაციაში თათრები ანუ აზერბაიჯანელი მწყემსები, რომლებიც, ფაქტობრივად, შეიარაღებულ ბანდას წარმოადგენენ და აშკარად აზერბაიჯანის ხელისუფლების წაქეზებით მოქმედებენ, თავს ესხმიან დავითგარეჯს და უმოწყალოდ ძარცვავენ და იკლებენ მას…“

ქარტიის საბჭომ არაერთ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ დისკრედიტაცია, თუ ის მიემართება კონკრეტული ნიშნით განსხვავებულ ადამიანთა ჯგუფს, შესაძლებელია შეფასებული იქნას როგორც სიძულვილის ენა, თავის მხრივ მე-7 პრინციპი ფარავს და მოიცავს იმ ეთიკურ მოთხოვნას, რომ მიუღებელია ჟურნალისტის მიერ სიძულვილის ენის გამოყენება. დამატებით, მუსლიმი პირების ბანდებად, მტრებად, დამპყრობლებად განსაზღვრა ხელს უწყობს ეთნიკური დაპირისპირების, ისლამოფობიის გაღვივებას.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1.       დიტო ჩუბინიძემ დაარღვია ქარტიის მე-7  პრინციპი.

 

·       სადავო მასალა

·       განცხადება