გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - მარინა ბრეგვაძე მიხეილ სესიაშვილის და ქეთა ციცქიშვილის წინააღმდეგ
14.05.2021

განმცხადებელი : მარინა ბრეგვაძე;
მოპასუხე : მიხეილ სესიაშვილი და ქეთა ციცქიშვილი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი;

03 აპრილი 2021 წელი

საქმე N - 425

საბჭოს თავმჯდომარე: კამილა მამედოვა

საბჭოს წევრები: გულო კოხოძე, სოფო ჟღენტი, ზვიად ქორიძე, ნანა ბიგანიშვილი, ნინა ხელაძე


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა  მარინა ბრეგვაძემ, რომელიც მიიჩნევდა რომ ტელეკომპანია “მთავარმა არხმა” დაარღვია ქარტიის პირველი, მე-5 და მე-7 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტები - მიხეილ სესიაშვილი და ქეთი ციცქიშვილი.   

საქმის განხილვის თავისებურებები

საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იყო აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“. საქმის განხილვაში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ განმცხადებელმა.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად, “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.

სადავო სიუჟეტი ეხებოდა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ გარემოებებს, კერძოდ ამ საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, იაკობ ბრეგვაძის ქმედებებს ტრაგედიის ღამეს. სიუჟეტში ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ: „19 ივნისის ღამეს, ყველაზე კრიტიკულ მომენტში, როდესაც იწყება დევნა, საქმის ერთ-ერთი საკვანძო მოწმე, ფოტოგრაფი, არ რეკავს 112-ში [იგულისხმება იაკობ ბრეგვაძის მიერ 2020 წლის 19 ივნისს, 00:50:13 საათზე განხორციელებული ზარი], რასაც დღემდე ამტკიცებენ ისიც და პოლიციაც, არამედ ის რეკავს სადღაც სხვაგან, სავარაუდოდ ახლობელთან და საუბრობს 91 წამი, ანუ წუთნახევარი, კონკრეტულად ვისთან, არავინ იცის, რადგან ნომერი და ანძის კოორდინატები დეტალურ ამონაწერში არ იძებნება, ვინ შეიძლება იყოს ეს ადამიანი, რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს მას ამ საქმეში, შეეძლო თუ არა მას ზეგავლენა მოეხდინა ძიებაზე და ზოგადად საქმის მიმდინარეობაზე, ეს არის მთავარი კითხვა, რომლითაც გამოძიება, რატომღაც უკვე მესამე კვირაა არ ინტერესდება“.  თავად სიუჟეტში შემდეგ ვითარდება მოსაზრება, რომ 91-წამიანი „უცნობი ადრესატი“ შეიძლება იყოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი ნინო გიორგობიანი, ანუ ჟურნალისტები მტკიცებით ფორმაში არ უთითებენ, რომ 91-წამიანი ზარი განხორციელდა ნინო გიორგობიანთან, მაგრამ მტკიცებით ფორმაში გადმოსცემენ, რომ ეს ზარი არ იყო 112-ში, რომ იაკობ ბრეგვაძეს დახმარებისათვის არ დაურეკავს და ის უკავშირდება „უცხო ნომერს“ .

განმცხადებელმა წარმოადგინა მტკიცებულებები, კერძოდ:

  1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - “საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ - 112“-ის 11 სექტემბრის წერილი, რომლის თანახმად იაკობ ბრეგვაძის მფლობელობაში არსებული ტელეფონის ნომრიდან, 19 ივნისს, 00:50:18 საათზე ის დაუკავშირდა 112-ს.
  2. ამონაწერი იაკობ ბრეგვაძის მფლობელობაში არსებული ტელეფონის აქტივობის შესახებ, რომელშიც, 00:50:13-ზე განხორციელებულ 91-წამიან ზართან დაკავშირებით მართლაც არ წერია ადრესატი ნომერი, მაგრამ აღწერაში მითითებულია, რომ ეს იყო „emergency calls” [დახმარების ზარები], აღსანიშნავია, რომ ზუსტად ამგვარი აღწერა [„emergency calls”] აქვს იაკობ ბრეგვაძის მიერ 111-ში განხორციელებულ ზარსაც.  განმარტება: განმცხადებლის ინფორმაციით, თავდაპირველად იაკობ ბრეგვაძემ 00:49:52-ზე დარეკა 111-ში  [რაც დასტურდება წარმოდგენილი ამონაწერით], ხოლო შემდეგ უკვე 112-ში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ ჟურნალისტს არ ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები, დადასტურებული ინფორმაციის სახით მაყურებლისათვის მიეწოდებინა ინფორმაცია, რომ იაკობ ბრეგვაძეს არ დაურეკავს 112-ში.

ქარტიის მე-5 პრინციპი, „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“. ქარტიის საბჭოს სამდივნოს მეშვეობით მოპასუხე ჟურნალისტებისათვის ცნობილი იყო განმცხადებლის არგუმენტაცია და მტკიცებულებები, რომ მათ მიერ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჟურნალისტების მხრიდან რეაგირებას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად დაირღვა ქარტიის მე-5 პრინციპი.

მე-7 პრინციპი „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“. არც განცხადებაში, და არც სხდომის მიმდინარეობისას არ იყო წარმოდგენილი არგუმენტები, თუ რაში გამოიხატებოდა დისკრიმინაცია სადავო სიუჟეტში, ან იყო თუ არა გამოყენებული სტიგმა, სიძულვილის ენა. თავის მხრივ საბჭომაც ვერ გამოკვეთა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში მე-7 პრინციპის დარღვევის დამადასტურებელი გარემოებები.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. მიხეილ სესიაშვილმა და ქეთა ციცქიშვილმა დაარღვიეს ქარტიის პირველი და მე-5   პრინციპი.
  2. მიხეილ სესიაშვილს და ქეთა ციცქიშვილს არ დაურღვევიათ ქარტიის მე-7 პრინციპი.