გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ნათია ფურცხვანიძე TV მთავარის და TV პირველის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტების წინააღმდეგ
14.05.2021

განმცხადებელი : ნათია ფურცხვანიძე;
მოპასუხე : TV მთავარის და TV პირველის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტები;
დარღვეული პრინციპები : 10 პრინციპი;

08 აპრილი 2021 წელი

საქმე N – 473, 474

საბჭოს თავმჯდომარე: კამილა მამედოვა

საბჭოს წევრები: გულო კოხოძე, სოფო ჟღენტი, ზვიად ქორიძე, ნანა ბიგანიშვილი, ნინა ხელაძე, ირმა ზოიძე.


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ნათია ფურცხვანიძემ, რომელიც მიიჩნევდა რომ 2020 წლის 20 მარტს, TV მთავარის და TV პირველის ეთერში გასული ვიდეო კადრებით დაირღვა ქარტიის მე-10 პრინციპი. ვინაიდან ორივე სადავო მასალა ერთი და იგივე მოვლენას ასახავდა, იყო იდენტური შინაარსის, ორივე ტელეკომპანიის ჭრილში მიღებულია ერთი, შემაჯამებელი გადაწყვეტილება. ამასთან, ვერ მოხდა კონკრეტული ავტორი/პასუხისმგებელი ჟურნალისტების იდენტიფიცირება და  საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საქმის წარმოების წესის თანახმად [3.4]  „თუ შეუძლებელია პასუხისმგებელი პირის მოძიება, ეს არ აფერხებს განცხადების განხილვას და ქარტიის გადაწყვეტილებაში მოპასუხედ მიეთითება არაიდენტიფიცირებული ავტორი/ჟურნალისტი“.

საქმის განხილვის თავისებურებები

საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო გამოკითხვის გზით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“

ქარტიის საბჭოს საქმის წარმოების წესის 4.4 პუნქტის თანახმად „გამონაკლის შემთხვევებში, თუ საბჭო თვლის რომ წარმოდგენილი განცხადება და სადავო ჟურნალისტური პროდუქტი საკმარისია გადაწყვეტილების მისაღებად, შესაძლებელია გადაწყვეტილება მიღებული იქნას მხარეთა მონაწილეობის გარეშე, მათ შორის მხარეთაგან დამატებითი ინფორმაციის/განმარტების გამოთხოვის გარეშე“. განცხადება საბჭოს მიერ განხილული იქნა აღნიშნული გამონაკლისის ფარგლებში, ვინაიდან ჩათვალა  რომ წარმოდგენილი განცხადება და სადავო ჟურნალისტური პროდუქტი საკმარისი იყო გადაწყვეტილების მისაღებად.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის მეათე პრინციპის თანახმად: “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი”. 

ექთანი მეგი ბაქრაძე, მას შემდეგ რაც ის 2021 წლის 18 მარტს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა, მალევე გარდაიცვალა. ამ ფაქტს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრები ბრალს დებდნენ სამედიცინო დაწესებულების [ახალციხე, კლინიკა „იმედი“] თანამშრომლებს, რომ მეგი ბაქრაძის გარდაცვალება მათი უყურადღებობის შედეგი იყო. სადავო ვიდეო კადრები სწორად ერთ - ერთ ასეთ დაპირისპირებას ასახავს, როდესაც მეგი ბაქრაძის ემოციურად აღელვებულ მდგომარეობაში მყოფი ქმარი, უპირისპირდება კლინიკის ერთ - ერთ თანამშრომელს და მას ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს,  საბოლოოდ ეს ინციდენტი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების ჩარევის შედეგად განიმუხტა.

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ აღნიშნული ვიდეო კადრების მიმართ არ არსებობდა ობიექტური საზოგადოებრივი ინტერესი და ვინაიდან ისინი სხვა პირების პირად ცხოვრებას, ემოციებს და ქმედებებს ასახავდა, ამით დაირღვა ქარტიის მე-10 პრინციპი.

ქარტიის მიერ შემუშავებული „პირადი ცხოვრების გაშუქება - სახელმძღვანელო წესების“ თანახმად,  „აუცილებელია ბალანსის დაცვა საჯარო ინტერესსა და უბედურ შემთხვევებში მონაწილე პირთა პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებას შორის. დაშავებულთა, ტანჯვასა და შოკში მყოფ ადამიანთა ახლო ხედით ჩვენება გამართლებულია მაშინ, თუკი ეს წარმოაჩენს მომხდარის მასშტაბს, საჭიროა კონტექსტის საჩვენებლად და ინფორმაციის სრულად გადმოსაცემად“. როგორც თავად პრინციპის ტექსტშია მითითებული, პირადი ცხოვრებაში შეჭრა მხოლოდ განსაკუთრებულმა საზოგადოებრივმა ინტერესმა შეიძლება გაამართლოს.

თავის მხრივ, საზოგადოებრივი ინტერესი შეფასების საგანია. „ინტერესი“ არ ნიშნავს რომელიმე პირის სუბიექტურ სურვილს, რომ იხილოს სხვა პირის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა, არამედ ობიექტურად უნდა დადგინდეს, რამდენად იყო საზოგადოებისათვის აუცილებელი ამ კადრების ნახვა, რათა მიეღო ისეთი დამატებითი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელი იყო გასაშუქებელ ამბავზე მეტი ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაციის მისაღებად.  ობიექტური ინტერესის შესაფასებლად მინიმუმ შემდეგ კითხვებზე უნდა ხდებოდეს პასუხის გაცემა:

        რას და ვის ამხელს ეს მასალა ? 

        რამდენად შეუწყობს ხელს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი დისკუსიის წამოწყებას?

        ამ დეტალების გარეშე შეიძლება თუ არა პრობლემის სრულყოფილად წარმოჩენა? რა დამატებით ინფორმაციას იძლევა მასალა?

        რა ზიანს მიიღებს პირი მისი პირადი ინფორმაციის გამოქვეყნებით?

გარდაცვლილი მედდის მეუღლის ემოციური დაპირისპირება კლინიკის თანამშრომელთან არ ატარებდა არავითარ ობიექტურ ინფორმაციულ დატვირთვას, არ აწვდიდა აუდიტორიას დამატებით, ღირებულ შინაარსს, ამ დაპირისპირებაში ნაჩვენები ქმედებები ან გაჟღერებული ინფორმაცია არ იყო ისეთი შინაარსის, რომელიც მაყურებელს მისცემდა საშულებას დამატებით გაეგო თუ რამ გამოიწვია მედდის გარდაცვალება ან როგორ ხდებოდა ფაქტის გამოძიება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ გავრცელებული კადრების მიმართ არ არსებობდა ობიექტური, განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი და გაუმართლებლად მოხდა სხვა პირების პირადი ცხოვრების ხელყოფა. 

შედარებისათვის აღსანიშნავია, ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილება საქმეზე  სალომე ბელქანია ნოდარ მელაძის წინააღმდეგ, სადაც ასევე ნაჩვენები იყო პირადი ცხოვრების დეტალები [პირადი ტრაგედიის ამსახველი კადრები], მაგრამ არ დადგინდა ქარტიის მე-10 პრინციპის დარღვევა, ვინაიდან „მოვლენის მნიშვნელობამ“, „მონაწილე პირებმა“ „მგლოვიარე პირის მოწოდებებმა“ ვიდეო კადრებს შესძინა ობიექტური საზოგადოებრივი ინტერესი და ამით გამართლდა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-მასალის გამოქვეყნება.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. TV მთავარის და TV პირველის არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტებმა დაარღვიეს ქარტიის მე-10 პრინციპი.